საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება დაიწყო – ვის და როგორ შეუძლია დაფინანსების მოპოვება

0
27
საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადის მიღება დაიწყო - ვის და როგორ შეუძლია დაფინანსების მოპოვება

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას 25 აპრილიდან იწყებს.

კონკურსი ოთხ – სასტიპენდიო, საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებზე ცხადდება. ოთხივე პროგრამა 30-მდე ქვეყანაში როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო ბიუჯეტისა და დონორების დაფინანსებით, სასტიპენდიო ბიუჯეტი ჯამში 10-მდე მილიონი ლარია.

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჭელიძის განმარტებით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის 150-მდე სტიპენდიის გაცემა იგეგმება. ჭელიძე აპლიკანტებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება სამოტივაციო წერილს დაუთმონ.

„განათლების საერთაშორისო ცენტრი 25 აპრილიდან 25 მაისამდე ოთხ სასტიპენდიო სქემას გამოაცხადებს. სააპლიკაციო სისტემა ხვალ 14:00 საათზე გაიხსნება და 25 მაისამდე ღია იქნება. ​

სასტიპენდიო სქემები მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფინანსდება როგორც სამაგისტრო, სადოქტორო და ხელოვნების საშემსრულებლო პროგრამები, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება იმ ხალხს ექნება, ვინც საჯარო სექტორში მუშაობს. სასტიპენდიო პროგრამა ყველა პროგრამაზე დაახლოებით 120-დან 150 სტიპენდიამდე გასცემს. სამაგისტრო ხარისხი უფრო მოთხოვნადია. ყველწლიურად ნაკლები დოქტორანტი გვყავს.

აპლიკანტების ზოგადი რიცხვი კი იზრდება. სასტიპენდიო სქემა ჩვენი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების, ასევე აგრონომების, მასწავლებლების პროგრამებზე სწავლებას გულისხმობს“ – აცხადებს ჭელიძე.

განათლებისა მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, საზღვარგარეთ განათლების მიღების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული სტიპენდიანტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსაც გაუზიარებენ.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში უაღრესად დიდ როლს ასრულებს. ჩვენს საუკეთესო სტუდენტებს საშუალება აქვთ, რომ მონაწილეობა ამ პროგრამაში მიიღონ და უცხოეთში მოღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოახმარონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მათგანი სწორედ საგანმანათლებლო სივრცეში კერძოდ უნივერსიტეტებშია ჩართული. მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამ ტიპის პროგრამები რაც უნივერსიტეტების ფარგლებში ხორციელდება პროფესიულ სასწავლებლებშიც გავავრცელოთ. გვსურს, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან აქტიურად პროფესიულ განათლებაში ჩაერთონ და ცოდნა და გამოცდილება უკვე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს გადასცენ” – განმარტავს ჩხენკელი.

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და 2014-17 წლებში 500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. სახელმწიფოს დაფინანსებით, საზღვარგარეთ სწავლის დასრულების შემდეგ სამაგისტრო, სადოქტორო, სახელოვნებო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულების ვალდებულებაა, სამშობლოში დაბრუნდნენ და შესაბამის სფეროში, საჯარო უწყებებში სამი წლის განმავლობაში იმუშაონ.

წყარო:imedinews.ge