,,IT კომპანია „აი ნოუ”-ს უპირატესობა აუთსორსინგი და კლიენტზე მორგებული სერვისია”

0
135
,,IT კომპანია „აი ნოუ

,,დღესდღეობით აიტი მიმართულება საკმაოდ პოპულარულია საქართველოში ბევრი კომპანია თუ კერძო პირია დაკავებული ამ საქმიანობით”

კომპანია „აი ნოუ“ დაარსდა 2012 წელს, როგორც აიტი და პროგრამული უზრუნველყოფის საკონსულტაციო კომპანია. კომპანია ყოველწლიურად დინამიურ ზრდას განიცდის, პროექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე, თითქმის, ორმაგდება რაც სფეროსადმი აშკარა ინტერესს და საჭიროებას გამოხატავს ბაზარზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსებს“კომპანია „აი ნოუს“ დირექტორი ირაკლი გოგოლაძე ესაუბრა.

– რატომ გადაწყვიტეთ ამ კომპანიის შექმნა? რატომ მაინცდამაინც აიტი მიმართულება?

კომპანიის შექმნის იდეა ეტაპობრივად მოვიდა. ქვეყანაში სპეციალისტების მუდმივი დეფიციტია, ჩემს კარიერაში წარმოიშვა მომენტი, როდესაც ერთდროულად 4 კომპანიაში ვმუშაობდი და მსურველები კიდევ ჩნდებოდნენ. ბუნებრივია, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა ყველაფერი მოასწროს და სწორედ ამ დროს დამიდგა არჩევანი, წარმატებულ კარიერასა და ბიზნესს შორის. მე უბრალოდ დავინახე სიცარიელე აიტი მომსახურების ბაზარზე, რომლის შევსებაც შემეძლო, არ დაველოდე სანამ ვინმე დამასწრებდა და ჩემს მაგივრად განახორციელებდა ამ იდეას. არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რადგან საკმაოდ კარგ ანაზღაურებიანი სამსახურების დატოვება მომიწია, იმისთვის რომ იდეა ბიზნესად მექცია!

– რითი განსხვავდებით სხვა კომპანიებისგან?

ყველაფრით, იმდენადვე განსხვავებულები ვართ რამდენადაც ვგავართ სხვებს. მაგრამ ჩვენი კომპანიის ყველაზე მთავარი განმასხვავებელი შტრიხი პროდუქტისგან თავისუფლებაა. ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა აიტი კომპანიასთან საქართველოში, მაგრამ წარმოვადგენთ კლიენტის მხარეს. სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვყიდით პროგრამებს და არც ტექნიკას, ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია რას და ვისგან იყიდიან, მთავარია სწორი პროდუქტი იყიდონ და მის მართვას ჩვენ გადავიბარებთ.

– რა არის თქვენი კომპანიის მისია და მიზანი?

ამჟამად კომპანია აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიცაა ICT კლასტერის ჩამოყალიბება საქართველოში ან თუნდაც უნივერსიტეტებთან შეხვედრები პროფესიული სწავლების დონის ამაღლებაზე. გარდა ამისა, კომპანია უკვე 2 წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას ყოველ 3 თვეში ერთხელ. ერთის მხრივ ეს მთლიანად აიტი სექტორის და მისი განვითარების მხარდაჭერაა ახალგაზრდა პროფესიონალების გამოზრდის გზით, მეორეს მხრივ კი ბიზნესის მხარდაჭერაა მათ პროგრესულ გადაწყვეტილებებში. რაც შეეხება მიზანს, ეს ალბათ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაა.

გარდა ამისა, აქტიურად მიდის მუშაობა ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბებაზე რომელიც სტაჟირებასთან შედარებით ბევრად დიდ მასშტაბებში გადაამზადებს სპეციალისტებს.

– რა გამოწვევებია თქვენი კომპანიისა და ზოგადად სფეროს წინაშე?

პირველ რიგში კადრების სიმცირე. სამწუხაროდ უნივერსიტეტები იმ დონეზე ვერ ამზადებენ კადრებს რომ მათი დასაქმება გადამზადების გარეშე იყოს შესაძლებელი. თუმცა ეს მარტო უნივერსიტეტების ბრალიც არაა, თუ ქვეყანა სტრატეგიულად ფიქრობს დარგის გაძლიერებაზე, შესაბამისი პროგრამები სკოლიდანვე უნდა ისწავლებოდეს.

მეორე, პრობლემა არახელსაყრელი საგადასახადო კანონმდებლობა. სამწუხაროდ დარგი ფაქტობრივად ერთ რანგშია სხვებთან, არ მინდა სხვა დარგების დისკრიმინაციაში ჩამეთვალოს, მაგრამ ყველა ქვეყნისთვის ტექნოლოგიების დარგი პრიორიტეტულია მისი მასშტაბებიდან და ექსპორტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შესაბამისად დარგის სწრაფად განვითარებისთვის შესაბამისი გარემოა და წახალისებების სისტემაა შესაქმნელი.

მესამე – წვდომა გრანტებზე. არსებობს უამრავი გრანტი მსოფლიოს მაშტაბით, რომელიც მიმართულია ამ დარგზე და რომლის შესახებაც აბსოლუტურად არ ვართ ინფორმირებულები. კარგი იქნებოდა აღნიშნული საკითხი რომელიმე სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში დაფარულიყო თუნდაც ტექნო პარკის მიერ.

– და ბოლოს, რა სიახლეები აქვს კომპანიას?

2018 წელი დიდი სიახლეებით დავიწყეთ. პირველ რიგში ისეთი ინდუსტრიის ათვისება გადავწყვიტეთ, რომელსაც აქამდე არ ვეხებოდით და ალბათ სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას, სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, სპა გამაჯანსაღებელი, სპორტული კლუბებისთვის და მცირე ზომის ესთეტიკური კლინიკებისთვის შევქმენით განყოფილება ჩვენს შიგნით რომელიც ფორმირებულია სფეროში გამოცდილი კადრებისგან, რომლებიც ამ სფეროს წარმომადგენლებს შესთავაზებენ მათზე მორგებულ მომსახურებების ნაკრებებსა და სისტემებს რომლებიც გაუადვილებენ ოპერირებას და მოუწესრიგებთ აღრიცხვიანობას.

ესაუბრა ელენე ციგრიაშვილი

 

 

[poll id=”5″]