„საქართველოს ენერგეტიკა დღემდე კორუფციული სქემებით იმართება“

0
83
„საქართველოს ენერგეტიკა დღემდე კორუფციული სქემებით იმართება“
„2007 წლიდან დღემდე, ენერგეტიკის სამინისტროსთან დადებულ ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ ხარვეზები ვნახოთ“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე ზედმეტად გაბერილიადა კომპანიები „ენერგო პრო ჯორჯია“ და „თელასი“ საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებენ.

„ენერგეტიკოსი ვარ და ვიცი, რომ ტარიფების ზრდა არის აუცილებელი, მაგრამ ამ ეტაპზე ტარიფები მნიშვნელოვნად გაბერილია. საბაზისო ტარიფები, რომლებიც კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“  აქვს მინიჭებული, არასწორია. ასევე,  კომპანია „თელასს“ უნდა შეემცირებინა ტარიფი, როცა მისი საინვესტიციო პროგრამა დასრულდა, თუმცა არ შეამცირა. ის ვალდებულებები, რომლებიც ამ ორ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე გააჩნია, არ არის შესრულებული. ორივეს 100-100 მეგავატიანი ჰესი უნდა უნდა აეშენებინათ, მაგრამ არც ეს შეასრულეს. ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა არის ენერგეტიკის სამინისტროს და „სემეკის“ პრეროგატივა. როდესაც ეს ვალდებულებები გასაჯაროვებული იქნება მოთხოვნის შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ ტარიფების რეგულირება შემცირებისკენ წავა“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, ყველა იმ ხელშეკრულებას, რაც ენერგეტიკის სამინისტროს სხვადასხვა კომპანისთან აქვს გაფორმებული, გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რაც უნდა მოიხსნას: „2007 წლიდან დღემდე დადებული ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ არსებული ხარვეზები ვნახოთ. ყველა ეს ხელშეკრულება, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს მიერ არის დადებული, არის წამგებიანი. აქ იგულისმება ხელშეკრულებები „თელასთან“, „ენერგო პრო ჯორჯიასთან“, „ყაზტრანს გაზთან“, „გაზპრომთან. ყველა ამ ხელშეკრულებას გრიფი უნდა მოიხსნას.“

კითხვაზე, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას ტარიფების შემცირებას ჰპირდებოდა, ამ ხელშეკრულებებს გადახედა თუ არა, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ გადახედვა დაიწყეს და შეწყვიტეს.

„დაიწყეს გადახედვა. ამისთვის სპეციალური ჯგუფებიც შექმნეს, მაგრამ შეჩერდა. ივანიშვილის დაპირება ტარიფების შემცირების შესახებ რეალური იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ შემცირების ნაცვლად, გააძვირეს.“, – განაცხადა ენერგეტიკოსმა.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სამინისტროში ისევ წინა მთავრობის კადრები არიან, რომლებიც ძველი სქემით მუშაობენ, რის გამოც ტარიფები შემცირების ნაცვლად, იზრდება.

„გაზის ტარიფი რეგიონში ყველაზე ძვირია. ქვეყანა გაზს საზღვარზე რამდენად ყიდულობს, ესეც არ ვიცით, რადგან საიდუმლოა. ვიცით მხოლოდ ის, რომ საკმაოდ სერიოზული კორუფციული სქემებია. არსებობს საშუამავლო კომპანიები, რომელთა საშუალებითაც ხდება ტარიფის მატება. ამ სფეროში დიდი განუკითხაობაა. ეს სქემა წინა ხელისუფლების დროს სერიოზულად მოიფიქრეს და დღემდე მუშაობს. ენერგეტიკის სამინიტორში დღესაც ის ხალხია დასაქმებული, ვინც წინა მთავრობაში იყო. ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. მათ აწყობილ მექანიზმს ვინმე რომ შეეხოს, ბუნებრივია, არ უნდათ“, – განაცხადა თემურ ჭიჭინაძემ.

 

 

წყარო: კომერსანტი