ვინ ადგენს და ვინ ენდობა სატელევიზიო რეიტინგებს საქართველოში

0
41
ვინ ადგენს და ვინ ენდობა სატელევიზიო რეიტინგებს საქართველოში
სჭირდება თუ არა ქართულ ბაზარს რეიტინგების მთვლელი ორი კომპანია და რამდენად ობიექტურია მათ მიერ დადგენილი მონაცემები

“ფიფლმეტრები” ანუ მთვლელი კომპანიები, ბაზარზე გამოჩენისთანავე, ნებსით თუ უნებლიედ, იმთავითვე გახდნენ პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი.

დაინტერესებულ საზოგადოებას მუდამ ეპარებოდა ეჭვი, რომ მთვლელ კომპანიას (TV MR საქართველო) “ნაციონალების” დროს ხელისუფლება აკონტროლებდა და ამის მიზანი იყო, რომ აემაღლებინათ ხელისუფლების ფავორიტი მაუწყებლების რეიტინგი, და ამით უფრო მეტი სარეკლამო შემოსავლების შემოდინებისთვის შეეწყოთ ხელი. რეკლამის უმსხვილესი დამკვეთები სწორედ სარეიტინგო კომპანიის მონაცემებს ეყრდნობიან განთავსების მოცულობის განსაზღვრისას.

მეორე, ალტერნატიული კომპანიის შემოსვლაზე საუბარი დიდხანს გრძელდებოდა. სადღეისოდ ის უკვე არსებობს (”ტრი მედია ინტელიჯენსი”) და ახლა საზოგადოების ინტერესის საგანია, ვინ აკონტროლებს ამ კომპანიებს – გოჩა ცქიტიშვილი, მერაბ ფაჩულია, ყოფილი მმართველი ძალა და “ნაცმოძრაობა”თუ “ქართული ოცნება” და დღევანდელი ხელისუფლება? თუ იქნებ, ისინი მართლაც უკვე პოლიტკონიუნქტურისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ?

ტელერეიტინგებს 2005 წლიდან ერთი კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” ზომავდა და მის მიმართ ხშირი ისმოდა საყვედურები და რეალურად იყო განცდა, რომ ის რუსთავი2-ის სასარგებლოდ მანიპულირებდა.

ჩვენთან საუბრისას ამ ბრალდების საპასუხოდ TV MR საქართველოს დამფუძნებელი ნინო გოგოლაძე აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდება უბრალოდ “სპეკულაცია და ბინძური პიარია”.

ტელეკომპანიების წარმომადგენლების ნაწილის აზრით, რეიტინგების მზომი მეორე კომპანიის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ბაზარზე მაინც მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი დარჩება.

“ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ როგორც რეიტინგების მთვლელი კომპანიების შესახებ ინფორმაციას, ასევე მათი სერვისით მოსარგებლე ტელეკომპანიებისა და სარეკლამო სააგენტოების პოზიციას, თუ რამდენად კმაყოფილები არიან რეიტინგების მთვლელი კომპანიების სერვისით, რამდენად ენდობიან მათ მიერ დადგენილ რეიტინგებს და რამდენად ეშლებათ ან პირიქით, ეწყობათ ხელი ბაზარზე ორი კომპანიის ოპერირებით.

კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველოს” შესახებ

კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო”, “ნილსენის” სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებული პარტნიორი გახდა 2004 წელს და 2005 წლის პირველი იანვრიდან უწყვეტად აწვდის საქართველოს სატელევიზიო ბაზარს კვლევის შედეგებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კომპანიის საქმიანობის ერთადერთი მიმართულებაა სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა.

საკუთრივ კომპანია “ნილსენი” მოიცავს 5 კონტინენტის მრავალ ქვეყანას, ასობით არხს, ათასობით პროგრამას, მილიონობით ტელემაყურებელს. კომპანიის საქმიანობის ერთადერთი მიმართულებაა ყოველდღიურად შეისწავლოს და მიაწოდოს სატელევიზიო მონაცემები. მიღებული რეიტინგებით არ ფასდება ხარისხობრივად თუ რამდენი პროგრამაა “მოწონებული”. რეიტინგები წარმოადგენს უმარტივეს, ყველაზე დემოკრატიულ გაზომვებს: “რამდენმა ადამიანმა ნახა?”. კომპანია “ნილსენი” ზომავს მსოფლიო ტელე–ყურების ქცევის 40% – ზე მეტს.

2005 წელს როცა კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველომ” დაიწყო სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვა, კვლევის პანელი შეადგენდა 150 ოჯახს თბილისის მასშტაბით. იმავე წლის პირველი ივლისიდან პანელის მოცულობა გაიზარდა და გაფართოვდა საკვლევი არეალი. კვლევამ მოიცვა საქართველოს ქალაქები მოსახლეობით 45,000 და მეტი (აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიების გარდა). ამ გეოგრაფიულ არეალში კვლევისათვის შეირჩა 300 ოჯახი, მათგან 180 ოჯახი თბილისში, ხოლო 120 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).

მას შემდეგ, რეიტინგების მთვლელი კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” წლების განმავლობაში ეტაპობრივად ზრდიდა კვლევის პანელის მასშტაბს. 2016 წლის პირველი იანვრიდან მან უკვე 450 ოჯახამდე შეადგინა, რაც შემდეგნაირად გადანაწილდა: 200 ოჯახი თბილისში, ხოლო 250 ოჯახი რეგიონალურ ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი).

საკვლევი პანელიდან ხდება ინდივიდუალური ტელეყურების შედეგების მიღება. მოწყობილობა “ფიფლმეტრი” საშუალებას აძლევს ოჯახის თითეულ წევრს და სტუმარს დაარეგისტრიროს საკუთარი ტელეყურება სპეციალური პულტის მეშვეობით, ასე იქმნება თითეული ინდივიდის ტელეყურების შესახებ მონაცემთა ბაზა.
საბაზისო კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თითეული გამოკითხული ოჯახი კლასიფიცირდება სპეციალურ მატრიცაში, ოჯახის წევრების, ტელევიზორების რაოდენობის და სატელევიზიო სიგნალის მიღების საშუალებების მიხედვით, აგრეთვე ლოკალურ ბაზარზე არსებული კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს ტელეყურებაზე. საკვლევი პანელის დიზაინი ეყრდნობა მიღებული მატრიცის შედეგებს.

კომპანია “ტრი მედია ინტელიჯენსის” შესახებ

“ტრი მედია ინტელიჯენსი”, სატელევიზიო აუდიტორიის მზომი, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერ კომპანია “კანტარ მედიას” სატელევიზიო აუდიტორიის ტექნოლიგიის ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. “კანტარ მედიას” 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და 22,000-ზე მეტ მომხმარებელს სანდო მონაცემებით, მათზე მორგებული პროდუქტებითა და ინოვაციური სერვისებით უზრუნველყოფს.

კომპანიამ ოპერირება 2015 წლის სექტებმრიდან დაიწყო, ხოლო კლიენტებს პირველი მონაცემები შესთავაზა და ბაზარზე შემოვიდა 2016 წლის იანვრიდან. კომპანიის 50-50% წილის მესაკუთრეები მერაბ ფაჩულია და გიორგი თევდორაშვილი არიან. მერაბ ფაჩულია ასევე საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის “გორბის” წილის მფლობელია.

საბაზისო კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით კომპანია არჩევს 600-მდე ოჯახის საქართველოში (50% – თბილისში, 50% სხვა 6 ქალაქში მოსახლეობის პროპორციულად). თითოეულ შინამეურნეობაში თავსდება “კანტარ მედიას” მიერ წარმოებული “ფიფლმეტრები” – ყურებადობის საზომი ხელსაწყო. ფიფლმეტრი ადაპტირებულია ქართულ ენაზე, რაც ზრდის გამოყენების ხარისხსა და სიხშირეს. მოწყობილობის დისტანციურ მართვის პულტზე ოჯახის თითოეულ წევრს მინიჭებული აქვს ინდივიდუალური ღილაკი.
4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ მინიჭებული ღილაკი, მაგრამ პროგრამულად ის აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბავშვს შეუსრულდება 4 წელი.

გარდა ამისა, პულტზე არსებობს სტუმრის დამატების ფუნქცია (მაქსიმუმ 99 სტუმარი), რომელიც საშუალებას იძლევა შინამეურნეობის გარდა, გავზომოთ სტუმრის ყურებადობის ქცევა.

პანელის კვლევაში მონაწილე 600-მდე შინამეურნეობაში დამონტაჟებულია 800-მდე ფიფლმეტრი. მონაცემები თუ რა ინტენსიურობით უყურებენ კვლევის წევრები ტელევიზორს კლიენტებს გადაეცემათ განზოგადოებული სახით, სადაც კვლევის ყველა წევრის პირადი მონაცემი კონფიდენციალურია. ყოველწლიურ საბაზისო კვლევაზე დაყრდნობით ხდება პანელური შინამეურნეობების 20-25%-ის ცვლილება.

ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია “კავკასია”

ჩვენ ვსარგებლობთ “თი-ვი-ემ-არ საქართველოს” რეიტინგების მთვლელი კომპანიის მომსახურებით. არჩევანის გაკეთებისას შეჩვეული ჭირი ვამჯობინე შეუჩვეველ ჭირს. ის რომ ორი კომპანია ზომავს რეიტინგებს, ქართული ტელევიზიებისთვის პრობლემაა. ბოლომდე არც ერთი იწვევს ნდობას და ორივე პრობლემურია, რაც როგორც ბაზარს, ისე ჩვენც გვაზარალებს.

კანტარის მომსახურებით არასდროს მისარგებლია, რადგან შემოსვლის დღიდან არ იწვევდა ნდობას. არაჯანსაღად შემოვიდნენ ბაზარზე თავიდანვე და გამიჩნდა ეჭვები, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი. გარდა ამისა, აქ არსებობს ინტერესეტთა კონფლიქტიც. “ტრი მედია ინთელიჯენსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ერთ-ერთი ტლევიზიის დამფუძნებლის ოჯახის წევრია. ისც გასათვალისწინებელია, რომ მეორე მთვლელის შემოსვლა არ იყო ინდუსტრიის რეალური დაკვეთა, როგორც ხდება ზოგადად. ის უბრალოდ შემოვიდა და დაიწყო გაზომვა.

დღეს ბაზარზე არსებული რეალობის მიუხედავად, მე ვისურვებდი, რომ საბოლოოდ მაინც ერთი მთვლელი დარჩეს ბაზარზე.

ია მეტრეველი, ტელეკომპანია “იბერიას”, მარკეტინგის მენეჯერი

ჩვენ ვთანამშრომლობთ კომპანია “თი-ვი-ემ-არ”-თან. კითხვები, როგორც სხვა ტელეკომპანიებს, ჩვენც გვაქვს. დაგვიფიქსირებია ალოგიკური მომენტებიც… გარკვეული პერიოდი ორივე მთვლელ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით, თუმცა პირადად მე კანტართან არასდროს მითანამშრომლია, ამიტომ ამ კომპანიაზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება “თი-ვი-ემ-არ”-ს, მათ მომსახურების მიწოდების სერვისი საკმაოდ კომფორტული აქვთ. არიან ძალიან მობილურები და ამ თვალსაზრისით ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა ის კითხვები, რაც ამ შემთხვევაში ყველა ტელევიზიას გვაერთიანებს, ბუნებრივია, გვაქვს ჩვენც, იმიტომ რომ არის საკითხები, რაშიც არ ვეთანხმებით.

მაგალითად, რამდენადაც ე.წ. ფიფლმეტრები მცირე რაოდენობის ოჯახებშია დამონტაჟებული, ის ზუსტ სურათს ვერ გვაძლევს. ჩვენ სოციალური ქსელი გვაქვს ძალიან განვითარებული, დიდი ჯგუფი მუშაობას “იბერიაში” ამ მიმართულებით და ყველა გადაცემა თითქმის პირდაპირში გადაიცემა სოციალური ქსელის მეშვეობით. შესაბამისად, ამით უფრო რეალურ შედეგს ვხედავთ. კონკრეტულ გადაცემებს, რეალურ დროში, რამდენიმე ათასი ადამიანიც კი უყურებს ხოლმე. ასეთ დროს, იმის შესახებ, თუ ტელევიზორში რამდენმა უყურა იმავე გადაცემას, აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი მოდის. თუმცა, ვთანხმდებით იმაზეც, რომ ასეთ დროს აბსოლუტურად სხვა სეგმენტზე შეიძლება გვქონდეს საუბარი და ერთმანეთს ვერ შევადაროთ, მაგრამ საერთო სურათის მისაღებად ეს მონაცემიც გასათვალისწინებელია.

ტელეკომპანია “იმედი”

“იმედი” რეიტინგების მთვლელ ორივე კომპანიასთან თანამშრომლობს. დღეის მდგომარეობით ტვ “იმედი” რეიტინგის სათავეშია ორივე მათგანის მონაცემებით, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ჩვენზე ამბობდნენ, რომ სერიალების ტელევიზიაა, არადა ქალების აუდიტორია ყველაზე მნიშვნელოვანი აუდიტორიაა სერიალებში მთელ მსოფლიოში. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო პერიოდში დამატებით ბევრი პროექტი გაკეთდა, მაგალითად, “ექიმები” გადმოვიდა იმედზე, “ნიჭიერი” გადმოვიდა, X ფაქტორი გადმოვიდა, სპორტის მიმართულება შევქმენით დიმა ობოლაძის მეშვეობით, რაგბის ტრანსლირებას ვახდენთ. ვფიქრობ, დღეს გაცემულია ყველა კითხვაზე პასუხი. ის რომ “თი-ვი-ემ-არ”-ის შესაძლო ლოიალაობით შეიძლებოდა მოეგო ტელევიზიას, გამოირიცხა. ორივე რეიტინგების მთვლელი კომპანიის მიერ დადგენილმა რეიტინგმა გვაჩვენა, რომ “იმედი” ლიდერობს.

რაც შეეხება ბაზარზე ორი კომპანიის არსებობას, არც ერთ ქვეყანაში არ გაამართლა ორმა მთვლელმა, მაგრამ ამას ხელოვნურად ჩვენ ვერ გადავწყვეტთ. ადრეც იყო შემთხვევა, როდესაც “თი-ვი-ემ-არ საქართველოს” კონკურენციას უწევდა ერთი კომპანია, თუმცა ის კომპანია დაიხურა, რადგან ეს ძალიან ძვირი პროდუქტია. 2017 წლის მარტიდან ჩვენი ტელევიზია უკვე სტაბილურად ლიდერია. ჩვენ ერთი და იგივე ტიპის გადაცემებშიც ვლიდერობთ, ვიგებთ ყველა ტოპ გადაცემებში”.

“ბანკები და ფინანსებს”, თემასთან დაკავშირებით ასევე სურდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელთან დაკავშირება (“რუსთავი 2-ს” “თი-ვი-ემ-არ საქართველო” ემსახურება). საამისოდ არხის დირექტორს სოციალური ქსელის მეშვეობითაც კი მივმართეთ თხოვნით, თუმცა გამოხმაურება არ მიგვიღია.

“ბანკები და ფინანსები” ასევე ესაუბრა წამყვანი სარეკლამო კომპანიების მესვეურებსაც. მათი მოსაზრება, ბუნებრივია, უაღრესად საინტერესოა, რამდენადაც სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისას ისინიც სწორედ მთვლელი კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციით სარგებლობენ.

თეა რაფავა, სარეკლამო კომპანია “ედ კორპორაცია”

ჩვენ ორივე კომპანიის მონაცემს ვყიდულობთ. ეს მონაცემები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს და განსხვავებულია. საქმე ის არის, რომ სხვადასხვა არხი სხვადასხვა მთვლელს ანიჭებს უპირატესობას. მაგალითად, “რუსთავი 2” შედარებას აკეთებს “თი-ვი-ემ-არ”-ის მიხედვით, “იმედი” “ტრი მედია ინტელიჯენსის” მიხედვით. შესაბამისად, ჩვენც გვიწევს არხების ჭრილში სხვადასხვა მთვლელის ინფორმაცია გამოვიყენოთ. ეს ჩვენს საქმიანობას ხელს არ უშლის, უბრალოდ აძვირებს და ართულებს, იმიტომ რომ ორმაგად გვიხდება ბევრი რამის კეთება. რაც შეეხება სერვისს, სერვისით კმაყოფილები ვართ, რადგან ორივე კომპანია თავის საქმეს პროფესიულად უდგება.

სალომე უნგიაძე, სარეკლამო კომპანია “პრომედია”

“პრომედია” ორივე კომპანიის მომსახურებით სარგებლობს. მათ მიერ დადგენილი რეიტინგების სანდოობაზე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, ორივე ხელმძღვანელობს იმ სტანდარტებით რაც არის ზოგადად მიღებული, აღიარებული და აპრობირებული მსოფლიოში. რაც შეეხება მომსახურებას, ორივეს მომსახურებით კმაყოფილები ვართ. მათი მონაცემები ერთმანეთისგან, რა თქმა უნდა, განსხვავდება, რადგან სხვადასხვა პანელებია და აბსოლუტურად იდენტური, ბუნებრივია, ვერ იქნება. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყურებადობის ტრენდი მაინც ემთხვევა.

სამუშაო პროცესისთვის, ცხადია, უმჯობესი იქნება, იყოს ერთ მთვლელი, ვიდრე ორი, როგორც ეს დღეს ჩვენთან არის. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმესთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან ჩვენ, როგორც სარეკლამო კომპანია, ტელევიზიების საეთერო დროს ვყიდულობთ და შესაბამისად, გვჭირდება ყველა ის საზომი ერთეული რაც არის ბაზარზე. ზოგიერთი ტელევიზია ერთი მთვლელიც იზომება, ზოგიერთი მეორეთი. ამიტომ, გვჭირდება, რომ ორივეს მონაცემი გვქონდეს”, – ამბობს სალომე უნგიაძე.

ფაქტია, დღეს საქართველოს ტელესივრცე, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების (როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნეს-გაყიდვებზე ზემოქმედების) ყველაზე მძლავრი საშუალებაა, იზომება ორი მთვლელი კომპანიის მიერ და მათი პროდუქტი დღემდე არ არის გათავისუფლებული შესაძლო პოლიტიკური გავლენებისგან. გარდა ამისა, მთვლელი კომპანიების პროდუქტზეა დამოკიდებული ასევე ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლები და ხშირად ამა თუ იმ ტელეპროექტის ბედი თუ ჟურნალისტის და მედია მენეჯერის შემოსავლები.

ფაქტია ისიც, რომ მთვლელი კომპანიების პროდუქტისადმი (და არა სერვისისადმი) ნდობის ხარისხი, როგორც მთლიანად საზოგადოების, ისე საკუთრივ ამ პროდუქტის მომხმარებლების მხრიდან, უკეთესის სურვილს ტოვებს.

ბაჩანა ჯინჭარაძე