„საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება“

0
34
„საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე მეწარმეებს ფინანსების მოზიდვაში დაეხმარება“

“საკრედიტო-საგარანტიო სქემები მსოფლიოს ბევრ, მათ შორის, განვითარებულ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია და მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსების მოზიდვის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ეკონომიკის სამინისტროს ახალი რეფორმის პასუხად განაცხადა, რომლის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

კოვზანაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ფინანსების ხელმისაწვდომობის კუთხით მეტი მხარდაჭერა სჭირდება, რაც გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთმა კვლევამ დაადასტურა.

„ფინანსების ნაკლებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს საქმიანობაში ხელს უშლის. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მათი წილი ეკონომიკაში 60-70 %-ს შეადგენს, საქართველოს მშპ-ში კი, დაახლოებით, 25%-ია, არადა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, გარდა ამისა, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი გენერატორია და, ამავე დროს, ქვეყანაში საშუალო ფენის შემქმნელი“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, აღნიშნული მიმართულებით, მეწარმეების მხარდაჭერისა და სტიმულირების განსხვავებული მექანიზმები უნდა არსებობდეს.

„საქართველოში ამოქმედდა და წარმატებით მუშაობს პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ასევე პროგრამები სოფლის მეურნეობისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით, არის ინიციატივები მცირე საწარმოებისთვის გამარტივებული და განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის დაწესებისთვის. ვფიქრობ, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირების, კერძოდ, ფინანსურ რესურსებზე მათი წვდომის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.