ბიძინა ივანიშვილი CREDIT SUISSE-ის წინააღმდეგ – ჟენევაში საქმის განხილვა იწყება

0
39
ბიძინა ივანიშვილი CREDIT SUISSE-ის წინააღმდეგ - ჟენევაში საქმის განხილვა იწყება
ჟენევის სასამართლოში დღეიდან  ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა იწყება

შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ის ცნობით, საქმე ეხება საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ექს- დეპუტატი ვიტალი მალკინის ბრალდებებს  CREDIT SUISSE-ის ექს- „ვარსკვლავურ მენეჯერს“ პატრის ლესკადრონის მიმართ.

გამოცემა  საქმის 2 კვირიან განხილვას აანონსებს და თებერვლის დასაწყისში სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

საქმის პროკურორი ლესკადრონს პირადი მიზნებისთვის კლიენტების დაზარალებას ედავება და აღნიშნავს, რომ  კლიენტების ზარალის მიუხედავად ბანკირის არ დავიწყებია თავისთვის საკომისიოების და ბონუსების მიღება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 54 წლის ლესკადრონი ბრალდების ნაწილს აღიარებს, კერძოდ, იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან 150 მილიონი სხვა კლიენტების დიდი დანაკარგების გადასაფარად მიმართა. საუბარია 89 მლნ დოლარზე, 24 მლნ ევროსა და 9 მლნ ფუნტზე.

ახლა საკითხი დგას დაუბრუნებენ თუ არა ამ ფულს ივანიშვილს, რომელიც სხვა რუსი მილიონერების ზარალის დასაფარად იყო მიმართული. ასეთი სცენარის ეშინია 5 რუს მოსარჩელეს – ვიტალი მალკინს, ორ მეწარმეს და კიდევ ერთ ბიზნეს ქალბატონს. მათი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ არ არიან ვალდებულნი თანხა დააბრუნონ, რადგანაც თავად არიან ბანკირის მსხვერპლნი.

ლესკადრონის ადვოკატი კი, მიიჩნევს, რომ მის კლიენტს ცუდი განზრახვა არ ჰქონია. უბრალოდ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, როცა ზარალის შესახებ არ აცნობა კლიენტებს და მოგების დაბრუნების გამო  თანხა „ისესხა“ თავისი უმდიდრესი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილისგან.

Le Temps-ის ცნობით, ლესკადრონი ასევე აღიარებს,  რომ უკანონოდ მიითვისა 3 მილიონი მისი და მისი მეუღლის სასარგებლოდ.

ამის გარდა  ცნობილი ბანკის ექს-მენეჯერს ედავებიან შეთანხმებების და ინსტრუქციების გაყალბებაშიც.

“ბრძოლა იქნება ტოტალური და მრავალფრონტიანი” – წერს ჟურნალისტი ფატი მანსური.

gbc.ge