„ალტა“ და „მეტრომარტი“ გაერთიანებას გეგმავენ

0
58
„ალტა“ და „მეტრომარტი“ გაერთიანებას გეგმავენ

საქართველოს კონკურენციის სააგენტო „ალტასა“ და „მეტრომარტის“ კონცენტრაციას დათანხმდა. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, „ალტასა“ და „მეტრომარტს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 18 ოქტომბერს წარედგინა.

სააგენტოს ცნობით, ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლისა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეისწავლეს როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შემოსავლების სამსახური), ასევე შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტებისგან მიღებული ინფორმაცია.

„მიღებული დოკუმენტაციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით. სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება – შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია,“-აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის 2017 წლის 14 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, შპს „ალტას“ 52%-იან წილს თეა კაკაბაძე; 31.3236%-იან წილს ირაკლი კაკაბაძე; 7.3863%-ს გრიგოლ ნიკოლაიშვილი; 5.3494%-ს ლევან ნიკოლაიშვილი; 2%-იან წილს დავით სოფრომაძე; 1.148%-ს ზურაბ ტაბიძე; 0.5%-ს კახა ჭოველიძე და 0.2927%-იან წილს გია ზაზაშვილი ფლობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ

 შპს „ალტა“ შპს „ალტაოქეის“ 50%-იანი წილის მფლობელია.

რაც შეეხება შპს „მეტრომარტს“, მიმდინარე წლის 26 ივნისის ამონაწერის მიხედვით, „მეტრომარტის“ 33.34%-იან წილს ოფშორულ ზონაში სენტ-ვინსენტი და გრენადინებში რეგისტრირებული „სი.სი. ქორფორეიშნ“; 33.33%-ს – „ელვა ქორფორეიშნ“; ხოლო 33.33%-იან წილს ასევე ოფშორში რეგისტრირებული „ნექსტ ელექტრონიკს“-ი ფლობს.