განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

0
15
განათლების სისტემის ხარვეზები უმუშევრობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

არ არსებობს ქვეყანაში სტრუქტურა, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენი დიპლომიანი ადამიანია დღეს ქვეყანაში, სამაგიეროდ  სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, რომ  2018 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობა საქართველოში 0.1%-ით გაიზარდა და 14%-ს შეადგენს. ანუ საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 1,706 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1,666 მილიონამდე შემცირდა. აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

უმუშევართა და თვითდასაქმებულთა შორის არიან უმაღლეს დამთავრებული, დიპლომიანი ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არც თუ უსაფუძვლოდ პრეტენზიებს უყენებენ სახელმწიფოს მათი განათლების და პოტენციალის გამოუყენებლობის გამო. ახსნა ამ პრობლემის, რა თქმა უნდა, მრავალმხრივი შეიძლება იყოს, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი, პროფესორი  ლევან ქისტაური მთავარ მიზეზად განათლების სისტემის ხარვეზებს ასახელებს, გამოსავალს კი   საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბიზნესს შორის მუდმივ კომუნიკაციაში ხედავს.

 „იმიტომ, რომ დღეს ბიზნეს და საგანმანათლებლო სისტემას არ აქვს მუდმივი თანამშრომლობა, ერთი მხრივ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტი ვერ საქმდება, რადგან ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს;  მეორე მხრივ კი – ბიზნესი მუდმივად ეძებს კვალიფიციურ კადრებს და ამბობს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში დიდი დეფიციტია. არადა ბიზნესი არის დამკვეთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, მათ ზუსტად იციან თუ როგორი თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების კადრები სჭირდებათ და, შესაბამისად, ისინი აქტიურად უნდა იყნენ ჩართულნი როგორც საგანმანათლებლო პროგრამების შედგენის, ასევე მათი განხორციელების პროცესში.  ამიტომ არსებული პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა, ჩატარდეს კვლევები, რომლის ფარგლებშიც გამოვკითხავთ კერძო სექტორსაც. შედეგად გვეცოდინება რა პროფესიის, როგორი და რამდენი  კადრი სჭირდება პოტენციურ დამსაქმებელს, რასაც თავის მხრივ კონკრეტული უნივერსიტეტი უკვე სასწავლო კურსის ფარგლებში დანერგავს და გაითვალისწინებს,“ – აღნიშნავს ლევან ქისტაური.

მისივე თქმით, მსგავსი პრაქტიკა არაერთ ცნობილ საერთაშორისო უნივერსიტეტშიადანერგილი და აუცილებელია ის სავალდებულო გახდეს ადგილობრივი განათლების სისტემისთვისაც.

„არა ერთი მაგალითია საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით, საიდანაც კარგად ვხედავთ, რომ ბაზარზე კადრების მოთხოვნა-მიწოდების სისტემა სწორად არის განვითარებული. აღნიშნული პრაქტიკა ჩვენი ინიციატივით უკვე ინერგება ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და კარგი იქნება თუ სხვა სასწავლო ცენტრებშიც დაინერგება.  წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად გვეყოლება ამდენი დაუსაქმებელი ახალგაზრდა და ბიზნესსაც თავის მხრივ განვითარებაში ხელი შეეშლება“,-  აცხადებს ლევან ქისტაური.

commersant.ge