რამდენად სწორად განსაზღვრავს მშპ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას

0
107
რამდენად სწორად განსაზღვრავს მშპ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას
როგორია ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში და ვისზე დაწევის თუ გასწრების საშუალება აქვს საქართველოს უახლოეს 4 წელიწადში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით საქართველო პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს.  მათივე ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს.

სავალუტო ფონდის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ერთ სულზე გაიზრდება 3 690 აშშ დოლარამდე, აზერბაიჯანისა კი  4 098 აშშ დოლარამდე.

რაც შეეხება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მომდევნო 4 წლის ზრდის პროგნოზს, სავალუტო ფონდის მომდევნო 4 წლის პროგნოზის თანახმად, 2022 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6 259 აშშ დოლარამდე გაიზრდება.  ამ მაჩვენებლით 2022 წელს უკვე გადაუსწრებს ევროპის ორ განვითარებად ქვეყანასაც, ალბანეთს ($6 206) და ბოსნია ჰერცოგოვინას ($5 833), ამასთან 12%-ანი სხვაობით მიუახლოვდება ბელორუსს ($6 986) და 17.7%-ანი სხვაობით – მაკედონიას ($7 369.5).

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სიმდიდრის შეფასების ერთ-ერთი საშუალებაა  ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლა. ეს კონცეფცია 1924  წელს. საიმონ კუზნეცმა ჩამოაყალიბა. . ეს მიდგომა წარმოების, შემოსავლების და ხარჯების შესახებ მარტივ გათვლას ემყარება და აძლევს მთავრობებს ეკონომიკის მართვის ქმედით ინსტრუმენტს. ამის გარდა, ფართო გავრცელების გამო, მშპ არის მთავრობების წარმატებულობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი.

 თუმცა მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, ისეთები როგორიც არიან ნობელის ლაურეატი ჟოზეფ სტიგლიცი, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტიან ლეგარდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ ბრინოლფსონი, ბიზნეს-სკოლა IMD-ის (International Institute for Management Development) პროფესორს არტურ ბრისი, მიიჩნევენ რომ  ეკონომიკური მდგომარეობის განსასაზღვრად მშპ არ არის საიმედო საშუალება, რადგან მშპ არ ითვალისწინებს ბევრ სხვა ფაქტორს, პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას და შემოსავლების უთანასწორობას შორის კავშირს და ამ პრობლემის გადაწყვეტაზე დაიწყეს მუშაობა.

აღნინულ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლის დავოსის ფორუმზე დაიწყო საუბარი.

“მშპ განსაზღვრავს მხოლოდ ჩვენს მიერ გაყიდულს და ნაყიდს და არა ადამიანის ცხოვრების დონეს. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მშპ-ს მაშვენებელი ცხოვრების დონის საპირისპირო მიმართულებითაც კი წავიდეს. ბიზნესის გაუმჯობესებასთან ერთად, გვჭირდება ახალი და უკეთესი საშუალებაც ეკონომიკის განვითარების დონეზე დასაკვირვებლად“, – აღნიშნავს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ლეგარდი.

ნობელის ლაურეატი, ეკონომისტი ჟოზეფ სტიგლიცი კი  ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლის მეთოდიკის საიმედოობასთან დაკავშირებით აცხადებს შემდეგს:

„მშპ ამერიკაში ყოველ წელს იზრდება, გარდა 2009 წლის მაჩვენებლისა. ამის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცხოვრების პირობები ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. ამ დროის განმავლობაში მოგება მხოლოდ შეძლებულმა მოსახლეობამ ნახა. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი საშუალო ფენის მოსახლეობის შემოსავალი უფრო ნალებია, ვიდრე 60 წლის წინ. როგორც ხედავთ, მსგავსი ეკონომიკური სისიტემა მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთივის უშედეგოდ მოქმედებს ის, რასაც ვზომავთ და ვითვლით განსაზღვრავს თუ რას ვაკეთებთ, და თუ არასწორ რამეს გავზოამავთ მაშინ საქმესაც არასწორად გავაკეთებთ“.

ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის გავლენიანმა ეკონომისტებმაც დაიწყეს მუშაობა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შეიმუშავეს კიდეც განსხვავებული მეთოდიკა. მაგალითად, 2011 წელს ბუტანის სამეფომ შემოიღო „ბედნიერების ინდექსი”, 2012 წელს იაპონიამ გამოითვალა „ცხოვრების ხარისხი”, 2013 წელს სამხრეთ კორეამ დააფუძნა პროგრამა „ბედნიერი განათლება ყველასთვის”, სინგაპურმა კი დაამუშავა პროგრამა „სამოქალაქო შეგნების და პიროვნების შესწავლის პროგრამა”. ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა უკვე 3-ჯერ ჩაატარა ცხოვრების ხარისხის შესწავლა 34 ქვეყანაში.

საქართველოში უკვე წლებია მშპ-ს მეთოდიკას იყენებენ ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად და ამ მიმართულებით რაიმე სხვა სახის ინიციატივა არ გაჟღერებულა. ამას, თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები გააჩნია. ქვეყნის ეკონომიკა ჯერ კიდევ განვითარებად ეტაპზეა და განვითარების პარალელურად მსგავსი თემებიც აუცილებლად იჩენს თავს, მაგრამ, მოდით მაინც გადავხედოთ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კიდევ ერთ მეთოდს – PPP (purchase power parity)-ის მეთოდს, რომელიც ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებენ მსიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს ანუ PPP-ს (purchase power parity).

გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა.

სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2017 წელს დაახლოებით $10,644 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,123 დოლარია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ლიტვაა, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე (PPP) $31,935 დოლარია. საქართველო ლიტვასთან შედარებით 3-ჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე $10,644 დოლარს შეადგენს.

თუ ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით დავაჯგუფებთ ქვეყნებს აღმოჩნდება, რომ ბელარუსის და აზერბაიჯანის ცხოვრების დონემდე საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უკლია.  სსფ-ის ინფორმაციით, 2017 წლის მაჩვენებლით ბელარუსში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) $18 616, აზერბაიჯანში – $17 433, ხოლო საქართველოში 10 644 დოლარია. ხოლო მშპ-ს დათვლის მეთოდიკით აზერბაიჯანის მშპ 2017 წელს 4098 დოლარს შეადგენს, საქართველოსი კი 4123 დოლარს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ეკონომიკური მდგომარეობის განსასაზღვრად მშპ არასაიმედოობას.

ამ პარამეტრში აზერბაიჯანი ჯერ კიდევ წინაა ჩვენთან მიმართებით და დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალიწინებით კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება.

საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $3,131-ია.

აღსანიშნავია, რომ იმ ეკონომიკური ზრდით, რაც 2013-2016 წლებში საქართველოს ჰქონდა, ანუ საშუალოდ 3.4%-ით, საქართველოს დღევანდელი ლიტვის სიმდიდრის დონეზე მისასვლელად 30 წელზე მეტი დაჭირდება.

Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა.  გამოცემამ ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით გამოთვალა. საქართველო ამ რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი – 114-ზე.

ცნობისთვის, 2017 წელს საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. 2017 წლისთვის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 4 პროცენტს შეადგენდა.

ბაჩო ჯინჭარაძე