“მჯერა, რომ რადიოქალაქი იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში”

0
42

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით მუხიანში, ეს არის ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით,10 ჰექტარზეა გადაჭიმული და სადაც ვგეგმავთ მრავალფუნქციური კომპლექსის – რადიოქალაქის პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის პრეზენტაციისას.

მისი თქმით, ეს იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით, სადაც ყველა თბილისელს და ყველა თაობის წარმომადგენელს კომფორტულგარემოში დასვენების საშუალება ექნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, თითო აგურს დავდებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში;მე მაქვს თითოეული თბილისელის იმედი და ჩვენ მხარდამხარ, აუცილებლად გავუმკლავდებთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.