TKT.GE-ის წინასაახალწლო „სიურპრიზი“ მომხმარებლებს

0
52
TKT.GE-ის წინასაახალწლო „სიურპრიზი“ მომხმარებლებს
ბოლო 20 დღეში ჩაშლილი 2 უცხოელი შემსრულებლის კონცერტი

თბილისის სპორტის სასახლეში 10 დეკემბერს დანიშნული პოპულარული ბრიტანელი როკ-მომღერლის Chris Norman -ის ჩაშლილ კონცერტს ახლა უკვე  მეორე ბრიტანელი შემსრულებლის – Chris Rea -ის ჩაშლილი ღონისძიება მიემატა, რომელიც ასევე სპორტის სასახლეში, 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო. ამ ორივე  მუსიკოსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციას ონლაინ-პლატფორმა TKT.GE ახდენდა.

დეკემბრის თვეში, რიგით მეორე გაუქმებულ კონცერტს, უკმაყოფილო და დაზარალებული მომხმარებლების  „არმია“ შეემატა. ისევ იგივე სცენარი, – გაურკვევლობა ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნების გამო. ისევ რამდენიმეთვიანი ლიდინი. ისევ გაღიზიანებული და მოტყუებული მომხმარებლების საკმაოდ ხისტი და შეურაცხმყოფელი კომენტარები (რომელთა წაშლაც დრო და დრო უწევს TKT.GE -ის) და ისევ ონლაინ ოპერატორების თუ მენეჯერების დაზეპირებული ფრაზები – „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებელზე“; „TKT.GEის ინტერესია მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შექმნა“. – პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ…

ვინ არის Chris Rea -ის კონცერტის ორგანიზატორი?

როგორც  TKT.GEიუწყება“, ორგანიზატორი გახლავთ  შპს „ნიჯ გრუპი“ ფბ-გვერდით BILETEBI ONLINE, ხოლო მთავარი იმპრესარიო, ვინმე ნოდარ კაკალაძე.  იმპრესარიობის პარალელურად, ბატონი ნოდარი, ერთ-ერთ ფარმაკოლოგიურ კომპანიაში მუშაობს და  სავარაუდოდ, ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტით  არის დაკავებული. თუკი Chris Norman -ის კონცერტის შემთხვევაში TKT.GEმა ორგანიზატორად ონლაინ სესხების კომპანია EASYLOAN.GE დაასახელა (რომელიც საბოლოოდ, იურიდიული თვალსაზრისით, არ გამოდგა ორგანიზატორი), Chris Rea -ის შემთხვევაში ორგანიზატორად, სავარაუდოდ, ფარმაცევტული საქონლით მოვაჭრე მცირე მეწარმე გვევლინება.

მართალია, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს კონცერტის ორგანიზების უფლება, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაინც ჩნდება ეჭვი, – სად ქრება, მინიმუმ ორი თვით, მომხმარებლების მიერ ბილეთების შესაძენად გადარიცხული თანხები? და თუკი არ ქრება, მაშინ რაში სჭირდება გაუქმებული კონცერტის ბილეთებში გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას თვენახევრიანი ინტერვალი?

კითხვები ბევრია… თუნდაც ასეთი: რა კავშირი აქვთ ამ ორი კონცერტის ორგანიზატორებს ერთმანეთთან? თავდაპირველად ხომ Chris Norman -ის გაუქმებული კონცერტის თანხები BILETEBI ONLINE –ს , იგივე „ნიჯ გრუპს“, იგივე ნოდარ კაკალაძეს უნდა დაებრუნებინა?  BILETEBI ONLINE მომხმარებელს სწერდა შემდეგს: „კონცერტის არჩატარების მიზეზი გახდა უთანხმოება რაიდერ კომპანიასა და ჩამომყვან კომპანიას შორის, იმის გამო, რომ Chris Rea -იც ჩამოდის სპორტის სასახლეში და Chris Norman -ის გამო დაუვარდათ გაყიდვა. ბოლო თანხებს აბრუნებს Chris Rea -ის ორგანიზატორი“. (სტილი დაცულია). ეს აბდაუბდა და სრული სისულელე რომ „ვთარგმნოთ“, გამოდის, რომ ერთმა დამოუკიდებელმა კომპანიამ, მეორე დამოუკიდებელი კომპანიის სასარგებლოდ მოხსნა დაგეგმილი კონცერტი…

აი ასე… ყოვლისშემძლე ნაცარქექიასავით, უნდათ მოხსნიან, უნდათ დაგეგმავენ ლეგენდარული მუსიკოსების კონცერტებს და რაც მთავარია, დაზარალებული მომხმარებლებისგან მოითხოვენ, რომ ეს გულუბრყვილო ინფორმაცია დაიჯერონ.

ამასობაში, პრესაში გავრცელდა ნოდარ კაკალაძის მიმართვა TKT.GEსადმი Chris Rea -ის კონცერტის გაუქმების თაობაზე. ანუ, 30 დეკემბერს დაანონსებული კონცერტის ბედი 28 დეკემბერს კრახით დასრულდა. სავარაუდოდ, ბატონმა ნოდარმა Chris Rea -ის წარმომადგენლებთან „ინტენსიური მოლაპარაკების“ შემდეგ, 28 დეკემბერს კონცერტი გაუქმებულად გამოაცხადა. კი, მაგრამ, ეს მსოფლიო დონის მუსიკოსი, აქვე, გლდანში ხომ არ ცხოვრობს , ორი დღით ადრე რომ იღებს გადაწყვეტილებას კონცერტის ჩატარება არჩატარების შესახებ? – ისევ ტყუილი. და ეს ყველაფრი იმ ფონზე ხდება,  როცა Chris Rea -ის თაყვანისმცემლებმა მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჯერ კიდევ 12 დეკემბერს შეიტყვეს. Chris Rea ლონდონში მიმდინარე კონცერტის დროს შეუძლოდ გახდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩაიშალა შემდგომ დაგეგმილი კიდევ ორი კონცერტი. ცხადია ამ დაგეგმილი კონცერტების თაობაზე ინფორმაცია, როგორც წესია, მითითებული იყო Chris Rea -ის ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. აი ამას თბილისში დაგეგმილ წინასაახალწლო  Chris Rea -ის კონცერტზე ვერ ვიტყვით. სხვათა შორის, Chris Norman -ის შემთხვევაშიც იგივე ვითარება იყო – არცერთი სიტყვა თბილისში გასამართი გასტროლის თაობაზე…

ცნობისათვის,ნოდარ კაკალაძის საქმიანობით ფინანსური პოლიცია არის დაინტერესებული. თუ რატომ იქნება იგი ამ უწყებაში დაბარებული, სავარაუდოდ, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.  მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ Chris Rea -ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 დან 300 ლარამდე მერყეობდა და არსებული იფორმაციით, ამ ბილეთების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ხნის წინ გაყიდული იყო.

გაუქმებული და ჩაშლილი კონცერტების სია ამ ორი ღონისძიებით არ შემოიფარგლება, – „ტრადიციას“ რამდენიმე თვის წინ, ზაფხულიდან მოყოლებული, ჩაეყარა საფუძველი.

მაგალითი პირველი, – ჯგუფი ЗВЕРИ  ბათუმში დაგეგმილი კონცერტით. ორგანიზატორი GTS group. იძებნება მხოლოდ მისი ფეისბუქ გვერდი, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის არის შექმნილი. დიდი ალბათობით, ამ კომპანიას მანამდე რაიმე მსგავსი ღონისძიება არც ჰქონია ჩატარებული. GTS group -ის წარმომადგენელს მედიასთან კომენტარის გაკეთება მაინც მოუწია და აი რას ამბობდა იგიკონცერტის ჩაშლასთან დაკავშირებით: „მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS group-ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ,ამ ეტაპზე, ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროვებთ არჩამოსვლის ნამდვილ მიზეზებს“ … ახლა კი ვნახოთ, თუ რა მიზეზს ასახელებს თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ჯგუფი „ზვერი“ – „კონცერტის ორგანიზატორმა ბათუმში, GTS group-მა არ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები – კერძოდ, არ გადარიცხა მუსიკოსებისთვის საჭირო ჰონორარი მითითებულ ვადაში“

მეორე მაგალითი:  Mumiy Troll– ორგანიზატორი PREMIER PROMONTION. ვებ-გვერდი არ იძებნება, ფეისბუქ გვერდი, როგორც წინა შემთხვევაში, სპეციალურად ამ კონცერტისთვის არის შექმნილი. კონცერტის გადადების მიზეზად სახელდება ტექნიკური პრობლემები.

მესამე მაგალითო – KASPIISKI GRUZ – ამ შემთხვევაში მითითებული ორგანიზატორი კომპანიები საერთოდ არ იძებნება ინტერნეტ სივრცეში.

ამ გაუგებარ ორგანიზატორთა „ღირსეული“ გაგრძელებაა შპს „კობე“, რომელიც აფილირებულია Easyloan.ge -სთან და ასევე შპს „ნიჯ გრუპი“.

ჩამოთვლილ ღონისძიებებს მხოლოდ TKT.GEის საშუალებით გაყიდული ბილეთები აერთიანებს.

ბუნებრივია, Chris Norman –ის და Chris Rea -ის ჩაშლილი კონცერტები გაცილებით რეზონანსული გამოდგა მუსიკოსების მასშტაბურობიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში, ამ ღონისძიებების მიმართ გამოხატული უკმაყოფილებაც ისევე მიიჩქმალებოდა, როგორც სხვა დანარჩენი კონცერტების ჩაშლის დროს მოხდა.

ამ ლოგიკის საწინააღმდეგოდ ზოგჯერ მოჰყავთ ხოლმე ელტონ ჯონის ასევე ჩაშლილი, უფრო სწორედ, გადადებული კონცერტი. თუმცა ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ ამ შემთხვევებს შორის რადიკალური განსხვავებაა. საქმე ის არის, რომ ელტონ ჯონის კონცერტის ბილეთებში გადახდილი სოლიდური თანხები, გადახდილი საკომისიოების ჩათვლით, მომხმარებელმა უპრობლემოდ დაიბრუნა. ეს გასაგები მიზეზის გამო მოხდა – ამ ღონისზიებას ზურგს უმაგრებდა უმსხვილესი ბანკის, „საქართველოს ბანკის“ ბრენდი – „სოლო“. ამ შემთხვევას აქვს თავისი ლოგიკა და აქ TKT.GE -ის რაიმე დადებითი წვლილი ნაკლებად მიუძღვის. TKT.GE -ის, საერთოდაც, საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ „წესებსა და პირობებში“  მკაფიოდ აქვს მითითებული, რომ არათუ საკომისიოს დაბრუნებას, არამედ შეძენილი ბილეთების გადაცვლასა და დაბრუნებასაც კი არ ახორციელებს.

ერთი სიტყვით, ძალიანც რომ მოვინდომოთ იმის დაჯერება, რომ TKT.GE მართლაც პასუხისმგებლიანი და მომხმარებლის ინტერესებზე, მის კომფორტზე ორიენტირებული კომპანიაა, ამის გაკეთება გაგვიჭირდება. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს.

კერძოდ, ფაქტია, რომ TKT.GE -ის მხოლოდ თავისი საქმიანობიდან მისაღები საკუთარი საკომისო აინტერესებს და მომხმარებლისთვის უკეთესო პირობების შექმნა სულაც არ შედის მის გეგმებში. სხვა შემთხვევაში, ამა თუ იმ ღონისძიების (უცხოელ შემსრულებლებს ვგულისხმობთ) ბილეთების საკუთარ პორტალზე განთავსებამდე, დეტალურად  გადაამოწმებდა ორგანიზატორის რეალურ შესაძლებლობებს, აქვს თუ არა მას გაფორმებული ხელშეკრულება შემსრულებლის მხარესთან და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზებდა მისი კონცერტის ბილეთებს საკუთარ მომხმარებელს. ასევე, აუცილებლად ღიად და თავიდანვე მიუთითებდა ამგავარი კონცერტების ორგანიზატორის ვინაობას. ასეთ შემთხვევაში TKT.GE ნამდვილად წარმოჩნდებოდა მომხმარებლის წინაშე, როგორც პირნათელი და მის ინტერესებზე მზრუნველი კომპანია.

საწუხაროდ, ფაქტია, ეს ასე არ არის.

ამიტომ, მანამ, სანამ TKT.GE მომხმარებელთან დამოკიდებულებას შეცვლის, ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც უდაოდ გამოგადგებათ  TKT.GE – სთან ურთიერთობისას.

გირჩევთ, ვიდრე ბილეთს შეიძენთ, დარეკეთ და მისწერეთ TKT.GEის და იკითხეთ, ვინ არის კონცერტის ორგანიზატორი. თუ პირადად არ გახვალთ კომუნიკაციაზე, სხვა შემთხვევაში, ამ ინფორმაციას საჯაროდ, TKT.GEის საიტზე, უბრალოდ ვერ ნახავთ, რადგან TKT.GEრ თვლის საჭიროდ ღონისძიების მოკლე ანოტაციაში ორგანიზატორი კომპანიის მითითებას.

ასევე გირჩევთ, რომ რამდენიმე დღეში მაინც გადაამოწმოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რადგან არ არის გამორიცხული, ორგანიზატორი კომპანიის ვინაობა შეცვლილი დაგხვდეთ, ისე როგორც ეს Chris Norman –ის შემთხვევაში მოხდა (easyloan.ge შპს „კობედ“ იქცა.)

მაინცადამაინც ნუ იჩქარებთ ბილეთის შეძენას, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ TKT.GEმა შესაძლოა ბილეთების გაყიდვა შეაჩეროს კიდეც (ორგანიზატორის მოთხოვნით), ანდა, სულაც გააუქმოს ღონისძიება.

თუ მაინც შეიძენთ ბილეთს, ხშირ-ხშირდ შეიხედეთ ხოლმე TKT.GEის საიტზე, რომ გაიგოთ, თქვენი რჩეული კონცერტი, მართლაც გაიმართება, თუ უკვე გაუქმდა, ან გადაიდო. იცოდეთ, კონცერტის გაუქმების შემთხვევაში, TKT.GEის მხრიდან ნებაყოფლობითია სმს-ების საშუალებით მომხმარებლის ინფორმირება და არც ბილეთების დაბრუნება ან/და მათი გადაცვლა ხდება.

TKT.GEის მენეჯერმა მარიამ მორგოშიამ BFM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ  Chris Rea -ის ჩაშლილი კონცერტის ბილეთების თანხების უკან დაბრუნება მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყება, რაც ორგანიზატორი მათ ანგარიშზე ასახავს შესაბამის თანხას. მისი ინფორმაციით, ამ პროცესს „ცნობილი იმპრესარიო“ ნოდარ კაკალაძე იანვრის ბოლოს დაიწყებს…

კვლავ დაიმედება, ისევ დაპირება, ისევ ლოდინი…

გიორგი ცაგარეიშვილი