შემცირებული ასორტიმენტი „კარფურში“ – რატომ აღარ იყიდება სუპერმარკეტში „ბორჯომისა“ და „სოფლის ნობათის“ პროდუქტები?

0
104
შემცირებული ასორტიმენტი „კარფურში“ - რატომ აღარ იყიდება სუპერმარკეტში „ბორჯომისა“ და „სოფლის ნობათის“ პროდუქტები?

„სუპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალებში უკვე ერთი თვეა „ბორჯომისა“ და „სოფლის ნობათის“ პროდუქტები აღარ იყიდება“. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მოქალაქეებმა აცნობეს.

„უკვე ერთი თვეა „კარფურის“ ქსელში „ბორჯომის“ და „სოფლის ნობათის“ პროდუქტები აღარ არის. მათ საყიდლად კიდევ სხვა მაღაზიაში მიწევს სიარული, რაც დიდი დისკომფორტია. „კარფურის“ პერსონალი კი ვერასდროს მპასუხობს, რატომ არ აქვთ აღნიშნული პროდუქტები და სულ იმას მეუბნებიან, რომ გათავდა,“-აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს „კარფურისა“ თუ „სოფლის ნობათის“ წარმომადგენლებთან აღნიშნული საკითხის გასარკვევად დაკავშირებას. კომპანია „ბორჯომში“ კი დაადასტურეს, რომ მართლაც ერთი თვეა მათი პროდუქტი აღნიშნულ სუპერმარკეტს აღარ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, სავაჭრო ქსელთან არსებული ხელშეკრულება გაუქმდა და ამ ეტაპზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის შეეძლებათ მოქალაქეებს სუპერმარკეტში მათი პროდუქტის შეძენა და აღნიშნავენ, რომ ეს მოლაპარაკების დასრულებაზეა დამოკიდებული.

„გიდასტურებთ, რომ „კარფურის“ ქსელს უკვე ერთი თვეა ჩვენი პროდუქცია არ მიეწოდება. ამ ეტაპზე „ბორჯომისა“ და კარფურის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ,“-აცხადებენ კომპანია „ბორჯომში“.

წყარო: bpn.ge