„ბიზნესი მოკვდება, თუ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უსწრაფესად არ აეკრძალათ“

0
12
„ბიზნესი მოკვდება, თუ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა უსწრაფესად არ აეკრძალათ“

„თუ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ბანკებს კატეგორიულად და უსწრაფესად არ აეკრძალათ ამ მიმართულებებში ოპერირება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში სხვა მსხვილი ბიზნესი მოკვდება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან“ კომპანია „ზეარისის“  გენერალურმა დირექტორმა გოჩა ფიფიამ განაცხადა.

„ზეარისის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოში კომერციულ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალოთ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ბიზნესი მოკვდება.

„თუ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით ბანკებს კატეგორიულად და უსწრაფესად არ აეკრძალათ ამ მიმართულებებში ოპერირება, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში სხვა მსხვილი ბიზნესი მოკვდება, მცირე და საშუალო ბიზნესზე საუბარი ზედმეტია. თუ საშუალო ბიზნესში წარმომადგენლობას ვიპოვნით, გარწმუნებთ, რომ ესეც რომელიღაც განშტოება იქნება იმ არაპროფილური აქტივობისა და აქტიურობისა, რასაც დღეს ბანკები ეწევიან. მე ბანკების დასახელებებს არ დავიწყებ, რადგან ეს ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება.

ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება წარმოებასთან სრულად პარტნიორული ურთიერთობები უნდა იყოს. ბანკთან მიმართვის შემთხვევაში მეწარმეებს და მწამოებლებს ბანკის პასუხის გასაჩივრების შესაძლებლობა და უფლება თუ არ მიეცათ, ეს ნიშნავს, რომ ბანკები ითარეშებენ“, – აღნიშნა გოჩა ფიფიამ.

ამასთან, როგორც ფიფია განმარტავს, ქართულ წარმოებას დღეს პროტექციონიზმი აკლია.

„ზოგადად გასაკვირია ის ფაქტი, რომ ადგილობრივ ნაწარმს, ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციას იგივე აქციზი შეუნარჩუნდა, რაც მანამდე იყო. შესაძლოა, მცირედითაც შემცირდეს, ეს მაშინ, როდესაც აქციზების თვალსაზრისით სერიოზული კლებაა იმპორტულ ნედლეულზე დამზადებულ პროდუქციაზე.

ეს რა თქმა უნდა, მწარმოებელს მძიმედ აწვება და აღნიშნული საკითხი განხილვას უნდა დაექვემდებაროს. შედეგები უნდა იქნას მიღწეული, რადგან ეკონომიკური განვითარების გარდამტეხ პერიოდში წარმოებას, რომელიც ყოველთვის ჩვენი სუსტი წერტილია ამ მიმართულებით არაპროტექციონისტული დამოკიდებულება არ უნდა იყოს. ქართულ წარმოებას დღეს პროტექციონიზმი აკლია“, – განაცხადა ფიფიამ.

კომერსანტი