ემუქრება თუ არა ქართველ ერს განადგურება

0
16

ემუქრება თუ არა ქართველ ერს განადგურება – გაეროს მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წელს 28 % -ით შემცირდება. მეცნიერების მოსაზრებით, პროგნოზი რეალურია, ფაქტი კი – კიდევ უფრო სამწუხარო – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 657 731 კაცით არის შემცირებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია არ შეიცვლება, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2,985,000 გახდება. სამაგიეროდ, ნავარაუდევია აზერბაიჯანის მოსახლეობის დაახლოებით 30 % -ით, ხოლო სომხეთის 7 % -ით გაზრდა.
დემოგრაფიულ პრობლემებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მმართველი ძალა განსხვავებულად ებრძოდა. თუმცა, ფაქტია, რომ პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს 2050 წლის გარდაუვალ ნეგატიურ დემოგრაფიულ ვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა. გასული საუკუნის ბოლოს კი, საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო, აბორტების რიცხვი კი – მაღალი.

UNICEF -ის მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მეექვსე კი, საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ოჯახებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელიც.
დემოგრაფიულ პოლიტიკას უკვე უწოდეს პოლიტიკების პოლიტიკა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

,,დემოგრაფიული პრობლემების სრულად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა უმოქმედობა გამოიწვევს გარდაუვალ კრიზისს”,
 დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
 დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

,,ის პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის მოსახლეობის შემცირება 28 %- ით უნდა მოხდეს, სავსებით რეალურია. ეს აჩვენა ბოლოდროინდელმა საყოველთაო აღწერის შედეგმაც – ამას ჩვენი კომიტეტიც პროგნოზირებდა. ამიტომაც მერვე მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და შევქმენით ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როგორიცაა სახელმწიფოს დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, როგორც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რაც მერვე მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ასევე, ერის აქტიური დაბერების პროცესიდან გამომდინარე – ანუ ხანდაზმულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჭარბობს ბავშვთა რაოდენობას – მივიღეთ დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ავალდებულებდა მთავრობას, რომ შეემუშავებინა აუცილებელი სამოქმედო გეგმა.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს რისკები და საფრთხეები შევამციროთ. დემოგრაფიული პრობლემების სრულად მოგვარება შეუძლებელია, მაგრამ უმოქმედობა გამოიწვევს გარდაუვალ კრიზისს.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ – ეს დაიწყო 90- იანი წლებიდან. მაშინდელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა რყევებმა გამოიწვია მიგრაცია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. დღეს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს დედაქალაქში, ეს ცუდია სასაზღვრო სოფლებისთვისაც. იმიტომ, რომ მოსახლეობა უკეთ იცავს საზღვარს, ვიდრე მესაზღვრეები. ასევე, მაღალი იყო აბორტების რიცხვიც, 2015 წელს რეგისტრირებული 40 ათასი აბორტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა კანონმდებლობა აბორტებთან მიმართებაში. კანონი გამკაცრდა ე.წ კრიმინალური თუ სელექციური აბორტების მიმართ, რამაც შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად შემცირებულია სტატისტიკა ამ მხრივ.

2014 წლიდან ასევე მოქმედებს ყოველი მესამე და მომდევნო შვილის დაფინანსების პროგრამა. იმ ექვს კრიზისულ რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველთვიურად ბავშვს ეძლევა ბარში 150 ლარი, ხოლო მთაში 200 ლარი, მანამ, სანამ ბავშვის ასაკი არ მიაღწევს ორ წელს. აქვე აღვნიშნავ, რომ მაღალმთიან რეგიონში მეწარმეები 10 წლის ვადით გათავისუფლებულნი არიან მოგებისა და ქონების გადასახადიდან. ასევე მასწავლებლებსა და პენსიონერებს ეძლევათ დანამატი, მოქმედებს მშობიარობის დაფინანსების პროგრამაც, ამ მიმართულებით კი უკვე 130-140 მილიონი ლარი არის დახარჯული, დაფინანსებულია 250 ათასი მშობიარობა .

ვიზალიბერალიზაციამ ამ პროცესებზე გავლენა უკვე მოახდინა. თუმცა, ამ დოკუმენტის მიღებამდე, ჩვენ მაინც გვქონდა მიგრანტთა დიდი რიცხვი, მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კი, ასევე, გულისხმობს მიგრაციის დარეგულირებას.

მართალია, ეკონომიკური ხაზი არის უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას რომ ველოდოთ, ერი დაბერდება და აღარ იქნება ბუნებრივი მატება. ეს არის კომპლექსური თემა, ეკონომიკას პლიუს სხვადასხვა აქტივობა (აბორტის რიცხვისა და მიგრაციის შემცირება, შობადობის გაზრდა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება…), რაც აუცილებლად საჭიროებს სისტემურ ხედვას.

,,მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მოსახლეობის გარკვეული კლება უკვე სახეზეა” 

ვაჟა ლორთქიფანიძე, ,,დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი”
ვაჟა ლორთქიფანიძე, ,,დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი”

,,დემოგრაფთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა და მეცნიერებმა შევიმუშავეთ ,,საქართველოს დემოგრაფიის უსაფრთხოების კონცეფცია”. პარლამენტმა ამის თაობაზე მიიღო უკვე შესაბამისი დადგენილება. ეს არის პროგრამა, სადაც მოცემულია მეცნიერთა მოსაზრებები. ჩვენ შევისწავლეთ თითქმის ყველა ქვეყნის გამოცდილება. ფაქტებზე დაყრდნობითა და დისკუსიის შემდგომ ჩამოვაყალიბეთ კონცეფცია, რაც გულისხმობს რეალობის შეფასებასა და იმ რეკომენდაციებს, რაც უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. უნდა აღვნიშნო, რომ ვითარება შეფასებულია, როგორც მწვავე და გარდაუვალი, თუმცა არსებობს კრიზისის შემცირების რამდენიმე მიმართულება, რომლის მიხედვითაც, მთავრობამ უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს რეკომენდაციები ეხება საკანონმდებლო მხარეს, სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღების გზებს. ყურადღებას ვუთმობთ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს. აღნიშნულ კონცეფციაში წარმოდგენილია თუ რა უნდა გაკეთდეს პირველ, მეორე და შემდგომ ეტაპებზე.

მდგომარეობა ნამდვილად რთულია, მოსახლეობის გარკვეული კლება უკვე შეინიშნება. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ბევრი პროცესი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღების გამახვილებას მმართველი ძალის მხრიდან.”

,,ის, რაც ჩვენ გველის 2050 წლისთვის არის დემოგრაფიული ცუნამი და ვცდილობთ, რომ ვაქციოთ ძლიერ ღელვად”

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე, დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელი

,,დემოგრაფიული აღორძინების ფონდი მთელი ხუთი წლის განმავლობაში მუდმივად ამ თემაზე მუშაობს ხელისუფლებასთან ერთად. ამ ხნის განმავლობაში, ამ მიმართულებით არის განხორციელებული 15 ინიციატივა. მეთექვსმეტე არის მრავალშვილიანის სტატუსის მიღება და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პარლამენტში. დემოგრაფიული ინიციატივის შედეგს მივიღებთ ერთი თაობის შემდეგ, რაც დაახლოებით 25-30 წელს შეადგენს .

2014 წელს, იმ კრიზისულ ექვს რეგიონში, სადაც სიკვდილიანობა აღემატებოდა შობადობას, დაწყებულმა ფულადი დახმარების პროგრამამ, შობადობის წახალისებასთან დაკავშირებით, მოგვცა სერიოზული შედეგი. თუმცა, რთული მდგომარეობის წინაშე ვართ, უკვე შევდივართ კრიზისულ მდგომარეობაში. დღევანდელი მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, ჩვენ ვზრუნავთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ დემოგრაფიულ დარტყმას, თუმცა ვცდილობთ მის შეცვლას. დღეს განხორციელებული ინიციატივებით გავზარდოთ შობადობა და შევამციროთ მიგრაციის მაჩვენებელი. ის, რაც ჩვენ გველის 2050 წლისთვის არის დემოგრაფიული ცუნამი და ვცდილობთ, რომ ის ვაქციოთ ძლიერ ღელვად. ვგულისხმობთ კონკრეტულ თემასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

დემოგრაფიული ინიციატივის განხორციელება ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებასთან არის დაკავშირებული, თუმცა მხოლოდ ფულადი მხარდაჭერით ეს პრობლემა არ გვარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითი მოგვცა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ. აუცილებელია ძლიერი პროპაგანდა, რათა საზოგადოება თვითონ გამოფხიზლდეს. სამოქალაქო კულტურა უნდა გაიზარდოს საზოგადოებისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობით, აუცილებელია საზოგადოებრივი მენტალიტეტის გაზრდა. ჩვენი დემოგრაფი ანზორ თოთაძე ხშირად ამბობს, რომ ერმა ერი უნდა გადაარჩინოს, ანუ ერმა თავისი თავი თვითონ უნდა გადაარჩინოს. ეროვნული თვითშეგნების გაზრდასა და პროპაგანდაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის როლს, თუმცა ამ მხრივ საქმე ნამდვილად არ არის სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენს ფონდს ძალიან გაუჭირდა ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, არ გვეკარებოდა არცერთი მედია, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არ იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დავით სერგეენკო, დიმიტრი ხუნდაძე და სხვა პოლიტიკური ფიგურები. საბედნიეროდ, მედია ამ თემაზე ,,ალაპარაკდა, თუმცა დღესაც, ანალიტიკურ გადაცემებში დემოგრაფიულ პრობლემებზე ისევ არ ხდება ყურადღების გამახვილება”.

,,დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი , სამწუხაროდ, მმართველი ძალა არაფერს არ აკეთებს – ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები”
გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი

,,ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემცირების ტენდენცია არის მასშტაბური და ნათელი. დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად კი, სამწუხაროდ, მმართველი ძალა არაფერს არ აკეთებს – ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები.

საქართველოში სიკვდილიაონობა აღემატება შობადობას. შესაბამისად, იკლებს მოსახლეობის რიცხვიც, რაც არის ქვეყნის უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის დამსახურება. ეს არის ის მდგომარეობა, რომლიდანაც ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა თავის დაღწევა. აუცილებელია, კონკრეტული გეგმის შემუშავება. არსებობს სტანდარტული პროგრამები თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა. ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ხელშეწყობა. მოტივაციის შექმნა ადამიანებისთვის, რათა შექმნან მრავალშვილიანი ოჯახები.

ახალგაზრდა ოჯახმა იმისთვის, რომ იყოლიოს მეორე ან მომდევნო ბავშვი, აუცილებლად საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. დღევანდელი მდგომარეობით, მათ არ აქვს შემოსავალი. ამიტომ თუ სახელმწიფო მეორე ბავშვზე დაეხმარება 15 ათასი ლარით, მესამე ბავშვზე კი 20 ათასი ლარით, სურვილიც მეტი ექნებათ. ეს არ არის ისეთი უზარმაზარი თანხა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს. ნაკლები უნდა ვხარჯოთ ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე. მართალია, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით ქართულ ეკონომიკას ფეხზე ვერ დავაყენებთ, თუმცა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას სხვადასახვა პროგრამების დაფინანსებით აუცილებლად შევძლებთ. გარდა ამისა, უნდა შევქნათ ისეთი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიან ოჯახებს სერიოზული მხარდაჭერა ექნება და ეს იქნება ღირსეული და აუცილებელი ქმედება სახელმწიფოსგან.”

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი