აზიური ფაროსანას გამო, მოსახლეობას აგროსესხების გადახდის პრობლემა შეექმნათ

0
66
აზიური ფაროსანას გამო, მოსახლეობას აგროსესხების გადახდის პრობლემა შეექმნათ

2001 წელს მწერი ამერიკის 34 შტატში გავრცელდა, რამაც ქვეყანას 21 მლრდ დოლარის ზარალი მიაყენა

აზიური ფაროსანას პრობლემა გასულ კვირას კვლავ გააქტიურდა. მათი ახალი კერების გაჩენის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ფიქრს თუ როგორ მოაგვაროს აღნიშნული საკითხი და ამ მიმართულებით მოსახლეობის მაქსიმალურ თანადგომასაც ითხოვს.

აზიური ფაროსანა წარმოადგენს მავნებელ მწერს, რომელიც იკვებება მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად  2015 წელს  გამოჩნდა, თუმცა მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.  

მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.  თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას,  კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირას და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე. ასევე, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა).

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას აზიური ფაროსანა ვაკის პარკშიც შენიშნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა ვაკის პარკში აღმოჩენილ ფაროსანას და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს შესწავლა და იმ შემთხვევაში თუ ის აზიური ფაროსანა იქნება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

“აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, არ იკბინება და არ გადააქვს მავნებლები. შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურად იღებენ ზარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან აზიური ფაროსანას გამოჩენის შესახებ. ჩვენი თანამშრომლები გადიან ადგილზე, ამოწმებენ და ჩვენდა საბედნიეროდ, უმრავლეს შემთხვევაში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.

ფაროსანას სახეობა შემჩნეული იქნა ვაკის პარკშიც, ჩვენი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ იქ, სწავლობენ და შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, იყო თუ არა ის აზიური ფაროსანა. თუ ფაქტი დადასტურდება, მაშინ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს არ არის აზიური ფაროსანა. აზიური ფაროსანა საშიში მწერი არ არის, რადგან ის არ იკბინება, არ გადააქვს მავნებლები. რა თქმა უნდა, ქმნის უსიამოვნო გარემოს, მაგრამ საშიში არ არის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებებისთვის 4 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძირითადი თანხების მოზიდვას დონორი ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანა არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, ამ მავნებელს ებრძვიან ავსტრიაში, იტალიაში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და აშშ-ში. მისივე თქმით, აზიური ფაროსანა 2001 წელს გავრცელდა აშშ-ს 34 შტატში და ქვეყანას 21 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. ამერიკის შეერთებულ შტატებს მავნებელთან ბრძოლის 10 წლიანი გამოცდილება აქვს და მისი პოპულაცია შემცირებულია. მავნებელი ასევე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებშიც -იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და რუსეთში.

“აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს დონორ ორგანიზაციებთან, ბიუჯეტი ითვლება და ის იქნება საკმაოდ სოლიდური. თუმცა, კონკრეტულ თანხაზე საუბარი მხოლოდ დონორებთან შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობამ რისკები სწორად გათვალა და მიმდინარე წელს ყველა ღონისძიება მსოფლიოში ნომერ პირველი სპეციალისტების რეკომენდაციით განახორციელა, შეწამვლისას კი ნომერი პირველი წამალი გამოიყენა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა მრავალწლიანი იქნება და მასში თითოეული მოქალაქე უნდა ჩაერთოს”, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რომელიც მავნებლის გასანადგურებლად უკვე გატარდა. ხაზი გაუსვა, რომ წამლობის პროცესი ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ეს ყველაზე ეფექტური იყო. მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექტრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს აგრარულ სექტორს ფაროსანამ უკვე მიაყენა ზიანი. კერძოდ, ყველაზე მკვეთრად ზარალი თხილის მოსავალში გამოიხატა. “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას დაზარალებული მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მათი აგრარული ბიზნესის დაფინანსების ძირითადი წყარო საბანკო სესხია. აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის შედეგად სესხის უკან დაბრუნება პრაქტიკულად ურთულესი საკითხია. შედეგად, ეს ერთი შეხედვით ადამიანთათვის უვნებელი მწერი, შეიძლება ყველაზე დიდი თავისტკივილი გახდეს, რადგან იგივე აშშ-ს მაგალითი ნათლად გვიჩნვენებს მისი არსებობის სერიოზულ ზარალს. ასე რომ, ყველას, საზოგადოებას, ბიზნესს და პირველ რიგში სახელმწიფოს, ერთობლივი, ეფექტური მუშაობა მართებს აღნიშნული პრობლემების მოკლე პერიოდში მოგვარებისათვის.

ბაჩანა ჯინჭარაძე