რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით

0
69
რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით

“პატიმრობის კოდექსში” ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, იქმნება ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; ამასთან, გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.

ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი უკვე ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი – 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით:

იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;
მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო;

ფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები;
დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;
დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ;

ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი მოინახულონ;

მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;

სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;
მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;

იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.

ამასთან, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან: გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.

 

წყარო: info9.com