პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა – სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები

0
108
პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა - სამართლებრივი ასპექტები და პრობლემები

,,თიბისი ბანკისა” და ,,საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თემაზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავჯდომარე ზვიად კორძაძე, თავჯდომარის მოადგილე ქეთევან ქვარცხავა და ,,თიბისი ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ეგუტია უძღვებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ,  იურისტები, მედიის წარმომადგენლები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სიტყვის თავისუფლებასთან, პატივისა და ღირსების ხელშეწყობასა და კომპანიის საქმიანი რეპუტაციის უფლების შელახვასთან დაკავშირებული საკითხები. კონფერენცია შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლების სტანდარტი აშშ-ს კანონმდებლობით და სიტყის თავისუფლების ფარგლები ჟურნალისტური ეთიკის გადმოსახედიდან.

კონფერენციაზე განხილული იყო ღირსებასა და პატივს შორის სხვაობა, ასევე დეფინიცირებული იყო სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობა და  მორალური ზიანის სხვადასხვა ასპექტი. საუბარი იყო, იმ არასაკმარის სადამსჯელო ღონისძიებებზე, რასაც სასამართლო მიმართავს მორალური ზიანის დადგენის შემთხვევაში და განხილული იყო უტრირებასა და ტყუილს შორის არსებითი განსხვავებები, რასაც ჟურნალისტები ყურადღებას უნდა აქცევდნენ.

შეხვედრაზე მიმოხილული იყო პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ბოლოდროინდელი სასამართლო პრაქტიკაც, რაზეც ისაუბრეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მესხიშვილმა.

ღონისძიებაზე მაგალითის სახით განხილული იყო ,,თიბისი ბანკისა“ და ,,ასავალ-დასავალის“ 4 წლიანი სამართლებრივი დავაც, რომელიც ,,თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დასრულდა და „ასავალ-დასავალმა“ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ,,თიბისი ბანკისა“ და მამუკა ხაზარაძის შესახებ.

გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.

,,თიბისი ბანკმა“ და მამუკა ხაზარაძემ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო. სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ,,თიბისი ბანკისა“ და მისი დამფუძნებლის შესახებ, იასევე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს  სტიპენდიის სახით გადაეცემათ.

,,ჩვენ კომპანიას 4 წლიანი დავა ქონდა გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან’’, რომელიც ეხებდა პატივისა და ღირსების შელახვას, საქმიანი რეპუტაციის შელახვას და ა.შ საქმის მოგების შემდეგ ,,ასავალ-დასავალმა’’აღიარა, რომ ის მასალა რომელიც გამოაქვეყნა 2014 წლის გამოცემებში სიცრუე იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი სახით ცნობების უარყოფა არ არის საკმარისი იმ ზიანის აღსადგენად რაც მიადგა კერძო პირს და თუნდაც კომპანიას. საინტერესოა აშშ-ის კანონმდებლობაც ამ საკითხის მიმართ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ კონფერენციაზე’’,- განაცხადა ეკატერინე ეგუტიამ.

ზვიად კორძაძეს თქმით აღნიშნული პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. პატივის, რისკებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტები საზღვარგარეთაც ხშირად ფიქსირდება და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ სიტყვის თავისუფლებისა და ღირსების შელახვის არეები.

,,ფაქტია, რომ საქართველოში ეს პრობლემა დგას იმიტომ, რომ ხშირად მიმდინარეობს სასამართლო განხილვები მსგავს თემებზე. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში უფრო მწვავედ დგას ეს საკითხი ვიდრე სხვა ქვეყნებში, თუმცა ჩვენ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ, ამიტომ ამ პირობებში უნდა იყიოს დაცული სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ მედია პასუხისმგებლობით მოეკიდოს ინფორმაციის გავრცელების საკითხს’’, –  განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ჟურნალისტური ეთიკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს გამიჯნული სიტყვის თავისუფლების უფლება და  პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქმედება. ასევე, ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, რომ გამოიჩინონ დიდი ყურადღება ასეთი დავების შემხვევაში, რადგან მედია საშუალებების მიმართ დავები ძალიან სენსიტიური ხასიათისაა.

,,აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სიზუსტის დარღვევა და პატივისა და ღირსების შელახვა. იმიტომ, რომ ერთია ეთიკის ნაწილი და მეორე სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ქვეყანაში მოქმედებს კანონმდებლობა და თუკი ვინმეს შეელახა ღირსება მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ხოლო თუ ეს არის უბრალოდ ეთიკური დარღვევა ამისთვის არსებობს თვითრეგულირების ორგანო, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც განიხილავს ნებისმიერი ჟურნალისტის მიმართ შემოსულ განცხადებებს’’, –  განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის წარმომადგენელმა, ნატა ძველიშვილმა.