„აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი სახსრებით განახორციელოს 3 პროექტი“

0
84
„აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი სახსრებით განახორციელოს 3 პროექტი“
„საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთში – შედეგები და მოლოდინები

საქართველოს დელეგაციამ, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი დაასრულა, რომელიც 20 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დელეგაციის წევრებმა პეკინში საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის ფინანსური და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში, სადაც დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის საქმიანობასა და მის ბაზაზე ახალი საფინანსო ინსტიტუტის ფორმირებაზე ისაუბრა. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. ვიზიტის შედეგებსა და მოსალოდნელ დივიდენდებზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ინტერნეტ ტელევიზია „პოსტვ“-ის ეთერში ისაუბრა.

-როგორ შეაფასებდით თქვენს ვიზიტს ჩინეთში? გამოიკვეთა თუ არა პოტენციური ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება?

– საკმაოდ ხანგრძლივი ვიზიტი გამოგვივიდა ჩინეთსა და კორეაში, სადაც ჯამში 20 დღე დავყავით. მე გახლდით 3 დელეგაციის ხელმძღვანელი. პირველი შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის მმართველი პარტიის მოწვევით 10 კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა 3 ქალაქში, სადაც ჩვენ გავეცანით ჩინეთის წარმატებებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებში. გამოსარჩევია ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი „ერთი გზა – ერთი სარტყელი“.

რაც შეეხება ინვესტორების მხრიდან კონკრეტულ დაინტერესებას, არის ასეთი ჩინური კომპანია ჩFჩ – ჩინურად „ხუასინი“, რომელიც დარეგისტრირებულია, როგორც შანხაის ყველაზე მსხვილი საწარმო და მთლიანი ჩინეთის მასშტაბით 5 ყველაზე მსხვილ კომპანიაში შედის. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით დივერსიფიცირებულ ბიზნესს აწარმოებს. კომპანიის მთავარი მიმართულება ენერგეტიკის სფეროა, თუმცა ძალიან ძლიერები არიან სოფლის მეურნეობის,  ინდუსტრიულ, ეკოლოგიურ პროექტებშიც. სწორედ ამ კომპანიასთან მოეწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათ „ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ 75% შეისყიდეს. „საპარტნიორო ფონდისა“ და „ხუასინის“ ურთიერთ თანამშრომლობა ამით არ სრულდება და ჩვენ სამომავლოდ აუცილებლად განვახორციელებთ პროექტებს ამ ზონის განვითარებისთვის.

ჩვენ გავცდით მემორანდუმის საფეხურს და 21 სექტემბერს ხელი მოვაწერეთ „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ „სინოშუარს“ შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. „სინოშუარი“ არის ჩინეთის ექსპორტის განვითარებისა და დაზღვევის სახელმწიფო კომპანია. ვერცერთი ჩინური კომპანია ერთი ცენტის ინვესტიციასაც კი ვერ განახორციელებს საზღვარგარეთ მათი თანხმობის გარეშე. ამ დროისთვის მათ 4.6 ტრილიონი ამერიკული დოლარი აქვთ გაცემული ქვეყნის საზღვრებს გარეთ ფუნქციონირებადი ჩინური კომპანიების დაზღვევაზე.  ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სწორედ „საპარტნიორო ფონდი“ იქნება „სინოშუარის“ კონსულტანტი. შესაბამისად, სწორედ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამას გარდა, განხორციელდა უზარმაზარი ინვესტიცია ჩაის ინდუსტრიაში. ასევე, ჩვენ ვამუშავებთ თანადაფინანსების მოდელებს კიდევ რამდენიმე ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად.

-თქვენ საუბარი გქონდათ კომპანიაზე, რომელიც ექსპორტის ხელშეწყობასა და დაზღვევაზეა ორიენტირებული. მიიღო თუ არა „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთის უმსხვილესი კომპანიისგან რეკომენდაციები კონსულტაციის ჭრილში?

– დავიწყებ იმით, რომ საქართველოში ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ჯერ ჯერობით მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს. მართალია, პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა, თუმცა ეს ბუნებრივია. მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გაითვალისწინონ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

რაც შეეხება საკონსულტაციო მხარეს, ჩინურ „სინოშუართან“ გაფორმებული ხელშეკრულების ერთი მთლიანი თავი სწორედ საკონსულტაციო საკითხებს ეხება. ჯერ ჯერობით მუშაობა არ დაწყებულა, თუმცა ორივე მხარემ უკვე შექმნა სამუშაო ჯგუფები და ნოემბრის პირველ რიცხვებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილება თუ როგორი მიმართულების უნდა განვითარდეს არსებული ურთიერთობა, განსაკუთრებით აღმოსავლური კომპანიების ჩვენი რეგიონის დაინტერესების კუთხით.

-თქვენ ისაუბრეთ ფოთის ინდუსტრიული ზონის შეძენაზე ჩინური მხრიდან, ასევე ჩინური მხარე წარმოდგენილია ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშიც. ამ ეტაპზე შესაძლებელია თუ არა ვისაუბროთ, იმაზე თუ რა ასახვას ჰპოვებს აღნიშული პროცესები მთლიან ლოჯისტიკურ ხაზზე?

-მოლოდინები, რა თმქა უნდა, ძალიან დიდია, თუმცა ამ მოლოდინებს სჭირდება კონკრეტიზაცია. რატომღაც ყოველთვის ჩნდება სურვილი და მოთხოვნა, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ერთ ან ორ თვეში დადებენ შედეგს, თუმცა ეს ასე არ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსგავს გიგანტს ეხება.

განსაკუთრებული დაკონკრეტებაა საჭირო პროექტზე „ერთი გზა – ერთი სარტყელი“. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ცდილობს ამ პროექტში ჩართვას. საქართველოს როლი და ფუნქცია ამ პროექტში ჯერ ჯერობით გამოკვეთილი არ არის. უახლოესი დღეების განმავლობაში მე მექნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა. უკვე შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი. ისინი უკვე ელოდებიან ჩვენი მოსაზრებების მოსმენას. აქვე მე ხაზი გავუსვი პრემიერი კვირიკაშვილი განცხადებას, რომ მთავრობა 2020 წლისთვის გეგმავს 10 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს ჩინური მხარის ხედვიდან. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩინურმა მხარემ უნდა მოგვცეს მითითებები, თუ როგორი მიმართულებით უნდა განვითარდეს პორტები, რკინიგზის პროექტი და ა.შ.   ამის კონკრეტიზაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამეთუ ეს ქვეყანას კიდევ უფრო დიდ ფუნქციას ანიჭებს უკვე ევროპული ქვეყნების გადმოსახედიდან.

-გვაქვს თუ არა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკთან განხორციელებული პროექტების დინამიკა და მიღებული რეზულტატები? განვითარდა თუ არა ეს თანამშრომლობა თქვენი ვიზიტის ფარგლებში და რა სარგებელს უნდა ელოდოს ქვეყანა?

-უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო გახლავთ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის ერთ-ერთი დამფუძვნებელი. რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, ამ ეტაპზე ბანკი გამოთქვამს მზადობას დააფინანსოს საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული 3 პროექტი. ერთ-ერთი მათგანია რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის პროექტი, რომლის განხორციელებაც დაახლოებით მილიარდ დოლართანაა დაკავშირებული. დანარჩენ 2 პროექტზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალურად არ არის მიღებული.

მართალია, კარგია როდესაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ძალიან გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი კრედიტი, თუმცა ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი დონის ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკუთარი სახსრებით განახორციელოს ინვესტიცია. ამ ეტაპზე სახელმწიფოს დარგობრივ სამინისტროებს ევალებათ და ძალიან გეგმაზომიერად ახორციელებენ პოლიტიკას, რაც კრედიტების მოზიდვას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდის“ მიზანი კი პირდაპირი ინვესტორების მოზიდვაა. ჩვენ კი მათი თანაპარტნიორები ვხდებით, რაც ერთგვარ გარანტად ითვლება. არის დარგები, რომლებშიც ქართული  მხარე ვერ შეძლებს ისე კვალიფიციურად განახორციელოს საქმიანობა, როგორც ამას უცხოური მხარე გააკეთებს. სწორედ ამიტომაა ინვესტორების პირდაპირი მონაწილეობა აუცილებელი.

-არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ კვლავ ვიხილავთ ჩინური მხარის მონაწილეობით ენერგეტიკული სფეროს განვითარებას, საუბარია მცირე ჰესების მშენებლობაში ჩადებულ ინვესტიციებზე?

– ბევრი მიზეზის გამო ენერგეტიკული სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია უცხოელი ინვესტორებისთვის. მაგალითად, ყველაზე დაბალ დანახარჯებთან დაკავშირებული ჰიდროენერგეტიკული რესურსით საქართველოს მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულია. ინტერესიც, შესაბამისად ძალიან დიდია. „საპარტნიორო ფონდის“ პოლიტიკა არ მოიცავს ამ სფეროში საქმიანობას, რადგან ჩვენი მიზანია ის დარგები დავაყენოთ განვითარების გზაზე, რომლებსაც მსგავსი პროგრესისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. სადაც არ ჩანს არც უცხოური და არც შიდა ინტერესები. ენერგეტიკის სფეროში დღეს დიდია ინტერესი როგორც ადგილობრივი ინვესტორებისგან, ასევე უცხოელებისგანაც, შესაბამისად კონკურენციაც დიდია. თუმცაღა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მასშტაბით, ასევე მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია ჩვენ მიერაა მოზიდული. საუბარია კორეული K ჭატერ-ის მიერ განხორციელებულ ნენსკრა ჰესის პროექტზე.

აქვე ერთ მნიშვნელოვან დეტალს დავამატებ,  საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო პორთფელი 2,5 მილიადრი დოლარის ოდენობისაა. ხოლო ჩვენ მიერ ინვესტირებული 300 მილიონია. ანუ, ჩვენ მიერ ინვესტირებულ თითოეულ დოლარზე 7-8 დოლარის მოზიდვა შევძელით სხვა წყაროებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც კომპანია ქვეყნის ბაზარზე შემოდის, ის ხედავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს. ასეთ ვითარებაში, კი ფონდის არსებობა ერთგვარი გარანტია, რომელიც მასშტაბური უცხოური ინვესტორების ნდობას იმსახურებს.