1 დეკემბრიდან მაგთიკომის ტელევიზიის ყველა პაკეტის ტარიფი ძვირდება

0
25
1 დეკემბრიდან მაგთიკომის ტელევიზიის ყველა პაკეტის ტარიფი ძვირდება

“მაგთისატისა” და IP ტელევიზიის აბონენტებს 1 დეკემბრიდან ტარიფი 2 ლარით გაუძვირდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯი-დი-ესი ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ფასიანი ხდება.

“გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს). „მაგთიკომი“ ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად და აწვდის საკუთარ აბონენტებს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) კონტენტს. ტარიფის ცვლილება ეხება „მაგთიკომის“, როგორც „მაგთისატის“ ასევე IP ტელევიზიის ყველა აბონენტს.”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 ოქტომბერს საკაბელო კომპანიების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ექვსი ქართული არხი გათიშა. მიზეზად ტელეკომპანიების: იმედის, მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის, რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის გადაწყვეტილებას ასახელებენ.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, ტელევიზიებს სიგნალის გავრცელებისთვის საკაბელო კომპანიებმა თანხა უნდა გადაუხადონ.