მარტში კომერციული ბანკების მოგება 39.5 მილიონი ლარით შემცირდა

0
14
მარტში კომერციული ბანკების მოგება 39.5 მილიონი ლარიც შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მარტში კომერციულ ბანკებს წმინდა მოგება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39,5 მილიონი ლარით შეუმცირდათ.  კერძოდ, მარტში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 75,6 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის მარტში კი აღნიშნული მაჩვენებელი 115.1  მილიონი ლარი იყო.

თუმცა, გაზრდილია კომერციული ბანკების შემოსავლები, მიმდინარე წლის მარტში, ბანკების შემოსავლებმა 337  მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლის მაჩვენებელი გაზრდილია 12  მილიონი ლარით.

ბანკების ძირითად შემოსავალს  საპროცენტო შემოსავლები შეადგენს, რომელმაც  269 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის,  ფიზიკური პირების სესხებიდან შემოსავალმა 158 მილიონი ლარი, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან 79 მილიონი ლარი შეადგინა. 67 მილიონი ლარია არასაპროცენტო შემოსავალი.

 გარდა ამისა, 2018 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 15  მილიონი ლარი შეადგინა.  ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 35,8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება ხარჯებს, 2018 წლის მარტში, კომერციული ბანკების  ხარჯებმა 253 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში ბანკებმა 8 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს.

შოთა ხაფავა