გია უდესიანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

0
70
გია უდესიანზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა შეწყდა

ე.წ. კუს ტბის წილების იძულებითდათმობისა და ბესიკ ხარძიანის პენიტენციურ დაწესებულებაში წამების ორგანიზების საქმეზე ბრალდებულ გია უდესიანზე ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნა შეწყვიტა.

როგორც პირველ არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, 2017 წლის 23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად უდესიანს უნგრეთის რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა.

„აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის აღმასრულებელმა კომიტეტმა 2015 წლის 18 თებერვალს დაამტკიცა ინსტრუქციები, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, არ ექვემდებარება წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნას“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინსტრუქციების გათვალისწინებით, ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიამ მხედველობაში მიიღო უდესიანის ამჟამინდელი სამართლებრივი მდგომარეობა (ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი) და მიიღო გადაწყვეტილება მის შესახებ ინტერპოლში არსებული ინფორმაციის წაშლის თაობაზე, რაც ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ აღასრულა.

„ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა გ.უ. წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.