თბილისს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება

0
22
თბილისს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება

დედაქალაქს ორი ახალი სპორტული ცენტრი შეემატება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ ვაზისუბანსა და ლილოს დასახლებაში ახლადაშენებული სპორტული ცენტრები დაათვალიერეს.

მერიის ცნობით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურ საფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება.

ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი.

“დასრულებულია სარაგბო მოედანი. აქ პირველად დაიყარა ქართული კაუჩუკი, რომელიც ძალიან ხარისხიანია. დავათვალიერეთ ასევე ტანვარჯიშის დარბაზი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა იყო,” – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში ასევე მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა.