რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

0
13
რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯები 140 მილიონით შემცირდა, ხოლო 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება

მთავრობის ხარჯებთან დაკავშირებით, მუდმივად ისმის კითხვები. ოპოზიციის ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკა სწორედ სამთავრობო ხარჯებს უკავშირდება. თუმცა, საქმე არც ისე რთულად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, ისე არ წვიმს როგორც ქუხს. მიმდინარე წელი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, საინტერესოდ გამოიყურება. გარდა იმისა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაცია განხორციელდა, ასევე, ნომინალურად შემცირდა მთავრობის ხარჯები როგორც შრომის ანაზღაურების, ისე საქონლის და მომსახურების ნაწილში. ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა წარმოადგენს.შესაბამისად, 2017 წელს ბიუროკრატიული ხარჯები 140 მილიონით დაიზოგა.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოსალოდნელ გეგმებს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება.

“თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან არის სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარი. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები, ეს ციფრი საკმაოდ დიდია”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბიუროკრატიული ხარჯების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში 2011-2016 წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული წარმომადგენლობითი, სამივლინებო და როუმინგული მომსახურების ხარჯების შედარება მოხდა.

წარმომადგენლობითი ხარჯები გულისხმობს: ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გაწეულ ხარჯებს, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების; სუვენირების შეძენის; სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის; სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს; სასტუმრო მომსახურებისა თუ სხვა ღონისძიებების ფარგლებში გაწეულ ხარჯებს.

IDFI-ს ცნობით, ამ მიმართულებით, წინა წელს 20,646 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2015 წელს ეს ციფრი – 17,877 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კვლევის ფარგლებში შედარებულია თუ რამდენს ხარჯავდა წარმომადგენლობით ხარჯებზე 2011 და 2016 წელს რამდენიმე საბიუჯეტო ორგანიზაცია.

კერძოდ, ცესკო-ს მიერ 2016 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯებმა – 219.6 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი – 33.1 ათასი ლარი იყო. პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით 2011 წელს – 668.3 ათასი ლარი; 2016 წელს კი – 611.3 ათასი ლარია დახარჯული. აღსანიშნავია, რომ 2011 წელთან შედარებით, წინა წელს მნიშვნელოვნად იყო შემცირებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები. კერძოდ, თუ ამ მიმართულებით 2016 წელს – 895 ათასი ლარი დაიხარჯა, 2011 წელს ეს ციფრი 1,939 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მივლინებებს, კვლევის თანახმად, გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მივლინებებზე 68,152 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 5,068 მილიონი ლარით მეტია. კერძოდ, 2015 წელს ბიუჯეტიდან გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა – 63,083 მილიონი ლარი; 2014 წელს – 62,482 მილიონი ლარი; 2013-ში – 69,146 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს – 53,551 მილიონი ლარი შეადგინა.

IDFI-ს კვლევის ფარგლებში განხილულია როუმინგული მომსახურების ხარჯებიც. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება 2011 და 2016 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაში დახარჯული თანხები. კერძოდ, IDFI-ს ცნობით, 2016 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მომსახურებაზე 29.2 ათასი ლარი დახარჯა, მაშინ როცა 2011 წელს ეს ციფრი – 233.5 ათასი ლარი იყო.

ასევე მნიშვნელოვნად იყო შემცირებული გასულ წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროების მიერ როუმინგულ მომსახურებაზე დახარჟული თანხების მოცულობაც. კერძოდ, თუ 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ 19.3 ათასი ლარი დახარჯა, 2016 წელს მსგავსი ხარჯი უწყებას საერთოდ არ ჰქონია; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კი როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა გასულ წელს 3.6 ათასი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2011 წელს ეს მაჩვენებელი – 36.3 ათასი ლარი იყო. რაც შეეხება პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2011 წელს ამ მიმართულებით გაწეულმა ხარჯებმა 19.2 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს – 10.2 ათასი ლარი შეადგინა.

ასევე, მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ როგორ იცვლებოდა სურათი ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით. თუ შევადარებთ ამ მიმართულების 2012 წლის სტატისტიკას მიმდინარე ტენდეციებს ვნახავთ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯები კლების ტენდენციით ხასიათდება.

– სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა: 2012წ. – 273 ათასს, ხოლო 2016წელს ფაქტობრივი დაზუსტებული მონაცემების მიხედვით – 262 ათას ადამაინს შეადგენდა.
– ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში სახელმწიფო მმართველობის წილი “ნაციონალური მოძრაობის” ბოლო ოთხ წელიწადში და “ქართული ოცნების” ოთხ წელიწადში (ანუ, 2009-2012 Vშ 2013-2016) შემცირებულია 162 მილიონით;
– ბიუროკრატიული ხარჯები მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში 2012 წლის 39%-დან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში წელს 27%-მდე მცირდება;
– სამთავრობო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2012 წლის 11%დან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 6,3%-მდე მცირდება;
– ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში (Heritage Foundation) სამთავრობო ხარჯების გამჭვირვალობის ნაწილში გვაქვს 20 პუნქტიანი გაუმჯობესება.
გასაგებია, რომ რაიმე მაჩვენებლის 2012 წელთან შედარება რელევანტური არ არის. თუმცა, აღნიშნული წელი გარკვეულწილად წყალგამყოფია ძველ და ახალ დროებს შორის და, შესაბამისად, სხვადასხვა მიმართულებით ტენდენციების შედარება გარკვეულწილად სურათის გლობალურად დანახვის საშუალებას იძლევა.