რუსული კვალი ქართული ღვინის ბიზნესში

0
89
რუსული კვალი ქართული ღვინის ბიზნესში
ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდება

ბოლო პერიოდში ღვინის ექსპორტი მუდმივად იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა – 1 305 508, პოლონეთი – 561 294  და ყაზახეთი – 473 515 ბოთლი.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 383% (1 794 200), ისრაელი – 333% (42 570), რუსეთი – 120% (8 987 745), კანადა – 55% (34 650), პოლონეთი – 27% (561 294), გერმანია – 22% (98 926), უკრაინა – 20% (1 305 508), აშშ – 7% (66 714), ლატვია – 5% (255 896).

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა – ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.

როგორც ვხედავთ, რუსეთი ქართული ღვინის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარია დღემდე და ექსპორტიც წლიდან-წლამდე იზრდება. პროცესი განსაკუთრებით თვალშისაცემია “ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო მოხსნა. მანამდე ქართული ღვინის კომპანიები აქტიურად ცდილობდნენ ახალი ბაზრების მოძიებას, ჩინეთში, აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა, როგორც ვხედავთ, ქართული ღვინო ყველაზე მეტად მაინც რუსულ ბაზარზე იყიდება.

ერთი მხრივ, ბუნებრივია, კარგია როდესაც კომპანიებს საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქცია ისეთ უზარმაზარ ქვეყანაში გაიტანონ, როგორც რუსეთია, თუმცა, მეორე მხრივ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაზე მეტი ფალსიფიცირებული ღვინო სწორედ რუსულ ბაზარზე გხვდება და იქ შედარებით მარტივადაც იყიდება. ეს ყველაფერი კი რუსეთს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი, ნებისმიერ დროს საშუალებას აძლევს, რომ საქართველოს გამოუცხადოს სავაჭრო ომი და ფალსიფიკაციის მომიზეზებით სრულად ჩაკეტოს ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.

მართალია ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ღვინის ხარისხის შემოწმებაზე და ზრუნავს იმაზე, რომ ბაზარზე არ მოხვდეს უხარისხო ღვინო, მაგრამ მსგავსი შემთხვევები მაინც მრავლად ფიქსირდება.

ყველას კარგად ახსოვს, თუ რამდენად მძიმე იყო პერიოდი, როდესაც ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი დაიკეტა. კომპანიების წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, რომ მათ უჭირდათ ახალი ბაზრების ათვისება, ვინაიდან მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები ჯერ კიდევ არ იცნობენ კარგად ქართულ ღვინოს და იქ დიდი რაოდენობით ვერ იყიდებოდა პროდუქცია. ფაქტია, რომ ღვინის ექსპორტის მუდმივი ზრდის პარალელურად, მთლიანი პროდუქციის ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთში იყიდება. ამავდროულად, აღსანიშნავია, ჩინეთის ბაზრის საკმაოდ წარმატებით ათვისება ქართული კომპანიების მიერ, სადაც ექსპორტი მუდმივად იზრდება და ჩნდება იმედი, რომ სწორედ ჩინეთი შეიძლება გახდეს რუსული ბაზრის ერთ-ერთი ალტერნატივა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საინტერესოა ქართული ღვინის კომპანიების მფლობელებში რამდენად ფიგურირებენ რუსეთის მოქალაქეები. ბუნებრივია, ინვესტორი როგორც შეიძლება იყოს  ამერიკის, ევროპისა თუ ბალტიისპირეთის მოქალაქე, ასევე რუსეთის მოქალაქესაც სრული უფლება აქვს ფლობდეს საქართველოში კომპანიას. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ხშირად სწორედ მათ მიერ ხდება საკმაოდ დაბალხარისხიანი ღვინის წარმოება და შემდეგ რუსულ ბაზარზე გაყიდვა. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში არსებულმა ამა თუ იმ კომპანიამ განზრახ ჩამოასხას ფალსიფიცირებული ღვინო, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, რომ კვლავ დააწესოს ემბარგო ქართულ პროდუქციაზე და გზა გადაუკეტოს ქართული ღვინისთვის დღემდე უმთავრეს გასაღების ბაზარს.

ბუნებრივია, რთულია სრული სურათის დანახვა, თუ რომელ ღვინის კომპანიებს ფლობენ  რუსეთის მოქალაქეები, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გთავაზობთ იმ ძირითად ნაწილს, რომლის მოძიებაც ამ ეტაპზე მოვახერხეთ. აღსანიშნავია, რომ კომპანიების ნაწილს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სუბიექტები ფლობენ, ვინაიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გამარტივებული იყო ორმაგი მოქალაქეობის აღება.

ღვინის კომპანიები, რომლის მფლობელებშიც რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ:

“ტიფლისსკი ვინნი პოგრებ”

აღნიშნულ კომპანიაში 100%-იან წილს ფლობს რუსეთის ფედერაციაში  რეგისტრირებული, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დკ-სერვის.

“კორპორაცია ქართული ღვინო”

კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ორმაგი მოქალქეობის მქონე, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქე დიმიტრი ნოზაძე

“დუგლაძეების ღვინის კომპანია “

აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეების სია შემდეგნაირად გამოიყურება: მალხაზ ყანჩაველი 23%, ზაალი დუგლაძე 23%, დავით დუგლაძე 23%, გიორგი კაპანაძე, (რუსეთის ფედერაცია) 8%, ალექსანდრე ივანიშვილი 23%.

“შატო ზეგაანი “

საინტერესო ფაქტია კომპანია შატო ზეგაანის შემთხვევა, სადაც 2.807052%-იანი წილი  ჩვენი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ხოლო 97.192948%-იანი წილს ფლობს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დათო ტატულაშვილი.

“წერეთელი ვაინ ენდ სფირითს”

ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვასილ წერეთელის საკუთრებაშია აღნიშნული კომპანია.

“ვაზი+”

კომპანიაში 51%-ს და შესაბამისად საკონტროლო პაკეტს ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალქე ალესია პროსიუკი, ხოლო 49% საქართველოს მოქალაქე ხათუნა ხავთასის საკუთრებაშია.

“იბერია”

100%-იან წილს ფლობს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ემზარ ხუბულავა.

გიორგი კაპანაძე