ქადაგიძე ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს

0
10
ქადაგიძე ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს
ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი  ქვეყნის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭირო რეფორმებს ასახელებს

რეფორმების ჩამონათვალი გიორგი ქადაგიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“1. უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნები (და არა 2024 წლიდან) უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით მაჟორიტარების გარეშე. ეს, ისტორიად აქცევს საკონსტიტუციო უმრავლესობის პრაქტიკას, გადავალთ კოალიციური მართვის მოდელზე და რაც მთავარია პირველად საქართველოს ისტორიაში პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი სამართალდამცავი უწყებებიდან გადავა პარლამენტში.

2. გავაერთიანებდი საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს, თავიდან შევარჩევდი უზენაესი ინსტანციის 24 მოსამართლეს რომლებიც დაამკვიდრებდნენ სასამართლო ხელისუფლების რეალურად ახალ სტანდარტს თავისი თანმდევი რეფორმებით.

3. აუცილებელია ხელისუფლების რეალური დეცენტრალიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. რეგიონული ქალაქების განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის ზრდამ მოიცვას მოსახლეობის დიდი ნაწილი. არჩევითი მერების და გამგებლების გარდა, დროა რეგიონებს სამართავად დავუტოვოთ ფინანსური ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი და მივცეთ გაცილებით დიდი სამართლებრივი დისკრეცია. აღნიშნული გააცოცხლებს რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებას, გაჩნდება კონკურენცია რეგიონებს შორის, დასაქმებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ცხოვრების დონის ამაღლებაზე და ა.შ. ეს კი თავის მხრივ გააჩენს ახალ ლიდერებს რეგიონების დონეზე რომლებიც ადგილზე წარმატების შემთხევაში გადაინაცვლებენ ცენტრალურ ხელისუფლებაში (ესეც თქვენ ახალი სახეები).

4. მთავარი პროკურორის თანამდებობა გავხადოთ არჩევითი პირდაპირი წესით. აქ არის საფრთხეები მაგრამ ვფიქრობ ღირს მცდელობა.

5. სასკოლო რეფორმა უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. სწრაფი, ეფექტური და გააზრებული. ესტონური (ან სხვა) მოდელის ადაპტირებით და დანერგვით, მათ შორის იმ ხალხის მოწვევით ვინც ეს წარმატება დადო ესტონეთში.

პ.ს. კიდევ არის რამდენიმე კრიტიკული რეფორმა და იმასაც დავწერ ჩემი ფბ მეგობრებისთვის”, – წერს ქადაგიძე.