იაგო კაჭკაჭიშვილი: ღამის კლუბები და ნარკოტიკები განუყოფელია

0
16
იაგო კაჭკაჭიშვილი: ღამის კლუბები და ნარკოტიკები განუყოფელია

სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ბოლო პერიოდში თბილისის კლუბებში განვითარებულ მოვლენებს და ნარკოპოლიტიკის თემას ეხმიანება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

“ვიცი, არაპოპულარულ რამეს ვწერ, მაგრამ უნდა ითქვას:

ვინც კლუბურ ცხოვრებას მეტ–ნაკლებად იცნობს, დამეთანხმება, რომ ღამის კლუბები და ნარკოტიკები განუყოფელია. სხვანაირად იქ, უბრალოდ, ვერ გაჩერდები და სტერილურად ვერ მოუსმენ ელექტრონულ მუსიკას – მოსაბეზრებელია და დამღლელი. აქ ვგულისხმობ მათ, ვისთვისაც კლუბური ცხოვრება რუტინაა და არა მათ, ვინც კლუბებს ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან „გავლით“ სტუმრობს.

კლუბისა და ნარკოტიკების განუყოფლობა, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ა) ვინც იქ დადის, აუცილებლად ნარკომანია და ბ) კლუბები ყველა ტიპის ნარკოტიკის თავშესაფარია. ანალოგია მთლად ზუსტი არ არის, მაგრამ „ალკოჰოლიკს“ ხომ არ ვუწოდებთ ყველას, ვინც ალკოჰოლს მოიხმარს, არამედ მხოლოდ მას, ვინც ალკოჰოლს გადაჭარბებით და უზომოდ იღებს. კლუბური ცხოვრების კულტურა გულისხმობს ნარკოტიკების ზომიერ (ან, ცივილურ) გამოყენებას, რომელიც ადამიანს არ ხდის არც ნივთიერებაზე დამოკიდებულად და არც ასოციალურად. ბევრი შემდგარი და მაღალი სოციალური კაპიტალის მქონე მეგობარი მყავს, მაგალითად, ბერლინსა და ლონდონში და საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ეწევიან, ვთქვათ, მარიხუანას „ვიკენდზე“, ან შეექცევიან „ჰაშქეიქს“, კლუბურ ხასიათზე მოსასვლელად, განტვირთვისთვის, ხოლო ორშაბათს ჩვეული ენერგიით მიიჩქარიან სამსახურებში ან სასწავლებლებში (რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც „ვერ კაიფობენ“ კლუბური ცხოვრებით და გასართობად სხვა ადგილებს ირჩევენ).

კლუბური ცხოვრების კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ამ სივრცეში არ უნდა მოხვდეს მძიმე, ან, მით უფრო, ფალსიფიცირებული ნარკოტიკი. ამას კატეგორიულად თავად კლუბის მფლობელები ეწინააღმდეგებიან, რადგან ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული თითოეული მძიმე (ან, მით უფრო, ლეტალური) შემთხვევა ამ კლუბის მარგინალიზაციას ახდენს.

ამდენად, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია აუცილებლად მიგვიყვანს ე.წ. კლუბური (მსუბუქი) ნარკოტიკების ლეგალიზაციამდე. შეიძლება ეს არც იყოს კანონით განმტკიცებული, არამედ ე.წ. „კონვენციური“ ლეგალიზაცია.

სხვა ამბავია (და აქ ნამდვილად შეიძლება დავა), არის თუ არა საქართველოს დღევანდელი კლუბური ცხოვრება ზემოაღნიშნული კულტურის მატარებელი. არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, რადგან პრაქტიკულად არ დავდივარ არცერთ ღამის კლუბში საქართველოში. ისე, კვლევისა და შესწავლის საკითხია, ფლობენ თუ არა ქართველი ახალგაზრდები ჩვევებს, რომლებიც ცივილური კლუბური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია”, – წერს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.