საბანკო ლობის როლი სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღებაში გამოიკვეთა

0
38
საბანკო ლობის როლი სასოფლო-სამეურნეო მიწის კანონპროექტის მიღებაში გამოიკვეთა
რატომ არ კეთდება მიწასთან დაკავშირებით ჩანაწერი კონსტიტუციაში

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისება კვლავ დღის წესრიგში დადგა. აღნიშნულ საკითხს, ანუ ქართული მიწების უცხოელებზე შესაძლო გასხვისებას დიდი პროტესტი მოჰყვა ქვეყნის მოსახელობის უმრავლესობის მხრიდან და საკონსტიტუციო განხილვების პროცესში, როდესაც მოქმედი ხელისუფლება მართავდა შეხვედრებს, მიწების უცხოელებზე არ გასხვისებაზე მოქალაქეების მხრიდან მუდამ კეთდებოდა აქცენტი.

შედეგად, 2017 წლის 16 ივნისს 87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

თუმცა, პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს ახალ პროექტს, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება. ასევე, იმ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა, საკუთრების განკარგვის უფლება დაუბრუნდეთ.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.

“უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა საკუთრების განკარგვის უფლება მიეცეთ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. აღნიშნული წინადადება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას დაისვა და ის სავარაუდოდ, კანონში აისახება.

მისივე თქმით, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვისგან კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც გათავისუფლდნენ.

”ეს ყველა იმ ბანკზე ვრცელდება, სადაც უცხოური მონაწილეობა – უცხოური ინვესტიცია და უცხოური კაპიტალია. ასევე პრინციპის დონეზე გავიზიარეთ შეთავაზება, რომ ეს შეღავათი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდეს იმ დათქმით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში, მას შესაბამის უფლებამოსილ პირზე – საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებენ. რაც შეეხება მიწებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ”განსაკუთრებულ შემთხვევებთან” მიმართებით, ეს ყოველდღიური, ჩვეულებრივი შემთხვევა არ იქნება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა და მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს. შესაძლოა რაღაც ინვესტიცია ხორციელდებოდეს და ამ ინვესტიციის განხორციელებისთვის საჭირო იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელისთვის გადაცემა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. გარდა ამისა, არიან საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები და პირობითად, მათ აქვთ სურვილი, შეიძინონ წინაპრების ადგილი ან სურთ, საქართველოში 2-ჰექტარზე ჰქონდეთ სოფლის მეურნეობა. მათ დღეს არა აქვთ მიწის შეძენის უფლება. ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა და მათ შეეძლებათ მთავრობას მიმართონ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ კომერციულ ბანკებს მიეცემათ შესაძლებლობა, დარჩეთ მიწის საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, თუმცა იმ პირობით, რომ ამ მიწას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე გაყიდიან.

“მინდა გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს.უპირველეს ყოვლისა, მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში.საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს კანონის ამოქმედებამდე დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე”. -ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ ფინანსური სექტორისთვის ამ უპირატესობის მინიჭება ხდება იმიტომ, რომ ფერმერებმა საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება შეძლონ.

“საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და, ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”, -წერს გიორგი კვირიკაშვილი.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ პრემიერი ქართული საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის და მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საბანკო ლობის ამოქმედების კვალს ხედავს.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის მორატორიუმის შესახებ პარლამენტის მიერ მომზადებული შესწორების პროექტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა პროექტი მორატორიუმის ფაქტობრივი ანულირების მცდელობად მიიჩნია, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, სხვადასხვა შიდა და გარე ძალები დგანან. მათ შორის, საბანკო ლობი.

რეაქცია იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა (პარლამენტართა ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე?!). მან დააზუსტა, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის, არ იქნება ამ კანონპროექტის მიღების შემდეგაც და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები, მისი აზრით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ბატონი კვირიკაშვილი ცრუობს. ამ საკითხზე პარლამენტართა მიერ მომზადებულ კანონპროექტში ეს დაფიქსირებული არ იყო, სავარაუდოდ, წინასწარი განზრახვით გამოტოვეს და მხოლოდ საზოგადოების პროტესტის შემდეგ თვით პრემიერი გახდა იძულებული განმარტება გაეკეთებინა. კანონპროექტი, რომლის დაცვა და დაზუსტება პრემიერს აჰკიდეს, არ ვარგა. ეს იყო ბანკების ლობის მიერ კანონმდებლობაში მიწების უცხოელებზე გაყიდვის შანსის დატოვების მცდელობა, რაც მიწის შესახებ სპეციალურ კანონში გაფორმდებოდა.

საზოგადოება შეცდომაში არ შეჰყავს ლადო პაპავას, პაატა კოღუაშვილს, არც მე და არც ბევრ სხვას, რომელთაც განსხვავებული აზრი გვაქვს. საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს – პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჯერ ქვეყანას ჰპირდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში აისახება უცხოელებზე მიწების გასხვისების აკრძალვა, მერე კი უარს ამბობს ამ დანაპირების შესრულებაზე. პარლამენტის თავმჯდომარე ბანს აძლევს – ამას ცალკე კანონში ავსახავთო. აი, ესაა სიცრუე და ორპირობა.

მე მოვითხოვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების – ჩეხეთის და ლიტვის გამოცდილებაზე დაყრდნობით ათი წლით, ანუ გონივრულად დასაშვები დროით, აგვეკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გაყიდვა. თუ მთავრობა ასე არ მიიჩნევს, კეთილი ინებოს, აიღოს პასუხისმგებლობა და დააკანონოს მიწების უცხოელებზე გაყიდვა.

ააა, უნდათ და ვერ ბედავენ? მაშინ სხვების დამუნათებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დადანაშაულებას თავი ანებონ. ამათთან შედარებით, გულწრფელები მაინც იყვნენ კახა ბენდუქიძე და მისი თანამოაზრეები – უნდა გავყიდოთო მიწებიც, ტყეები, მდინარეები და ტბებიცო – ამბობდნენ. და მართლაც, კერძო სექტორი ამ სიკეთეს უკეთესად მოუვლის, ვიდრე უთავბოლო სახელმწიფო. ჩვენი მთავრობა და პრემიერი თუ გაყიდვის მომხრენი არიან, თქვან. თუ არა, ეს კონსტიტუციურად დააკანონ.

ასე რომ, ვის შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და ვინ ატყუებს მას, საკითხავი აი, სწორედ ეს არის“, – აცხადებს ბერიძე.

ბაჩანა ჯინჭარაძე