„გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფულს უმიზნოდ ფლანგავს“

0
21
„გზების დეპარტამენტი ბიუჯეტის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფულს უმიზნოდ ფლანგავს“

საავტომობილო გზების დეპარტამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. გიორგი სეთურიძე ირაკლი ქარსელაძემ შეცვალა. გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის ახალმა მინსტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.  გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში ტენდერების მიკერძოებულ ჩატარებაში დაადანაშაულეს,  თუმცა თავად დეპარტამენტში კორუფციის არსებობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მის უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო.

ამ თემაზე ისაუბრა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა  სალომე სოსელიასთან ერთად“  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთან ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ.  აფბამ რამდენიმე შუალედური ანგარიში მიუძღვნა ინფრასტრუქტურულ ტენდერებს. ისინი საუბრობდნენ იმ დარღვევებზე, რომელიც მათი შეფასებით,  ფიქსირდებოდა საავტომობილი გზების დეპარტამენტში.

– რამდენად  კმაყოფილი ხართ ცვლილებებით და რა დარღვევები აღმოაჩინეთ კონკრეტულად საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებთან დაკავშირებით?

– ჩვენ ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს მივმართეთ, რომ მას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე შეეცვალა, ვინაიდან ეს იყო სტრუქტურა,  სადაც ხარვეზები ყევლაზე ხშირად ფიქსირდებოდა. ტენდერები ერთის მხრივ გამჭვირვალედ ტარდებოდა,  გამარჯვებული კომპანიები ვლინდებოდა, თუმცა შემდეგ ეს  კომპანიები აღნიშნულ ტენდერში ცვლილებებს ითხოვდნენ და ყოველგვარი დასაბუთების, საკითხის შესწავლის გარეშე, არსებული პირობების გაუთვალისწინებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომისია ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას და ახდენდა ცვლილებებს უკვე არსებულ ტენდერში. ასე ხდებოდა პროექტის შეცვლა. ერთ-ერთი ძვირადღირებულ პროექტზე, რომელიც იყო სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი,  ჩვენ დავინახეთ, რომ გამარჯვებული გამოვლენის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეცვალა არსებული სატენდერო პირობები და იქ ბეტონის ხიმინჯების ნაცვლად წყლის ფითილები დააყენეს, ამ ყველაფერმა მოგვცა ის შედეგი, რომ გზები არის წყალში ჩაძირული, ხიდები ნახევრად დაფარულია და ყველაფერი კეთდება უხარისხოდ. მისასალმებელია ის, რომ მინისტრმა ცვლილებები განახორციელა, ახალ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ საკითხების შესწავლა, გაირკვეს რა დარღვევები იყო ამ მიმართულებით და გადადგეს ქმედითი ნაბიჯები, რათა გამოსწორდეს უკვე არსებული დარღვევები და აღარ გაგრძელდეს  პრაქტიკა ტენდერებში ცვლილებების მიმართულებით, რადგან ხშირ შემთხვევაში ვხარჯავდით უამრავ ფულს  –  ბიუჯეტის  თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გადმორიცხულ თანხებს,  რომელიც  უმიზნოდ იფლანგება.

– თქვენ ამბობთ, რომ გიორგი სეთურიძის მმართველობის პერიოდში კონკრეტული ზარალი ბიუჯეტს მიადგა იმის გამო, რომ ტენდერები სხვადასხვა სქემებით ტარდებოდა? თანხები დათვლადია თუ რთული იქნება ამის დოკუმენტურად დამტკიცება?

– დიახ, ბიუჯეტის თანხები არ იხარჯებოდა ყაირათიანად. ხდებოდა ცვლილებები, რომელიც არ იყო გამართლებული. ამ ეტაპზე მართალია მიმდინარეობს მშენებლობა, თუმცა  დარწმუნებული ვარ  სიტუაცია თუ არ გამოსწორდა ჩვენ იქ ამ მაგისტრალებს ვერ მივიღებთ და ეს თანხები წყალში იქნება გადაყრილი ან გვექნება მაგისტრალი, რომელიც მალევე იქნება გასაკეთებელი. ამის შესახებ ჩვენ გვაქვს დოკუმენტები რასაც პერიოდულად ვასაჯაროვებთ ვინაიდან კვლევა არ დაგვიმთავრებია , არ დაგვიმთავრებია იქედან გამომდინარე, რომ ნელა გვაწვდიან ინფორმაციას რასაც ვითხოვთ ამ თუ იმ სააგენტოს ან სამინსიტროს მხარიდან, ჩვენ რა დოკუმენტებიც გვაქვს მივაწვდით ახალ მინისტრს. გარდა ამისა მას მოვთხოვთ, რომ მოხდეს ამ საკითხების შესწავლა და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რაც არსებულ სიტუაციას გამოასწორებს ან უკეთესი მიმართულებით წაიყვანს.

– თქვენი აზრით, საქმე ერთ პიროვნებაშია  ანუ გიორგი სეთურიძეში იყო თუ დღემდე ტენდერებთან დაკავშირებით მანკიერი სისტემა არსებობს?

– ბუნებრივია ეს ერთ ადამიანზე ვერ იქნებოდა დამოკიდებული, ვინაიდან ამხელა ტენდერებს და ამხელა თანხების ხარჯვას ერთი პიროვნება ერთპიროვნულად ვერ გადაწყვიტავდა.  ეს იყო სისტემური ხასიათის . უბრალოდ მთავარი პრობლემა არსებობდა სწორედ ამ დეპარტამენტში.  სწორედ დეპარტამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების  მიერ იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომელებმაც არ გაამართლა და სერიოზული პრობლემები შექმნა გზების მიმართულებით. მართალია შეიცვალა ერთი კონკრეტული პიროვნება, თუმცა თუ იქ არსებული პრაქტიკა არ დაინგრა გიორგი სეთურიძის შეცვლას ეფექტი არ ექნება.

– თქვენი აზრით რამდენად სწორად არის შერჩეული ირაკლი ქარსელაძე?

– მას მოუწევს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა გამოასწოროს არსებული პრაქტიკა. ჩემი აზრით,  მისასალმებელია მის კანდიდატურა, ეს ერთ-ერთი მაღალი რგოლის თანამდებობის პირი თანაინვესტირების ფონდში იყო. როგორც ჩანს ხელისუფლება მიხვდა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელსაც სჭირდება კვალიფიციური და ძლიერი ხელმძღვანელი. პირველ ეტაპზე მისასალმებელია მისი კანდიდატურა. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს რა ნაბიჯებს გადადგამს სხვადასხვა მიმართულებით.

კომერსანტი