თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმების ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო

0
14
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმების ამოქმედება 2022 წლამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებით, კანონმდებლობაში ახალი რეგულაციების იმპლემენტაციის ვადის გადაწევა მოხდება. შესაბამასი ცვლილებები – „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის 19 წევრია.

ცვლილებებით, საქართველოს მთავრობას ვალდებულება ექნება, სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, ასევე სტანდარტიზებული შეფუთვის თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის, ან განლაგების წესი 2017 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2022 წლის პირველ ივლისამდე დაამტკიცოს.

ამასთან, პროექტით, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის, ან განლაგების მომწესრიგებელი ნორმების ამოქმედების ვადად 2018 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ, რომ თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვები ეტაპობრივად განხორციელდეს, რათა ამ პროცესში მონაწილე პირებს საშუალება მიეცეთ განსხვავებულ ბიზნეს-გარემოსთან ადაპტირდნენ და საბიუჯეტო შემოსავლების მყისიერი დანაკლისი არ მოხდეს, რაც მოსალოდნელია არსებითი იყოს.

„მიზანშეწონილია, რომ თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადა გონივრული და ადეკვატური იყოს იმ საწარმოო პროცესების, რომლებიც კავშირშია თამბაქოს სტანდარტიზებულ შეფუთვასთან და რეგულაციის ზეგავლენის ეფექტის სრულყოფილად შეფასებასთან“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.