“ზოგიერთ პროდუქტს ორჯერ და მეტადაც უცვლიან ვადას”

0
66

სავაჭრო ობიექტებში საკვებ და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ვადის შეცვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია.
როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა “ფაქტზე გამოჭერა” არც ისე იოლია, ამიტომ მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ აუცილებელია, რომ საქმეში შესაბამისი სტრუქტურა ჩაერთოს.

მეწარმეების არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ხშირად მცირეწლოვან მომხმარებლებსაც არ ინდობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა “სპარში”, რის შესახებაც საზოგადოებისთვის “მომხმარებელი.გე”-ს საშუალებით გახდა ცნობილი.

ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სუპერმარკეტ “სპარში” შეძენილი “როშენის” შოკოლადი “ქენდი ნათსი” ობიანი იყო, შიგთავსში კი მატლები ჰქონდა.

ორგანიზაციის ცნობით, მომხმარებელმა 9 ოქტომბერს დაფარული კომენტარით აცნობა, რომ “სპარში” ნაყიდ “როშენის” შოკოლადში “ქენდი ნათსი” მატლები აღმოაჩინა.

“საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია “სპარში” (სს “ფუდმარტი”, ვაჟა-ფშაველას გამზ.# 2) შევიძინეთ “როშენის” შოკოლადი და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით. სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაში წერილი უკვე გაიგზავნა”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცხადია, ეს არ არის ერთი კონკრეტული შემთხვევა. როგორც ორგანიზაცია “ეტიკის” ხელმძღვნელი ამირან შენგელია ამბობს, პროდუქტზე ვადის შეცვლის პრეცედენტები ხშირია. ეს შეიძლება იყოს კბილის პასტა, ფხვნილი, წამალი და სხვა. რეალიზაციისას პროდუქტს ვადას უპრობლემოდ უცვლიან და ეს იშვიათად არ ხდება.

“ვადის შეცვლას მასობრივი სახე არ აქვს, მაგრამ ცალკეული შემთხვევები ნამდვილად არის, სამწუხაროდ, არც ისე ცოტა. შენახვის ვადასთან დაკავშირებულ უზუსტობას დამამზადებელს ვერ დავაბრალებთ. არ არის გამორიცხული, ზოგიერთ პროდუქტს ორჯერ და მეტადაც უცვლიდნენ ვადას. ძირითადად, ეს ეხება იმპორტირებულ საქონელს, რომელიც დიდი პარტიებით შემოაქვთ და განსაზღვრულ დროში ვერ ყიდიან. რამდენიმე ასეთ შემთხვევას თავადაც შევსწრებივარ, მაგრამ ჩვენი მხრიდან პროდუქტის რეალური ვადა ძნელი დასამტკიცებელია. ასეთ დროს საგადასახადო უნდა ჩაერთოს, ფაქტურები ამოიღოს და სხვა.

პარტიზანულად თუ აღმოვაჩენთ დარღვევებს, თორემ სანამ მომხმარებელი არ შეამჩნევს ფაქტს ან ჩვენვე არ წავასწრებთ ვინმეს, ვადაშეცვლილი პროდუქტის გამოვლენა რთულია. ხშირია ისეთი შემთხვევაც, როცა დაფასოებული პროდუქტის ყიდვისას საერთოდ არ აწერია ვადა ან არასრულყოფილად (მხოლოდ გამოშვების ვადა) არის აღნიშნული. მცირე მაღაზიების გარდა, შემთხვევები ბრენდებშიც შესამჩნევია”, – აცხადებს შენგელია.

მომხმარებელთა უფლებადამცველი ამბობს იმასაც, რომ უმეტესად მყიდველი უგულისყუროდ ეკიდება მის მიერვე გამოვლენილ ფაქტს და დარღვეული უფლების დაცვაზე უარს ამბობს. ამ დროს არც ერთი ასეთი შემთხვევა არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. მით უმეტეს, როცა საქმე საკვებს ეხება, რაც მომხმარებლის ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს.

“არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი ვადაშეცვლილი ან თუნდაც ვადაგასული პროდუქტის “აღმოჩენის” შესახებ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საჩივრის შედგენას არ თანხმდება. ეს უყურადღებობისა და გულგრილობის ბრალიცაა.

რამდენიმე ხნის წინ მქონდა შემთხვევა, ვადაგასული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია თვითონ დაზარალებულმა მომაწოდა. მივედით ადგილზე, მოვამზადეთ ყველა საჭირო საბუთი, მაგრამ საბოლოოდ მყიდველმა მითხრა, რომ ჩივილი გადაიფიქრა. როგორც ჩანს, მეწარმეს გაურიგდა, რას იზამ, ყველაფერი ხდება.
ზოგადად ამ მხრივ საბითუმო ბაზარზე უფრო რთული ვითარებაა. ხშირად დისტრიბუტორებიც სცოდავენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული კონტროლის მიუხედავად, დარღვევები საკმაოდ ხშირია სავაჭრო ობიექტებში. ეს ეხება უკლებლივ ყველა – როგორც სურსათს, ასევე არასასურსათო პროდუქტს”, –  აცხადებს ამირან შენგელია.

სპეციალისტების განმარტებით, საკვების დაბინძურება შესაძლოა, სხვადასხვა სახის დაავადების გამომწვევი გახდეს. საკვების მეშვეობით დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭიროა, სათანადოდ იქნას დაცული ჰიგიენური ნორმები საკვების დამზადებისა და მოხმარების ყველა სტადიაზე: შეძენისას, ტრანსპორტირებისას, მომზადებისას, მოხმრებისას და ნარჩენების გადაყრისას.

სურსთის სფეროს სპეციალისტი ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ ვადაშეცვლილი პროდუქტის კონკრეტულ ფაქტებთნ დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ პრობლემის შესახებ ხშირად მომხმარებლისგან იგებს. ამასთან, ის საუბრობს საფრთხეზე, რასაც ვადაგასული საკვების მოხმარება იწვევს.

“ამა თუ იმ პროდუქტის ვარგისიანობა მხოლოდ მისი ვადითაა განსაზღვრული. მისი დარღვევის შემდეგ მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები და გემური თვისებები ეცემა. ადამიანი იმიტომ იკვებება, რომ სასარგებლო ნივთიერება მიიღოს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ საკვების რაღაც მოცულობა მიაწოდოს ორგანიზმს. ცხადია, საკვების ხარისხი როდენობით არ იზომება.

საგანგაშო ფაქტია, რაც “სპარში” დაფიქსირდა შოკოლადთან დაკავშირებით. ძვირად ღირებული პროდუქტია და თანაც, გაფუჭებული და საკვებად უვარგისი. ჩემი აზრით, არა მარტო ვადაგასულია, მისი ხრწნის პროცესიც არის დაწყებული. თანაც, როცა პროდუქტს უჩნდება მატლი, რომელიც გამოყოფს ტოქსინებს, ორგანიზმისთვის ეს ცალსახად საშიშია. არაფერიც რომ არ იყოს და დავაფიქსიროთ მხოლოდ ობი, ესეც ძალიან მავნებელია.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არ გამიკეთებია მონიტორინგი, მაგრამ მომხმარებელთა მხრიდან არის უკმაყოფილება ვადაგასულ პროდუქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის ჯანმრთელობა შესაძლოა, სერიოზულდ დააზიანოს”, – აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

მარი ჩიტაია
გაზეთი “რეზონანსი”