“ვიდრე ქართველი ინვესტორები არ დააბანდებენ ფულს საქართველოში, არარეალურია შვეიცარიელს უთხრა აქ ჩამოვიდეს და ფული ჩადოს”

0
24

„ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო“, – ასე ეხმაურება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც კომერციული ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ეხება.

როგორც რომან კაკულიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ განაცხადა, თავის დროზე, როდესაც ჩაითვალა, რომ ბანკები საბაზრო ეკონომიკის ხერხემალია, მათთვის ბევრი შეღავათი დაწესდა, რის შედეგადაც ჩვენმა ბანკებმა მომსახურების თვალსაზრისით მიაღწიეს იმ სტანდარტს, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაშია. „შემდეგ იმის გამო, რომ დაფინანსების სხვა ალტერნატივები არ არსებობდა მოიტანა ის სიტუაცია, რაშიც დღეს ვართ. ჩემი თანამდებობის ადამიანს არ შეიძლება არ ესმოდეს ბანკის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. მაგრამ როდესაც ბანკი მოგების მოცულობაში ჯარიმებით მიღებული შემოსავალი უფრო მეტია, ვიდრე საბანკო საქმიანობით, ეს კარგი არ არის“, – განაცხადა კაკულიამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა დაიძლიოს, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ხვრელები არ უნდა დარჩეს, ძალიან მახვილი თვალია საჭირო.

„რატომ აბანდებენ ქართველი ინვესტორები ფულს შვეიცარიის ბანკებში? იმ დრომდე, ვიდრე ეს ადამიანები – ქართველი ინვესტორები არ დააბანდებენ ფულს საქართველოში, არარეალურია შვეიცარიელს უთხრა აქ ჩამოვიდეს და ფული ჩადოს. რატომ არ აბანდებენ ქართველები ფულს აქ – ამის რეალური მიზეზი უნდა დავინახოთ. ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მათ ჰქონდათ ბანკების შიში, რათა ისინი კონკურენციაში შევიდოდნენ. მშენებლობაში, რომ გინდა თანხის ჩადება და იცი, რომ ბანკს რამდენიმე კომპანია აქვს ამ ბიზნესში – მასთან სესხს ვერ აიღებ. ეს არ არის ბანკების წინააღმდეგ გალაშქრება, ეს არის რეალობის დანახვის მცდელობა. ამიტომ არაპროფილური აქტივების ფლობა კანონმდებლობის დონეზე უნდა განისაზღვროს, ამას მთელ მსოფლიოში ებრძვიან და საქართველო გამონაკლისი არ არის“, – განაცხადა კაკულიამ.

 

წყარო: commersant.ge