შოთა გულბანი: იპოთეკური სესხის გაცემით, ბანკები წაუგებელ თამაშში შედიან

0
15
შოთა გულბანი: იპოთეკური სესხის გაცემით, ბანკები წაუგებელ თამაშში შედიან

ეროვნული ბანკის 2018 წლის იანვრის მონაცემებით ეროვნული ვალუტით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები (თვის ბოლოს მდგომარეობით) 3 351 036 000 ლარია რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72%–ით მეტია.

საინტერესოა ისიც, რომ 2018 წლის იანვარში გაცემულ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებში დომინირებს გრძელვადიანი სესხები, კერძოდ 2018 წლის იანვარში 12 თვეზე და უფრო მეტ პერიოდზე გაცემული სესხების რაოდენობა 3 012 257 000 ლარია (89%) , რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80%–ით მეტია.

საქართველოში იპოთეკური დაკრედიტება როგორც ბანკებისთვის, ისე კრედიტორებისთვის, საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამის მიუხედავად კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

იპოთეკური სესხები ქართულ საბანკო სექტორში დაახლოებით 9-დან 13 პროცენტამდე მერყეობს, თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ მაგალითად ევროპულ საბანკო სექტორში იპოთეკურ სესხებზე განაკვეთებს, სადაც მაქსიმუმ 3 პროცენტია, რა თქმა უნდა ძვირია და მსესხებელს წლების განმავლობაში მძიმე წნეხად აწვება. თან გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 36,700 დოლარს აღწევს, ხოლო ჩვენთან მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3,800 დოლარია. ამას ემატება სავალუტო რისკით გამოწვეული ზარალი, განსაკუთრებით ბოლო წლებში გართულდა ამ კუთხით ვითარება, როცა ლარი მკვეთრად გაუფასურდა დოლართან მიმართებაში, ხოლო მოქალაქეების უმეტეს ნაწილს იპოთეკური სესხები დოლარში ქონდათ აღებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკები სესხს გასცემენ კრედიტორის ფინანსური მდგომარეობის შეფასების შემდეგ, კრედიტორებსთვის უმეტეს შემთხვევაში მაინც რთულია სესხის გადახდა, არსებული პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყო ბევრ წვრილმანთან, როგორიცაა მაღალი საპროცენტო განაკვეთი, საზოგადოებაში ფინანსური განათლების დაბალი დონე და ა.შ. არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსები” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” პრეზიდენტ შოთა გულბანს გაესაუბრა.

შოთა გულბანი – “იპოთეკური სესხის გაცემით, ბანკები წაუგებელ თამაშში შედიან”

იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი საბანკო პროდუქტია, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სჭირდება მომსახურება – 10-15 წელი. შესაბამისად, ბანკი 10 და 15 წლიან შემოსავლების დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ მოითხოვს მსესხებლისგან, ასეთს ვერ მიიღებს, რის გამოც მსესხებლის გადამხდელუნარიანობის ზერელე შეფასება ხდება.

ამიტომ, იმისათვის, რომ ბანკმა შესაძლო რისკი თავიდან აიცილოს, რაც ძირითადად მსესხებლის მიერ სამსახურის დაკარგვასთან არის დაკავშირებული, ბანკი იმ უძრავ ქონებას, რომელიც შეიძინა მოქალაქემ ტვირთავს იპოთეკით და თუ მსესხებელი ვეღარ მოემსახურება კრედიტს, ბანკი აუცილებლად ამოიღებს გაცემულ სესხს იპოთეკით დატვირთული ქონების იოლად რეალიზებით. ანუ, რეალურად იპოთეკური სესხის გაცემით, ბანკები წაუგებელ თამაშში შედიან, ვინაიდან მას ძალიან კარგად აქვთ რისკები იდენტიფიცირებული.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ პრობლემურდება ხშირად სესხის მომსახურება, ეს ისევ და ისევ დაკავშირებულია ცხოვრების დაბალ დონესთან. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 940 ლარია, ხოლო იპოთეკური სესხი რო მიიღო სულ მინიმუმ 1000 ლარის გადახდა გიწევს ყოველ თვე, სხვა ხარჯებიც ხო აქვს ადამიანს? თან გავითვალისწინოთ, რომ ეს 940 ლარი გასაშუალოებული მაჩვენებელია და არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამხელა ხელფასი აქვს, ეს ციფრი გაზრდილია საფინანსო სექტორში არსებული მაღალი ხელფასების წყალობით.

რაც შეეხება საზოგადოების ფინანსური განათლების დონეს, 2016 წელს ძალიან ჩვენმა ორგანიზაციამ, აფბამ დედაქალაქის მასშტაბით საინტერესო კვლევა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა მოქალაქეების ფინანსური განათლების დონე, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, მსესხებლებისა და საფინანსო ორგანიზაციების ურთიერთობა. კითხვარის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, თუ რამდენად ინტერესდებიან მოქალაქეები სესხის პირობებით, რაც ბუნებრივია სასესხო ხელშეკრულებაში არის დაფიქსირებული. აღმოჩნდა, რომ რესპოდენტთა 81%-ს არც კი უცდია ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის შეცვლა ბანკთან დიალოგის გზით, რაც ცალსახად იმაზე მეტყველებდა, რომ მსესხებელი ხელშეკრულებას უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ ეცნობოდა. არადა ხელშეკრულება მოგეხსენებათ ორ მხარეს შორის დადებული გარიგებაა და შეთანხმების საგანია, მსესხებელს თუ რომელიმე პუნქტი არ მოსწონს ბანკის მიერ შედეგნილ ხელშეკრულებაში, მას სრული უფლება აქვს მოითხოვოს მისი ცვლილება, მაგალითად ვალუტის ცვლილების შედეგად გამოწვეული რისკი, რომლის დროსაც მხოლოდ მსესხებელი ზიანდება იქნას გადანაწილებული თანაბრად, ან სხვა პუნქტები. მეორე საკითხია ის მოცემულობა, რომ ბანკი არაფერსაც არ შეგიცვლით, უბრალოდ უარს გეტყვით სესხზე და იმის გამო, რომ ალტერნატივა არ გაქვთ, თანხმდებით ყველანაირ პირობას და აწერთ ხელს დოკუმენტზე, რომელიც ცალსახად ბანკის ინტერესებზეა მორგებული.

ასე რომ, კომერციული ბანკი კარგად სარგებლობს ერთი მხრივ მოქალაქეების ფინანსური განათლების დაბალი დონით და მეორე მხრივ მის მიერ გაცემული იპოთეკური სესხების უალტერნატივობით.