გაძვირდება თუ არა სამომხმარებლო სესხები?

0
34
გაძვირდება თუ არა სამომხმარებლო სესხები?

სამომხმარებლო სესხის ვადიანობა შესაძლოა შეიცვალოს. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტი სესხის გაცემის კრიტერიუმებს ადგენს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

კერძოდ, სებ-ის სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 4 წლის ვადით გაიცემა, მაშინ როცა დღეის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელი იყო.

რაც შეეხება იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, მათი მაქსიმალური ვადა შესაბამისად, 20 და 10 წელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი აქტის მხოლოდ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს, რომელიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, შეიძლება შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს დაექვემდებაროს.

Caucasus Business week-ი დაინტერესდა, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ეროვნულიბანკის ახალმა რეგულაციამ და ხომ არ გახდება ეს სესხების გაძვირების წინაპირობა?

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ეს რეგულაცია ზედმეტია და ეს არის შეზღუდვა, რომელსაც საბანკო სისტემა და მომხმარებლები მაინც აუვლიან გვერდს და მაინც იპოვიან გზას.

„გავიხსენოთ ლარიზაცია. 100 000 ლარამდე სესხის ლარში გაიცემის რეგულაციაზე გვერდის ავლას  კომერციული ბანკები შესანიშნავად ახერხებენ.  ესეთი შეზღუდვები არაფრის მომტანი არ არის“-აცხადებს თუთბერიძე.

კითხვაზე, რატომ  უნდა ეროვნულ ბანკს აღნიშნული რეგულაციის მიღება, თუთბერიძე განმარტავს, რომ ამით მარეგულირებელი ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ამით შესაძლოა ადამიანებს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა  შეუმსუბუქდებათ.

თუთბერიძის მტკიცებით, რაც მეტი რეგულაცია იქნება, მით მეტად გაიზრდება ტრანზაქციული ხარჯები და მომხმარებლებს საბანკო პროდუქტები გაუძვირდებათ. 

უფრო დამძიმდება მსესხებლების მდგომარეობა. იმის მაგივრად, რომ  რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები იყოს და მეტი ეკნოომიკური თავისუფლება იყოს, ახლა მემარცხენე პროცესებისკენ მივდივართ. ამ ცვლილების შედეგი იქნება ტრაზაქციული ხარჯების გაძვირება“-აცხადებს თუთბერიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, თუთბერიძე განმარტავს,რომ მსგავსი შეზღუდვები უცხოურ ბანკებში არ არსებობს. „იქ ყველა ბანკს თავისი საკუთარი, ინდივიდუალური პოლიტიკა გააჩნია. მას შეუძლია დააწესოს სამომხმარებლო სესხზე 1 წლიანი პერიოდი. იქ იპოთეკური სესხები 35-40 წლიან პერიოდზე  გაიცემა. საპროცვენტო განაკვეთები კი 2 პროცენტამდეა“-განმარტავს თუთბერიძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  პრეზიდენტის  შოთაგულბანის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ადეკვატურად შეფასებასთან დაკავშირებით, გარდაუვალი აუცილებლობით არის ნაკარნახევი.

მისი განცხადებით,  იმისათვის, რომ მოსახლეობაში ე.წ. ვალაუვალობამ კიდევ უფრო მძიმე ფორმები არ მიიღოს, რაც სესხის გამცემი ორგანიზაციების მხრიდან არის მეტწილად სტიმულირებული, ხოლო იმის გამო, რომ არსებობს ფულზე მოთხოვნილება და არა მოთხოვნა, ხშირად მსესხებელი იძულებულია დათანხმდეს კაბალურ პირობებს, ამიტომ გარკვეული ლიმიტების დაწესება აუცილებელია.

„ ამ რეგულაციების ერთი ნაწილი სესხების ვადებს შეეხება, რომლის მიხედვითაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალურ ვადად 10 წელი განისაზღვრა, ხოლო სხვა დანარჩენი სესხებისთვის 4 წელი. ცხადია სესხის ვადა ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია მასზე არსებული საპროცენტო განაკვეთის, რაც უფრო გრძელვადიან პერიოდზე დაგეგმავ სესხის დაბრუნებას, საერთო ჯამში მითუ უფრო მეტის დაბრუნება მოგიწევს ნანკისთვის პროცენტის სახით, ხოლო თუ თანხა მოკლევადიან პერიოდში დაუბრუნებ საფინანსო ორგანიზაციას, პროცენტიც შედარებით ნაკლები გექნება გადასახდელი. შესაბამისად არ ვფიქრობ, რომ სამომხმარებლო სესხის, ან თუნდაც სხვა კატეგორიის სესხებზე ვადების შემცირება პროცენტს გააძვირებს.  შესაძლოა ცალკეულ შემთხვევებში პირიქით მოხდეს“-აცხადებს გულბანი