როგორ მოახდენს ბიტკოინის ტექნოლოგია რევოლუციას

0
28
როგორ მოახდენს ბიტკოინის ტექნოლოგია რევოლუციას

ბიტკოინის კრიპტო-ვალუტას საფუძვლად ე.წ. ბლოკჩეინის ტექნოლოგია უდევს. ეს უკანასკნელი კი თქვენს ცხოვრებას შეცვლის, რადგან გარდა ფულის არსისა, ის კიდევ ბევრ სფეროში მოახდენს რევოლუციას. აი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

მონაცემების შენახვის ტექნოლოგიას კაცობრიობის ისტორიის მსვლელობაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მაგალითად, იუდაიზმის და ქრისტიანობის წერილობით ფორმაში შენარჩუნებამ, ორივე რელიგია დღევანდელ დღემდე მოიყვანა, განსხვავებით სხვა მიმდინარეობებისგან, რომლებიც მხოლოდ ზეპირი გზით გადაიცემოდა. 1086 წელს, უილიამ I დამპყრობლის მიერ შედგენილი საშინელი სამსჯავროს წიგნი, სადაც ადგილმამულების აღწერის შედეგები იყო შეგროვებული, ათი საუკუნის მანძილზე, 1960-იანი წლების ბოლომდე გამოიყენებოდა მიწებზე დავების გადასაწყვეტად. დღეს, ციფრული მონაცემების შენახვის ახალი სისტემა არსებობს, რომელსაც არანაკლები გავლენა ექნება ისტორიაზე. მას ბლოკჩეინი ეწოდება.

წარმოიდგინეთ ციფრული ჩანაწერების უზარმაზარი მასივი. იგი წასაკითხად ყველასთვის ღიაა: ნებისმიერს, ვისაც აქვს ინტერნეტი, შეუძლია მასში ინფორმაციის პოვნა. ამ ჩანაწერებს ერთი კონკრეტული პატრონი კი არ ჰყავს — ვინმე ადამიანი, რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო სტრუქტურა, — არამედ 8-9 ათასი კომპიუტერისგან შემდგარი გაბნეული ქსელი, მთელი მსოფლიოს გარშემო. ქსელში ჩართვა ნებაყოფლობითია. ადამიანები თავად წყვეტენ, რომ ჩაერთონ სისტემაში და მათი კომპიუტერის მოხმარების სანაცვლოდ, ხანდახან, ანაზღაურება მიიღონ. საკუთარი კომპიუტერის გაწევრიანება თქვენც შეგიძლიათ.

მასივის ყველა ჩანაწერი მუდმივად ინახება, მისი შეცვლა ან წაშლა შეუძლებელია და ამის გარანტი ქსელში ჩართული თითოეული კომპიუტერია, რომელიც ჩანაწერების საკუთარ ასლს ინახავს. სისტემის გატეხვა რომ მოინდომოთ, ქსელის ყველა კომპიუტერის დაჰაკვა მოგიწევთ, რაც შეუძლებელია და ეს ბევრი ნიჭიერი ადამიანის, მათ შორის, აშშ-ს NSA-ს სპეციალისტების უშედეგო მცდელობებითაც მტკიცდება. ამ კომპიუტერების ჯამური გამომთვლელი სიმძლავრე მსოფლიოში არსებული ტოპ-500 სუპერკომპიუტერის ერთად აღებულ სიმძლავრეზე მეტია.

ეს რევოლუცია ტელევიზორით არ გადაიცემა, იგი კრიპტოგრაფიულად ჩაიბეჭდება ბლოკჩეინში

ახალი ინფორმაცია ჩანაწერებში რამდენიმე წუთში ერთხელ ემატება, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა კომპიუტერი გამოაცხადებს “თანხმობას” ამ მონაცემის მიღებაზე. თანხმობას კი კომპიუტერი მხოლოდ მაშინ გასცემს, როდესაც ახალი მონაცემის სისწორის მტკიცებულებას მოიპოვებს. ყველამ იცის, როგორ მუშაობს სისტემა, მაგრამ არავის შეუძლია მისი წესების შეცვლა. პროცესის არცერთი ნაწილი არ საჭიროებს ადამიანის ჩარევას, ყველაფერი სრულიად ავტომატიზებულია.

ამ ჩანაწერებს რომ რომელიმე კომპანია ან სახელმწიფო სტრუქტურა განაგებდეს, იგი აღარ იქნებოდა სანდო. მაგალითად, კომპანიის გაკოტრების ან სტრუქტურის გაუქმების შემთხვევაში, მონაცემებზე პასუხისმგებელი აღარავინ დარჩებოდა. მაგრამ გაფანტულ ქსელში სისტემა დეცენტრალიზებულია. ამიტომ, ერთი კონკრეტული სუსტი წერტილი აღარ არსებობს. ხანდახან, შესაძლოა, რამდენიმე კომპიუტერმაც აურიოს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის — სხვა კომპიუტერები, საკუთარი ასლებით და სისწორის შესამოწმებელი მეთოდებით, განაგრძობენ მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ეს ბლოკჩეინია. ალბათ, ჩანაწერების შენახვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დეტალური მეთოდი ისტორიაში, მუდმივი მეხსიერების ღია სტრუქტურა, რომელიც ორგანულად იზრდება. ეს ტექნოლოგიური გარღვევა ციფრული ფულის სისტემა ბიტკონმა მოიტანა. მაგრამ მისი გავლენა ბევრად დიდი იქნება, ვიდრე უბრალოდ ფულის ალტერნატიულ სისტემაში გამოყენებაა.

ბევრს უჭირს გაიგოს, რითია ბიტკოინი ასეთი განსაკუთრებული. ჩვენ ყველას გვაქვს საბანკო ანგარიშები ფუნტში, დოლარში, ევროში ან რომელიმე სხვა ეროვნულ ვალუტაში. ეს ფული მთლიანად ციფრულია, ფიზიკურად არ არსებობს, უბრალოდ ციფრებით არის გამოსახული სადღაც, რომელიღაც საცავში. ყველა ეროვნული ვალუტის მხოლოდ 3 პროცენტი არსებობს ფიზიკურად, დანარჩენი ციფრული ფორმით ინახება. ასევე, ბევრს გვაქვს მაღაზიების დაგროვების ბარათები, ქულები, არც ისინი არსებობს ხომ ფიზიკურად? სადღაც ინახება რიცხვი, იმის შესახებ, თუ რამდენი ქულა გვაქვს, მაგრამ ამ ქულების გადაცვლა მაინც ხდება სხვადასხვა პროდუქტსა თუ სერვისში. ასე რომ, ეს ქულებიც, ვიწრო გაგებით, ფულია. მაშინ, რატომ არის ყველა აღფრთოვანებული ბიტკოინით?

ამის გასაგებად, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ფული და ნაღდი ფული.

მაგალითად, თუ მე მაღაზიაში ვიყიდი შოკოლადს და გამყიდველს მივცემ 50 პენსს, ეს იქნება ტრანზაქცია ნაღდი ფულით. ჩემი ფული პირდაპირ, მომენტალურად გადაეცემა გამყიდველს. მაგრამ თუ მე საკრედიტო ბარათით გადავიხდი, ამ დროს პროცესში ჩაერთვება რომელიმე გადახდის გამტარი სისტემა (ხშირად, ერთზე მეტი). სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაჩნდება შუამავალი.

იგივე მოხდება, თუ გადავწყვეტ ჩემი ბანკის ანგარიშში შენახული ფულის დახარჯვას, საჭირო იქნება შუამავალი — ბანკი, ფეიფელი ან პლასტიკური ბარათების საპროცესინგო კომპანია. ლოიალურობის სისტემებში დაგროვილი ქულების დასახარჯადაც შუამავალი დამჭირდება — შესაბამისი მაღაზია, აფთიაქი ან ავიახაზები.

1980-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, პროგრამისტები ცდილობდნენ ეპოვნათ ნაღდი ფულით ტრანზაქციის ციფრული ანალოგი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. მთავარი პრობლემა ე.წ. “ორმაგ ხარჯვაში” იყო. მაგალითად, თუ მე გამოგიგზავნით ელფოსტით ფოტოს ან ვიდეოს (ანუ, ნებისმიერ კომპიუტერულ კოდს), თქვენ შეგეძლებათ, დააკოპიროთ იგი და გაუგზავნოთ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანს. ანუ, ციფრული მონაცემი ადვილად კოპირებადი და დაუცველია. ანალოგიურად, რომ შეიძლებოდეს ციფრული ტრანზაქციისას მიღებული ფულის კოპირება, იგი მომენტალურად დაკარგავდა ფასს. ვერავინ ახერხებდა ეპოვა პირდაპირი ციფრული ტრანზაქციების დაცული გზა შუამავლის გარეშე, რომელიც ყოველ ტრანზაქციას გადაამოწმებდა და დაამუშავებდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში პროგრამისტების უმრავლესობას ხელი ჰქონდა ჩაქნეული და ამ იდეას გადაუჭრელ ამოცანად თვლიდნენ. ცოტა მოგვიანებით კი, 2008 წლის მიწურულს, ერთ მივიწყებულ მეილინგ-სიაში ბიტკოინი დაანონსდა.

ერთ დოლარიან კუპიურაზე გამოსახულია სიტყვები “ჩვენ გვწამს ღმერთის”. ბიტკოინის მოყვარულები კი ხშირად ამბობენ: “ჩვენ გვწამს მტკიცებულების”.

2009 წლის ბოლოსკენ პროგრამისტები მიხვდნენ, რომ ბიტკოინის გამომგონებელმა სატოში ნაკამოტომ ორმაგი დახარჯვის პრობლემა წარმატებით გადაჭრა. გამოსავალი იყო ბლოკჩეინი — ჩანაწერების ავტომატური სისტემა, რომელსაც არ ჰყავდა კონკრეტული მეთვალყურე და შუამავალს ფუნქციას აკარგვინებდა. იმის მაგივრად, რომ ტრანზაქციები ბანკს ემოწმებინა, მათ დამუშავებას, ღია კოდის საუკეთესო ტრადიციებში, ბიტკოინის ქსელში გაბნეული 8-9 ათასი კომპიუტერი ახდენდა. როგორც კი ამ კომპიუტერებს ექნებოდათ შესაბამისი მათემატიკური და კრიპტოგრაფიული მტკიცებულება, ისინი ამტკიცებდნენ და ასრულებდნენ ტრანზაქციას. გადახდის ინფორმაცია კი — თარიღი, თანხის მოცულობა და საფულის მისამართი — ჩანაწერთა მასივს ემატებოდა. სწორი ტერმინები რომ ვიხმაროთ, “მონაცემების მორიგი ბლოკი ემატებოდა ინფორმაციის ჯაჭვს”. სახელიც აქედან წამოვიდა: blockchain (ინფორმაციის ბლოკების ჯაჭვი).

ფული აუცილებლად ითხოვს ნდობას — ნდობას ცენტრალური ბანკის, კომერციული ბანკის, სხვა დიდი ინსტიტუციების და თავად ქაღალდის მიმართ. ერთ დოლარიან კუპიურაზე გამოსახულია სიტყვები “ჩვენ გვწამს ღმერთის”. ბიტკოინის მოყვარულები კი ხშირად ამბობენ: “ჩვენ გვწამს მტკიცებულების”. ბლოკჩეინმა, რომელიც სრულიად გამჭვირვალე, ავტომატური და მათემატიკურ-კრიპტოგრაფიული მტკიცებულებებითაა დაცული, ასეთი ნდობის აუცილებლობა გააქრო. ამ ტექნოლოგიით, ხალხს გაუჩნდა ციფრული ფულის მარტივად მიმოცვლის საშუალება, ელფოსტის ან მესიჯის გაგზავნის მსგავსად, შუამავლის გარეშე.

ასე რომ, ბიტკოინის აღწერის ყველაზე მარტივი ფორმაა “ნაღდი ფული ინტერნეტისთვის”. იგი ალბათ არასდროს შეცვლის აშშ დოლარს ან სხვა ვალუტას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამტკიცებს ამას, მაგრამ მას მაინც ბევრი გამოყენება აქვს. და პრაქტიკულ დონეზე, ნამდვილად მუშაობს.

ამის მტკიცებულებად ონლაინ შავი ბაზრის ზრდაც გამოდგება. სავარაუდოდ, შავ ბაზარზე დღეში მილიონი ფუნტის ღირებულების არალეგალური საქონელი იყიდება, გადახდის ფორმა კი ბიტკოინია. სწორედ ბიტკოინმა შეუწყო ხელი ასეთ ზრდას. (მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინში იწერება და საჯაროა, მისი გამგზავნი ან მიმღები პირის ვინაობა შეიძლება ანონიმური იყოს, რაც კიდევ ერთი მიმზიდველი ფაქტორია). მსოფლიოს ფინანსური ბაზრებისთვის დღეში ერთი მილიონი არაფერია, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ ბიტკოინს სერვისების და საქონლის შესაძენად, ადასტურებს, რომ ტექნოლოგია მუშაობს. შავ ბაზრებს ნამდვილად არ ვუცხადებ მხარდაჭერას, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ხშირად პირველები არიან ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში. მაგალითად, მათ პირველებმა დაიწყეს ინტერნეტის გამოყენება შემოსავლის მისაღებად. საკრედიტო ხაზების და ინვესტორების გარეშე, შავი ბაზრები იძულებულები არიან, სწრაფად და პრაქტიკულად დანერგონ ახალი ტექნოლოგები საკუთარ საქმიანობაში.

მაგრამ ბიტკოინის პოტენციალი ბევრად სცდება შავ ბაზრებს. დაფიქრდით, რატომ ვიყენებთ ნაღდ ფულს რეალურ სამყაროში? ის ძალიან მოსახერხებელია პატარა ტრანზაქციების ჩასატარებლად — შოკოლადის ფილის ან გაზეთის საყიდლად. მსგავსი მოთხოვნილება ინტერნეტშიც არსებობს. შეიძლება მინდოდეს The Times-ის სტატიის წაკითხვა, ერთი სტატიის, წლიური გამოწერის ყიდვის გარეშე. ხომ იქნება კარგი, არსებობდეს სისტემა, რომლითაც ასეთ მიკრო-გადახდას შევასრულებ? ასეთი მცირე ტრანზაქციის დამუშავება შუამავლის დროდაც კი არ ღირს. მაგრამ “ინტერნეტის ნაღდი ფულის” დახმარებით, ასეთი გადახდის შესრულება უკვე შესაძლებელია — ეს პირდაპირი გადახდა იქნება, შუამავლის გარეშე, რომლის დამუშავებაც არაფერი ეღირება და არავინ აიღებს საკომისიოს. ონლაინ-გამომცემლებსაც აღარ მოუწევთ ხარისხიანი მასალის უფასოდ დარიგება, ხარჯის მომავალში, რამე ფორმით ამოღების იმედად.

ნაღდ ფულს ყოველდღიურად ვიყენებთ სწრაფი, პირდაპირი გადახდისთვის. ან ჩაის დასატოვებლად. მაგალითად, ქუჩის მუსიკოსს უცბად ჩავუგდებთ ხოლმე ხურდას ყუთში და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მალე, ასეთივე სიმარტივით შეგვეძლება მადლიერების გამოხატვა ინტერნეტ-კონტენტის შემქმნელის მიმართაც — მისი YouTube-ვიდეოს, სიმღერის ან ბლოგ-პოსტისთვის. მაშინაც კი, როდესაც რესტორანში ბარათით ვიხდი, მიმტანს ჩაის მაინც ნაღდი ფულით ვუტოვებ. ამგვარად ზუსტად ვიცი, რომ ეს თანხა პირდაპირ მიმტანთან მოხვდება და არა მის დამსაქმებელთან. ასევე, ბაზარში მიყვარს გადახდა ნაღდი ფულით, სადაც ბევრი მცირე მეწარმეა. მათ აწყობთ პირდაპირი გადახდა, რადგან კუთვნილ ფულს გზაში არ ეჭრება შუამავლი ბანკების და საპროცესინგო კომპანიების საკომისიოები. მცირე შემოსავლიანი ბიზნესისთვის გადახდის დამუშავების სიიაფე სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი. და ინტერნეტის ნაღდი ფული აქაც გამოდგება. მას აგრეთვე ფულადი გზავნილების სფეროში აქვს დიდი პოტენციალი, სადაც ამჟამად Western Union-ის მსგავსი კომპანიები დომინირებენ. როდესაც სამშობლოდან მოშორებით დასაქმებულები ფულს სახლში აგზავნიან, სხვადასხვა საკომისიოების ჯამი, ხშირად, გასაგზავნი თანხის 20 პროცენტამდეც კი ადის. ბიტკოინით, ეს ხარჯები გაქრება.

ზოგჯერ გვინდა, გადახდა დაფარული იყოს. დაფარული არ ნიშნავს აუცილებლად არალეგალურს. მაგალითად, შეიძლება ქორწილის საიუბილეოდ, საჩუქრის ყიდვა გინდოდეთ მეუღლესთვის სიურპრიზად. ან, შეიძლება, საქველმოქმედო ფონდში გსურდეთ ანონიმურად გადარიცხვა. ან, სულაც, ცელქობა გადაწყვიტოთ: Ashley Madison-ის გაჟონვის შემდეგ, ბევრი ინატრებდა, რომ საწევრო გადასახადის გადახდა ფარულად ყოფილიყო შესაძლებელი. (Ashley Madison ამერიკული საიტია, სადაც დაქორწინებული ადამიანები ერთმანეთს ფარული ინტიმური ურთიერთობებისთვის ეძებენ. 2015 წლის ივლისში, ჰაკერებმა საიტი გატეხეს და მისი წევრების პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვეს, — On.ge).

ნაღდი ფული კიდევ უფრო მნიშვნელოვანი 3,5 მილიარდი ადამიანისთვისაა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის “უბანკო” ნახევარია, რომელსაც ფინანსურ სისტემებზე ხელი არ მიუწვდება. ბიტკოინით კი, სისტემაში მოსახვედრად მხოლოდ ინტერნეტია საჭირო.

იტკოინს ამჟამად მცირე პრობლემები აქვს მის მართვასთან და ზრდის ტემპებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგია მუშაობს და პროგრამისტები ცდილობენ, ბლოკჩეინის სისტემა სხვა სფეროებშიც დანერგონ. 2017 წლიდან, ბლოკჩეინის პრინციპზე მომუშავე ელემენტები ყველა ჩვენგანის ციფრულ ცხოვრებაში შეაღწევს.

გამოყენების ერთი მაგალითი დეცენტრალიზებული შეტყობინებებია. როგორც ბიტკოინს არ სჭირდება შუამავალი, მალე იარსებებს მესიჯების სისტემა, რითიც გააგზავნით და მიიღებთ შეტყობინებებს Gmail-ის, iMessage-ის, WhatsApp-ის ან სხვა შუამავლის გარეშე, ვისაც მიმოწერაზე წვდომა შეიძლებოდა ჰქონოდა. იგივე ეხება სოციალურ მედიას — Facebook-ს ან Twitter-ს თქვენი და თქვენი მეგობრების საუბარზე წვდომა აღარ ექნებათ. პირადი ინფორმაციის დაცვაზე ამ ტექნოლოგიას უდიდესი გავლენა ექნება.

ასევე ვიხილავთ ფაილების დეცენტრალიზებულ საცავებს და cloud-ზე დაფუძნებულ სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მონაცემების მხოლოდ ერთ პროვაიდერთან შენახვის რისკებს. კომპანია სახელად Trustonic ბლოკჩეინზე დაფუძნებულ მობილურ ოპერაციულ სისტემაზეც კი მუშაობს, რომელიც Android-ის და iOS-ის კონკურენტი იქნება.

როგორც ბიტკოინის შემთხვევაში ინახება ბლოკჩეინში მონაცემი, თუ სად არის და ვის ეკუთვნის ვალუტის ერთეული, ისევე შეიძლება ამ სისტემის გამოყენება ინფორმაციის შესანახად მესაკუთრეობის შესახებ. ამას უდიდესი გავლენა ექნება აქციების, ობლიგაციების, ფიუჩერსების და ნებისმიერი ფინანსური აქტივის რეგისტრაცია-ვაჭრობის მეთოდზე. რეგისტრანტებს, საფონდო ბირჟებს და საინვესტიციო ბანკებს წინ დიდი ცვლილებები ელით, მათ მონოპოლიებს ბლოკჩეინი ემუქრება.

ბლოკჩეინი მიწის და უძრავი ქონების მფლობელობის რეგისტრაციისთვის და ვაჭრობისთვისაც გამოდგება. ჰონდურასში, სადაც ძალიან ხშირად დავობენ სანაპიროს უძრავ ქონებაზე, უკვე იწყებენ მუშაობას მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის ბლოკჩეინში შენახვაზე. გამომძიებელი ჟურნალისტის კევინ ქეიჰილის წიგნის ვინ ფლობს ბრიტანეთს? (2001) მიხედვით, გაერთიანებულ სამეფოში მიწის 50 პროცენტი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია. ინფორმაცია ბიტკოინში ყველა ტიპის საკუთრების შესახებ შეიძლება მოთავსდეს — ბილეთების, ავტომობილების, ბრილიანტების, ოქროს — და ყოველი ელემენტის იდენტიფიკატორს ისეთივე ძალა ექნება, როგორც ნებისმიერ სხვა დოკუმენტს. მისი გაცემა გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე სხვა ტიპის დამადასტურებელი საბუთის.

პერუელ ეკონომისტს ჰერნარდო დე სოტო პოლარს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული ნამუშევრებისთვის საკუთრების შესახებ. მისი ცენტრალური თეზისი ემყარება მოსაზრებას, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნების განუვითარებლობის მთავარი მიზეზი, ქონების მფლობელობის ზუსტი რეესტრის არარსებობაა. აუცილებელია იყოს ცხადი, ზუსტი, აღიარებული და დაცული, თუ ვინ რას ფლობს ქვეყანაში — წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიციები და განვითარება შეფერხდება. როდესაც საკუთრების აღრიცხვა მოწესრიგებულია, ხალხი თავისუფლად ვაჭრობს, შედის გარიგებებში და ამარცხებს გაჭირვებას. ბლოკჩეინის მხარდამჭერები თვლიან, რომ ეს ტექნოლოგია ამ სფეროსაც მნიშვნელოვნად დაეხმარება.

მესამე მსოფლიოს ქვეყნების განუვითარებლობის მთავარი მიზეზი, ქონების მფლობელობის ზუსტი რეესტრის არარსებობაა

როგორც კი მფლობელობა გარკვეულია, დგება ხელშეკრულების და საკუთრების უფლების საჭიროებაც, რასაც, ბლოკჩეინის განვითარების შემდეგ ეტაპზე მივყავართ: ავტომატური კონტრაქტები. ან, ამერიკელი პროგრამისტის, ნიკ საბოს დამკვიდრებული ტერმინით — “ჭკვიანი კონტრაქტები”. მესაკუთრეობის ჩანაწერებიდან გადავინაცვლეთ კონტრაქტზე, რომელიც თავის თავში მოიცავს მფლობელობის ფაქტსაც და იმ პირობებსაც, რაც ამ ფაქტითაა განსაზღვრული. ცნობილია, რომ მაგალითად, თუ ობლიგაცია ეკუთვნის პირს, მას მოჰყვება კონკრეტული პირობებიც. ეს პირობები შეიძლება განსაზღვრავდნენ სარგებლის დარიცხვას, კრედიტის გადაფარვას ან საჯარიმო სანქციებს. ბლოკჩეინში კი ამ ყველაფრის მოთავსება შეიძლება. თან ისე, რომ პირობების შესაბამისი ქმედებები ავტომატურად განხორციელდეს.

ხელშეკრულების არსებობის ნებისმიერ მომენტში, შეთანხმებისას, აღსრულებისას ან მის შეუსრულებლობაზე დავის წარმოქმნისას, ფაქტების ანალიზს და შეფასებას ყოველთვის ადამიანები ახდენდნენ. ჭკვიანი კონტრაქტები ავტომატურად მოახდენენ პირობების გადამოწმებას და შედეგების მიხედვით, საჭირო მოქმედებების შესრულებას. ამით, მინიმუმამდე დავა ადამიანების ჩართულობა და, შესაბამისად, ხარჯიც. თეორიულად, ყველაზე ჩახლართული ბიზნეს-გარიგებაც კი შეიძლება გარდაიქმნას კოდად, ჩაიდოს ბლოკჩეინში და ყველაფერი ეს დაჯდეს ტრადიციული ხელშეკრულების მომზადების და მასზე დავის დანახარჯების მეასედი.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც თანამედროვე იურიდიულ სისტემას აკრიტიკებენ, მისი სიძვირეა. ხარისხიანი იურიდიული მომსახურების მიღება ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. ჭკვიანმა კონტრაქტებმა შესაძლოა სრულიად შეცვალონ ეს სფერო და იურიდიული სერვისები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ზუსტად ისე, როგორც ინტერნეტმა გახადა ხელმისაწვდომი მუსიკის ან ტექსტების შექმნა-გავრცელება.

ამ ყველაფერს უდიდესი გავლენა ექნება თანამედროვე ბიზნესზე. შესაძლოა, ბლოკჩეინმა ბანკირების, ადვოკატების, ადმინისტრატორების და რეგისტრატორების სამუშაო შეასრულოს, თან — უფრო ხარისხიანად და იაფად.

გარდა საკუთრებისა, ბლოკჩეინით ნამდვილობის დადასტურებაც შეიძლება. ნოტარიზაციიდან (დოკუმენთების ავთენტურობის დამოწმებიდან) სერტიფიცირებამდე, ბლოკჩეინის გამოყენების უამრავი სფერო იარსებებს. ეს მეთოდი განსაკუთრებით დიზაინერული ნაწარმის ან მაღალი კლასის ელექტროსაქონლის მწარმოებლებს გამოადგებათ, სადაც მთავარი ღირებულება ბრენდით იქმნება. ჩვენ გვეცოდინება, რომ ეს ნამდვილად ლუი ვიტონის ჩანთაა, რადგან იგი წარმოების დროს ბლოკჩეინში ჩაიწერება.

ბლოკჩეინი თქვენი პიროვნების ავთენტურობასაც გადაამოწმებს. ამჟამად, ინტერნეტში ვინაობის დასადასტურებლად, მომხმარებლის სახელების და პაროლების სისტემას ვიყენებთ, რაც მოუხერხებელი და თაღლითობისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ეს მეთოდიც მალე შეიცვლება. ერთი კომპანია ბლოკჩეინის გამოყენების გზას მანქანის და სახლის საკეტების სისტემაშიც ხედავს. სახლში მოხვედრის შემდეგ, ბლოკჩეინი “ნივთების ინტერნეტშიც” გამოდგება, თქვენი სახლის ქსელის და მოწყობილობების ქლაუდ-სერვისებთან დასაკავშირებლად. (“ნივთების ინტერნეტი” ერთმანეთთან ქსელით დაკავშირებული მოწყობილობების პირობითი სახელია. ასე უწოდებენ ხედვას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ნივთი — სკამი, მაცივარი, საკეტი ან სანათი — ინტერნეტთან იქნება დაერთებული და გარემოს ან ერთმანეთის აღქმით, უფრო სასარგებლო ფუნქციებს შეიძენს. )

პიროვნების იდენტიფიცირებიდან რეპუტაციამდე ერთი ნაბიჯია. დაფიქრდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს რეიტინგს TripAdvisor-ზე ან eBay-ზე, ან დადებით შეფასებას Amazon-ზე. ინტერნეტ-რეპუტაცია ბიზნეს-მოდელების აუცილებელი ნაწილი გახდა და მისი წყალობით, უამრავი სფერო გაუმჯობესდა. TripAdvisor-ის გამო, ჩვეულებრივი სასტუმრო მეფურად მოგეპყრობათ, რომ ხუთ ვარსკვლავზე ნაკლები შეფასება არ დაუწეროთ. Uber-ის მძღოლიც ბევრად უკეთ გემსახურებათ, ვიდრე ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი, რადგან მასაც კარგი შეფასების იმედი აქვს.

მალე, შესაძლოა, თქვენი მობილური ტელეფონით მისცეთ ხმა, თან ისე, რომ ეს გზა გაყალბებისგან ათჯერ უფრო დაცული და იაფი იყოს, ვიდრე ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი სისტემებია

შეფასებების სისტემა შავი ბაზრის წარმატებულობის მიზეზიც გახდა. ცუდი გამყიდვლები ცუდ რეიტინგს ღებულობენ, კარგები — კარგს. მომხმარებლებიც კარგი რეიტინგის მქონეებს არჩევენ. შავი ბაზარზე აღარ არიან იმდენი თაღლითები, რამდენიც ადრე. მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღების ასეთი სისტემის ფონზე, სტანდარტების დამწესებელი სტრუქტურები, მომხმარებელთა დაცვის ჯგუფები და ბიზნესის სხვადასხვა რეგულაციები, მოძველებულად და არაეფექტურად გამოიყურებიან.

როგორც კი თქვენი ინტერნეტ-რეპუტაცია ბლოკჩეინში შეინახება (დეცენტრალიზებულად, და არა TripAdvisor-ის ან სხვა კომპანიის ხელში), ყველას მოუნდება კარგი შეფასებების მიღება. კარგი რეპუტაციის ქონის და შენარჩუნების სურვილი კი ნიშნავს, რომ ადამიანები, ზოგადად, უფრო წესიერად მოიქცევიან. Sony ამ მიდგომის ათვისებას აპირებს, რის შემდეგაც თქვენი პროფესიულ-საგანმანათლებლო რეპუტაციაც ბლოკჩეინში შეინახება — სკოლაში მიღებული ნიშნები, უმაღლესი განათლების ხარისხი, სამუშაო გამოცდილება, უნარები, რეზიუმე, ყოფილი კოლეგების შეფასებები. აშკარაა, რომ იგივე ტექნოლოგია სამედიცინო ჩანაწერების შენახვაშიც იმუშავებს და კრიმინალური მონაცემებისთვისაც გამოდგება — თან, არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ კომპანიებისთვისაც. მაგალითად, თუ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას მიეწერება ცუდი რეპუტაცია გარემოს დაბინძურების გამო, მას რომელიმე ტენდერში გამარჯვების ან სამუშაოების ნებართვის მიღების ნაკლები შანსი ექნება.

მიმდინარეობს ფიქრი საარჩევნო სისტემების ცვლილებაზეც. არჩევნები და რეფერენდუმები — თავისი კამპანიებით, ადამიანური რესურსით, ბიულეტენებით — ძვირადღირებული პროცესებია. მაგრამ მალე, შესაძლოა, თქვენი მობილური ტელეფონით მისცეთ ხმა, თან ისე, რომ ეს გზა გაყალბებისგან ათჯერ უფრო დაცული და იაფი იყოს, ვიდრე ამერიკის ან დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი სისტემებია. დამატებით, შეგეძლებათ თქვენს ხმას ბოლომდე მიჰყვეთ, ანონიმურად და აკონტროლოთ, ჩაითვლება თუ არა შედეგებში. დანერგვის შემთხვევაში, ყველაზე კორუმპირებული მთავრობაც კი ვერ შეძლებს ამ სისტემით მანიპულირებას. აღარც ფლორიდაში იქნება საჭირო ხელმეორე გადათვლები! (აშშ-ს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, ფლორიდის შტატში ხმები ხელმეორედ გადათვალეს. ამ შტატის შედეგი გადამწყვეტი აღმოჩნდა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, სადაც ჯორჯ ბუშ უმცროსსა და ალ გორს შორის მინიმალური სხვაობა დაფიქსირდა — On.ge). ამით ბლოკჩეინი პირდაპირი დემოკრატიის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. როდესაც არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარებისას დანახარჯები და გაყალბება გამოირიცხება, ძალიან ცოტა მიზეზი დარჩება იმისთვის, რომ მთავრობამ პირდაპირ ხალხს არ ჰკითხოს ხოლმე აზრი მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ მალე ახალი ტექნოლოგია ჩვენს ონლაინ-აქტივობებს შეცვლის. ეს რევოლუცია ტელევიზორით არ გადაიცემა, იგი კრიპტოგრაფიულად ჩაიბეჭდება ბლოკჩეინში. თავად ბლოკჩეინი კი, რომელიც თავდაპირველად ციფრული ნაღდი ფულის პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა, ბევრად მნიშვნელოვანი რამ — 21-ე საუკუნის საშინელი სამსჯავროს წიგნი და მასზე მეტიც იქნება.