პირველი ქართველი ბიჭი, რომელმაც ჰარვარდის ბაკალავრიატი დაამთავრა

0
87
პირველი ქართველი ბიჭი, რომელმაც ჰარვარდის ბაკალავრიატი დაამთავრა

არჩილ ჭეიშვილი პირველია საქართველოდან, ვინც ჰარვარდის ბაკალავრიატი დაამთავრა და შემდეგ ბოსტონში ტექნოლოგიური კომპანია – „პალატინ ანალიტიკსი“ დააფუძნა. ჰარვარდში სწავლის პარალელურად, არჩილი უნივერსიტეტში სამი სტუდენტური ორგანიზაციის პრეზიდენტი იყო, მათ შორის ერთ-ერთის დამფუძნებელი თავად გახლავთ. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ ფონდში –  Bridgewater Associates-ში, სადაც მას გააჩნდა საკუთარი საინვესტიციო პორტფელი და საფონდო ბირჟაზე ინვესტიციებს ახორციელებდა. ხელოვნურ ინტელექტზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და განვითარებულ და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშრებით არჩილ ჭეიშვილმა ჩვენს კითხვებს უპასუხა:

– საიდან წამოვიდა იდეა, ტექნოლოგიური კომპანიის დაფუძნებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს და თანამშრომლების შრომის ნაყოფიერებას აფასებს, მარტივად რომ გვითხრა, რას გულისხმობს ეს პროცესი და რატომ დაინტერესდნენ ადგილობრივი კომპანიები ამ სერვისით?

– იდეა წამოვიდა იქედან, რომ მე ვმუშაობდი ჰეჯ ფონდში, ჩემი თანადამფუძნებლები კი კომპანია Google-ში და Microsoft-ში და ამ კომპანიებში მუშაობის პროცესში ვნახეთ, რომ ძალიან რთული იყო გაგეგო თუ რომელი თანამშრომელი დადებდა უკეთეს შედეგებს, ანუ წინასწარმეტყველება იყო ძალიან რთული. ამ პრობლემას ხშირად მოჰყვებოდა არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილებების მიღება სამსახურში დაწინაურებების და ბონუსების მიღებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გადაგვეჭრა ეს პრობლემა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და დავაფუძნეთ კომპანია, სადაც ბოლო თაობის ხელოვნურ ინტელექტს ვანვითარებთ და ჩვენ ფაქტიურად რევოლუციას ვახდენთ ამ მიმართულებით. ჩვენ შევქმენით საიტი, რომლის დახმარებითაც ვაგროვებთ საჭირო ინფორმაციას სამი საშუალებით. პირველ რიგში, თანამშრომლები ერთმანეთს აძლევენ შეფასებებს სხვადასხვა მიზეზების გამო. მეორე საშუალების მიხედვით თანამშრომლები აკეთებენ მიზნების მენეჯმენტს და მესამე, თანამშრომლები ავსებენ კითხვარებს კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ კი ჩვენ ვიყენებთ დახვეწილ სტატისტიკურ მოდელებს და ხელოვნურ ინტელექტს, რათა ამ შეფასებებს ანალიზი გავუკეთოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ თანამშრომლებს და მენეჯერებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორები არიან თანამშრომლები, როგორები იყვნენ წარსულში და რაც ყველაზე მთავარია წინასწარმეტყველება გავაკეთოთ მომავალი პერფორმანსის შესახებ. საინტეერსოა ასევე ის, რომ 75% შემთხვევებში ჩვენი ალგორითმები სწორად წინასწარმეტყველებენ თუ როგორი იქნება თანამშრომელი სამ თვეში. ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ ხანდახან თანამშრომლები არაობიექტურ შეფასებებს აკეთებენ და ამ პრობლემას ვჭრით სხვადასხვა ცვლადების გათვალისწინებით და შესაბამისად ოპტიმიზირებას ვუკეთებთ თანამშრომლის ქულებს. მაგალითად, როდესაც თანამშრომელს ყოველთვის უწერ 10-დან 10 ქულას, ესეიგი რაღაც პოლიტიკას თამაშობ და არ ხარ ბოლომდე ობიექტური.

– ჩვენ ვიცით, რომ სწავლის პარალელურად შენ ასევე მუშაობდი მსოფლიოს ყველაზე დიდ ჰეჯ ფონდში –  Bridgewater Associates-ში, ბუნებრივია აქ მუშაობამ გარკვეული გამოცდილება მოგცა საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით. ამ კუთხით საინტერესოა როგორ ხდება ამერიკაში ფინანსების მოძიება ბიზნესისთვის, რა ძირითადი წყაროები არსებობს?

– Bridgewater Associates-ში მუშაობის პერიოდში ვახორციელებდი ინვესტირებას და ასევე ვვაჭრობდი. განსაკუთრებით საინტეერსო იყო მუშაობა იმ პერიოდში, როდესაც ბაზარზე დიდი ცვლილებები იყო. მაგალითად ჩინეთის ბაზარი 40%-ით დაეცა და შემდეგ ავიდა ზევით. ამავე პერიოდში მოხდა ნავთობზე ფასების დაცემა. რაც შეეხება ფინანსების მოზიდვას, ამერიკაში არსებობს ოთხი მთავარი წყარო. პირველი ეს არის ტრადიციული მეთოდი, ბანკიდან სესხის აღება. მეორე „ვენჩერ კაპიტალიდან“ და „ენჯელ ინვესტორებიდან“ ფონდების მოძიება, მესამე არის „ექვითი ქრაუდ ფანდინგი“, რეგულაციები ეხლა შემოვიდა და აქამდე არ აძლევდა არააკრედიტებულ ინვესტორს ინვესტირება ჩაედო სტარტაპში, ვინაიდან სტარტაპში ინვესტირება რისკიანად აღიქმება. ამერიკაში რამოდენიმე თვის უკან, რეგულაციები შეიცვალა და ინვესტორს რომელსაც შემოსავალი აქვს წელიწადში 200 ათას დოლარზე ნაკლები, შეუძლია, რომ ნებისმიერ სტარტაპში განახორციელოს ინვესტირება. მეოთხე ეს არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც ყიდიან თავიანთ ელექტრონულ ვალუტას.

– მაგალითად საქართველოში ფინანსური ბაზრის სეგმენტები საკმაოდ არათანაბარმნიშვნელოვნად არის განვითარებული, ძირითად მოთამაშეს საბანკო სექტორი წაროადგენს და ის ფინანსური ბაზრის დაახლოებით 93%-ს ფლობს, ამ მხრივ კონკურენცია თითქმის არ არსებობს. თუ ფლობთ ინფორმაციას, როგორ არის ამერიკის ფინანსური ბაზრების სეგმენტები გადანაწილებული წილობრივად, ანუ რამდენად დივერსიფიცირებულია ბაზარი და დაცულია კონკურენციის პრინციპები?

– საქართველოში კაპიტალური ბაზრის 90%-ზე მეტი ბანკებს აქვთ აღებული და „ვენჩერ კაპიტალში“ თუ „ენჯელ ინვესტორებში“, „ექვიტი ქრაუდ ფანდინგში“ ინვესტირებები ფაქტიურად არ ხდება, რაც ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის კაპიტალის მოზიდვაში. რაც შეეხება გადანაწილებას, საბანკო სექტორს დაწყებით სტარტაპებში აქვს ძალიან პატარა როლი. დიდი გადანაწილება მოდის „ვენჩერ კაპიტალსა“ და „ენჯელ ინვესტორებზე“. ეხლა ყველაზე საინტერესო არის initial coin offering (ელექტრონული ფულის შეთავაზება საფონდო ბირჟაზე), რომელთა ინვესტირებამ ჯამურად მიაღწია ასობით მილიარდ დოლარს. ეს კი დემოკრატიზაციას უკეთებს ინვესტირების პროცესს. თუ ამერიკაში ადამიანს არ აქვს კონტაქტები ინვესტორებთან, მაშინ ძალიან რთული ხდება კაპიტალის მოზიდვა. Initial coin offering-ების საშუალებით ადამიანს შეუძლია მაგალითად სინგაპურში მყოფი ადამიანისგან მოიზიდოს ფული. „ვენჩერ“ კაპიტალური ინდუსტრია ფაქტიურად არ არსებობს საქართველოში. ამის მიზეზი კი არის ის, რომ მაგალითად „ვენჩერ“ კაპიტალები იზიდავენ თანხას საპენსიო ფონდებისგან, მდიდარი ხალხისგან და შვიდი წლის შემდგომ ცდილობენ, რომ ეს ინვესტირებული თანხა წამოიღონ უკან კომპანიების გაყიდვით ან კომპანიების IPO-ზე გასვლით. ინვესტირების უკუგება არ ხდება დივიდენდების მიღების საშუალებით. საქართველოში კი ეს ყველაფერი არ ხდება. კომპანიის გაყიდვაც კი ფაქტიურად წარმოუდგენელია. შესაბამისად ქართულმა Venture Capital ფირმებმა ერთადერთი საშუალება რითიც შეიძლება წამოიღონ ეს ინვესტირებული ფული, არის დივიდენდების საშუალებით, რაც ხშირ შემთხვევაში იმდენ უკუგებას არ გაძლევს 7 წლის განმავლობაში, როგორც მაგალითად ამერიკაში შეიძლება მოგცეს. მეორე მიზეზი არის კულტურული სხვაობები. ამერიკაში Venture Capital ფონდებმა და ინვესტორებმა ძალიან კარგად იციან, რომ 10 სტარტაპიდან სადაც ინვესტირებას განახორცილებენ, შეიძლება აქედან მხოლოდ ერთმა იმუშაოს და ცხრამ არა, მაგრამ ის ერთი ისე იმუშავებს, რომ მთლიანად გადაფარავს დანაკარგს. საქართველოში ბიზნესის დამოკიდებულებაა, რომ მის მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა აუცილებლად ყველამ უნდა გაამართლოს და მათ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რომ შეიძლება უმეტესმა მათგანმა ვერ გაუძლოს კონკურენციას და გაკოტრდეს.