ჯორჯ სოროსმა ქონების 80% – 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ გადასცა

0
70
ჯორჯ სოროსმა ქონების 80% - 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ გადასცა

ამერიკელმა მილიარდერმა, 87 წლის ჯორჯ სოროსმა ქონების 80%, ანუ 18 მილიარდი დოლარი თავის ფონდს „ღია საზოგადოებას“ (Open Society Foundations) გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ფონდის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამგვარად, ჯორჯ სოროსის ფონდი აშშ-ში სიდიდით მეორე საქველმოქმედო ფონდი გახდა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის შემდეგ, რომელიც 44 მილიარდ დოლარს განკარგავს. ჯორჯ სოროსის ფონდის მართვის უფლება „ღია საზოგადოების“ საინვესტიციო კომიტეტს გადაეცა, რომლის თავმჯდომარე თავად სოროსია.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, სოროსი არ აპირებს ფონდისთვის გადაცემული თანხის ფინანსურ ბირჟაზე ვაჭრობისთვის გამოიყენოს, ამისთვის მას ცალკე სახსრები აქვს. ჯორჯ სოროსმა საქველმოქმედო საქმიანობა 1979 წელს დაიწყო. ის ფინანსებს აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავდა. 1984 წელს მან მშობლიურ უნგრეთში დააარსა ფონდი, რომელმაც უნივერსიტეტებში და ბიბლიოთეკებში ქსეროქსის აპარატები შეიტანა, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით. დღეს ფონდ „ღია საზოგადოებას“ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 40-ზე მეტი წარმომადგენლობა აქვს.

წყარო: 1tv.ge