ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში 330 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო დეკემბერში გაიხსნება

0
13
ყოფილი

მიმდინარე წლის ბოლოს სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ახალი კლინიკა ამოქმედდება. დეკემბერში, ყოფილი “ლეჩკომბინატის” შენობაში 330 საწოლზე გათვლილი საავადმყოფო გაიხსნება. ამჟამად შენობაში დიაგნოსტიკური ცენტრი ფუნქციონირებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს აქვს შანსი საკმაოდ მალე გახდეს რეგიონის ჯანმრთელობის ტურიზმის ჰაბი.

“კლინიკა მულტიფროფილური იქნება. ეს არის ყველაზე დიდი დიაგნოსტიკური ცენტრი, დაახლოებით 9000 კვადრატულ მეტრზე დიაგნოსტიკური ცენტრით, 330 საწოლით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრით. 3-4 წლის წინ გაცილებით მეტი ხალხი გადიოდა თუნდაც იგივე თურქეთში ან ისრაელში, ვიდრე დღეს გადის. რაღაც კონკრეტული სერვისები გაჩნდა საქართველოში. მაგალითად, ტრანსპლანტაცია. საქართველო დღეს უკვე არის რეგიონის ტურისტული ჰაბი და ვფიქრობ, საკმაოდ მალე საქართველო გახდება რეგიონის ჯანმრთელობის ტურიზმის ჰაბი. ამისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური სერვისები,” – აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე, სამედიცინო კორპორაცია ევექსის გენერალური დირექტორი.

“ლეჩკომბინატის” შენობის სრული აღჭურვისთვის “ევექსმა” ჯამში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

სანდრო პირველი