უაზრო პრივატიზაციის შედეგები

0
35
უაზრო პრივატიზაციის შედეგები

ეკონომიკის სამინისტროს შენობის გაყიდვა-ახლის აშენებით სახელმწიფომ 5 მილიონი დოლარი იზარალა და ობიექტზე ინვესტიცია ჯერაც არ განხორციელებულა

2015 წლის 26 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონის პრინციპით ფიზიკურმა პირმა თამარ მაზიაშვილმა შეიძინა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მაზიაშვილი ჩინური ფირმა „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენელია. კომპანიამ ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

2016 წლის 1 აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ იქირავა. ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენდა 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ჯამში ეკონომიკის სამინისტროს შენობის დაქირავება 2016 წელს 675 000 დოლარი დაუჯდა. შენობა უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ შენობაში ინტერნეტის ქსელის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ 33 600 ლარს დახარჯა. რაც შეეხება 2017 წელს, ეკონომიკის სამინისტრომ შენობის ქირაში 900 000 დოლარი დახარჯა, რომელსაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალსაც თუ დავამატებთ (2018 წლის აპრილიდან იგეგმება სამინისტრო იუსტიციის სახლში, ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს ტერიტორიაზე გადავიდა), გამოვა რომ 2016-2018 წლებში ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ქირაში 1,8 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.

მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა მის ხელთ არსებულ ქონებას, რომელიც ქალაქის ცენტრში მდგებარეობს კერძო ინვესტორზე ყიდის, ხოლო თვითონ ქალაქგარეთ სხვა უფრო იაფფასიან შენობაში გადადის. ეს შეიძლება იყოს, როგორც ახალი კორპუსის აშენება, ისე სახელმწიფო ქონებაში არსებული ძველი შენობის გარემონტება. ამ ნაბიჯს ქვეყნების ხარჯების ეფექტიანობიდან გამომდინარე დგამენ. თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევას არაფერი აქვს საერთო ხარჯების ეფექტიანობასთან.

სახელმწიფო ბიუჯეტმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობის გაყიდვიდან 9,45 მლნ. დოლარი მიიღო. თუმცა, ახალ ადგილზე გადასვლიდან დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ქირის სახით ორ მილიონ დოლარამდე აქვს გადახდილი, რაც მისი ყოფილი შენობის გაყიდვიდან მიღებული თანხის 19%-ია. ამასთან, 2018 წლის ბიუჯეტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი შენობის ასაშენებლად 30 მილიონი ლარია განსაზღვრული. თუნდაც თუ აშშ დოლარის და ლარის დღევანდელ კურსს ავიღებთ (1$=2.46) გამოდის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა 12,19 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს, ხოლო მისი ძველი შენობის გაყიდვიდან ბიუჯეტმა მხოლოდ 9,45 მლნ. აშშ დოლარი მიიღო, რასაც წელიწადნახევრის მანძილზე ქირაში გადახდილი 1,8 მლნ. დოლარი, რომ გამოვაკლოთ 7,65 მლნ. დოლარი დარჩება.

შედეგად, ეკონომიკის ყოფილი და მოქმედი მინისტრების „სწორი“ დაგეგმვისა და პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა სამინისტროს შენობის გაყიდვა-ახალის აშენებით თითქმის 5 მილიონი დოლარი იზარალა.
ამის პარალელურად, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა. ობიექტის პრივატიზებიდან კი უკვე 2 წელზე მეტი გავიდა. „ჰუალინგ ჯგუფში“ სამუშაოს დაწყების ვადას არ აკონკრეტებენ. ამ ეტაპისთვის, თბილისის მერიასთან ინვესტორმა მხოლოდ წინასწარი ესკიზი შეათანხმა, რომელიც პირველმა არხმა მოიპოვა. პროექტის მიხედვით, ინვესტორი არსებული შენობის გაფართოებას გეგმავს. თუმცა, კომპანიას ჯერ დეტალური პროექტი მერიასთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, არც სამშენებლო ნებართვა მიუღია.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ჰუალინგ ჯგუფს“ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადა 2019 წლის 20 აპრილამდე აქვს. ამ ვადაში კომპანიამ არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმრო უნდა აამოქმედოს. თუ საინვესტიციო ვალდებულება არ შესრულდება და დიდი შანსია, რომ ასეც მოხდეს, წესით კომპანია უნდა დაჯარიმდეს, მაგრამ ქართულ პრაქტიკას თუ გადავხედავთ მსხვილი ბიზნესები ძალიან იშიათად ხდებიან მსგავსი საურავების მსხვერპლი.

როგორც წესი მთავრობას საინვესტიციო ვალდებულებებში შესწორებები შეაქვს და ზოგჯერ მილიონებად ღირებული სახელმწიფო ქონება ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასში რჩებათ ბიზნესებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ეკონომიკის სამინისტროს შენობაში 20 აპრილამდე 100 ნომრიანი სასტუმროს ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად დრო გვიჩვენებს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მთავრობა ჯარიმებს დაუწესებს უმსხვილეს ჩინურ ბიზნეს ჯგუფს, თუ კიდევ ერთი ფაქტი გვექნება როგორ შერჩება სახელმწიფო ქონება ინვესტორს წინასწარ შეთანხმებული პირობების დარღვევის მიუხედავად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის ამბავი ნათელი მაგალითია საქართველოს არასწორი საპრივატიზაციო პოლიტიკის, რომლის განსაზღვრაც ყოველგვარი სტრატეგიისა თუ წინასწარ გათვლების გარეშე ხდება. შედეგად ვიღებთ სიტუაციას, როდესაც წესით სახელმწიფო უწყებას სახელმწიფო ფინანსები უნდა დაეზოგა ქალაქის ცენტრში არსებული შენობის გაყიდვით და უფრო იაფის აშენებით, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სურათი მივიღეთ.

 

ავტორი: მერაბ ჯანიაშვილი