რომან კაკულია: თვითდასაქმების შეფასების ინდიკატორები გადასახედია

0
22
რომან კაკულია: თვითდასაქმების შეფასების ინდიკატორები გადასახედია

ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული უშუალოდ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ თვითდასაქმებულებად მივიჩნევთ და რამდენად მკაფიო და რეალისტურია ის ინდიკატორები, რომლითაც ჩვენ მათ ვაფასებთ,- ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაკულიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის არმიღების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ძირითადი რეკომენდაცია თვითდასაქმების შეფასების ინდიკატორებს ეხება.

“ჩემთვის ძირითადად საინტერესო იქნებოდა ყოფილიყო მათი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადეკვატურია თვითდასაქმების შეფასების ინდიკატორები. მგონია, რომ ძალიან ბევრი შეკითხვაა დაკავშირებული უშუალოდ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენ თვითდასაქმებულებად მივიჩნევთ და რამდენად მკაფიო და რეალისტურია ის ინდიკატორები, რომლითაც ჩვენ მათ ვაფასებთ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მთავრობამ უფრო ეფექტურად შეძლოს თავისი რესურსების გადანაწილება და თავისი რესურსების დაგეგმვის პროცესში ჰქონდეს მაქსიმალურად ობიექტური სურათი იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნობრივი ჯგუფების მიმართ რა პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს. ეს იყო ჩემი მთავარი რეკომენდაცია. ვფიქრობ, რომ ისინი გაითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას. მთლიანობაში მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს თვითონ ამ სამსახურის მუშაობასთან ან მათ ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ჩემი რეკომენდაცია და ჩემი დამოკიდებულება უშუალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მათი საქმიანობის, რომელშიც ასევე ის უნდა ვთქვა რომ ისინი დამოუკიდებლდ ვერ მოაგვარებენ ამ პრობლემას. მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც უნდა წამოწიოს ეს პრობლემა, დააყენოს საკითხი და შემდეგ ჩვენ ერთად ჩავერთვებით ამ პრობლემის მოგვარებაში“, – განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოზადებულად არ ჩათვალა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში და მოგვიანებით გამართული კენჭისყრისას მის ცნობად მიღების საკითხს მხარი არ დაუჭირა.