მუხიანში ე.წ. ღამის ქალაქის – „შარდენის“ ანალოგიური სივრცის მოწყობა იგეგმება

0
62
მუხიანში ე.წ. ღამის ქალაქის - „შარდენის“ ანალოგიური სივრცის მოწყობა იგეგმება

თბილისში, მუხიანში, ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორიაზე ე.წ. ღამის ქალაქის მოწყობა იგეგმება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ”ქართული ოცნება” აღნიშნულ ადგილზე იმდაგვარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აპირებს, რაც ”შარდენის” ანალოგიური სივრცის განვითარებას შეუწყობს ხელს.

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბში არ ადასტურებენ, რომ ყოფილი რადიო-ქარხნის ტერიტორია ღამის კლუბებს დაეთმობა. თავად კალაძემ კი, გლდანში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს ადგილი ახალგაზრდების დასასვენებელ ადგილად იქცევა.

“მუხიანში მდებარეობს ყოფილი რადიო ქარხნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი რადიო ქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამ ადგილას ავაშენებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელ ადგილს, კაფე-ბარებს იმისთვის, რომ არამარტო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაისვენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ღამის ეკონომიკის და თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება დაასახელა.