გვარამიამ უსაფუძვლო ისტერიკა მოაწყო და საკუთარ აბლაბუდაში გაეხვა

0
27
გვარამიამ უსაფუძვლო ისტერიკა მოაწყო და საკუთარ აბლაბუდაში გაეხვა

,,გულმავიწყობის დადებითი მხარე ის არის,რომ ერთი და იგივე რამისგან შეგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო”, – ფრიდრიხ ნიცშე.

გასულ კვირას ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკმაოდ ეპატაჟური პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც ფინანსთა სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას ბრალი დასდო იმაში, რომ თითქოს, ხელისუფლებამ ფინანსთა მინისტრის სახით ,,რუსთავი2-ის” კომერციული საიდუმლოება გააჟღერა. კერძოდ, საქმე იმაშია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ,,რუსთავი 2-სა” და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დავალიანების გადახდის გრაფიკთან დაკავშირებით.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ეკონომიკის განვითარება. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და, შესაბამისად, სხვა კონპანიებისგან განსხვავებით მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად “რუსთავი 2”-ს და ეს ეხება ყველას.

ბოლო პერიოდში მე მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია გადასახადების გადახდა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კონკურენტულ გარემოში და არაკონკურენტული უპირატესობა არ მიიღოს ვინმემ სახელმწიფოს მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ “რუსთავი 2″-თან მიღწეული იქნება გადასახადის გადახდის გრაფიკი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ძალიან მწვავედ გამოეხმაურა ნიკა გვარამია. მისი თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილმა უხეშად დაარღვია კანონმდებლობა. გარდა ამისა, გვარამიამ ფინანსთა მინისტრი კონკურენტებისთვის სასარგებლო თამაშშიც კი დაადანაშაულა.

,,ძალიან უხეშად იქნა დარღვეული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა და ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ბიზნესისთვის. ეს არის კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს მინისტრმა გააკეთა, შემთხვევითი არაა, რომ “იმედის” ეთერში გააკეთა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან, ცდილობდნენ სიუჟეტის გაკეთებას. სახელმწიფოსა და “იმედის” ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. “რუსთავი 2″ უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
აღნიშნული განცხადებების პინგ-პონგში მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორი. ერთი მხრივ, ნიკა გვარამიამ გასული წლის 29 დეკემბერს თავად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია `რუსთავი 2-ს~ სახელმწიფოს წინაშე დავალიანება ჰქონდა, რისთვისაც სხვათა შორის შემოსავლების სამსახურს მადლობაც კი გადაუხადა.

“დღეს უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ გვიდგას პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების და მათ შორის საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების. მოხსენით ყადაღა. ვერ შევასრულებთ, როგორც ჩანს, ჩვენ საგადასახადო ვალდებულებებს, ვიდრე ეს დავა არ მორჩება ან მანამდე წინმსწრებად ჩვენ ქონებას არ მოეხსნება ყადაღა”, – განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ 2016 წლის 29 დეკემბერს.

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 21 ივლისს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1# ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად: საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია.

ცხადია, ზემოთ მოყვანილი განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ,,რუსთავი 2-ს” საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამის წყარო არც მეტი, არც ნაკლები თავად კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია გვარამიას ასეთი უსაფუძვლო ისტერია და უაზრო განცხადებები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი თავის თავს კვალიფიციურ იურისტს უწოდებს. გარდა ამისა, ,,რუსთავი 2-ში” ისეთი იურისტები მუშაობენ, რომლებმაც ,,რუს ოლიგარქს” საერთაშორისო ასპარეზზე დემოკრატიის ბოლო იმედი, `რუსთავი 2~ კლანჭებიდან გამოგლიჯეს. შესაბამისად, ასეთ კვალიფიციურ ადამიანებს უნდა სცოდნოდათ რა განეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას და რა არის საჯარო ინფორმაცია – მაგრამ, არა! ნაგანათლებისმინისტრალი სტუდენტისთვის მთავარია ვინმეს ბრალი დასდოს და მორიგი გალაშქრება მოაწყოს ,,ანტი-დემოკრატიული”, ,,ტირანი” ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ასე უმოწყალოდ ჩაგრავს ,,გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას”.

აქვე, სასხვათაშორისოდ, ისე, უბრალოდ გავიხსენოთ თუ რა ტიპის პრაქტიკა იყო დაფუძნებული წინა ხელისუფლების დროს. იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც ნიკა გვარამია წარმოადგენდა. იმ ხელისუფლების დროს, როდესაც კონკრეტულად ,,რუსთავი 2-სთვის” და სხვა ხელისუფლების სატელიტი ტელევიზიებისთვის საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტულად ,,რუსთავის 2-სთვს” საგადასახადო ორგანო წლების მანძილზე გარკვეულწილად პარტნიორი იყო, რაც საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერაში გამოიხატებოდა.

,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თუ ოპოზიციურად განწყობილ მედიასაშუალებას სახელმწიფოს მიმართ თუნდაც ერთი ლარის დავალიანება ჰქონდა მაშინათვე სრული სიმკაცრით და სახელმწიფო მანქანის აბსოლუტური მობილიზაციის ფონზე ხდებოდა ტელევიზიებთან ,,ანგარიშის გასწორება”. რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს, მაშინდელი ჩინოვნიკები ამ ,,უწყინარ” აქტს, რასაც ამნისტიას არქმევდნენ არც მეტი, არც ნაკლები მედიაბაზრის განვითარების მოტივით ხსნიდნენ.

ალბათ, ყოფილ გენერალურ პროკურორს არ მოსწონს, როდესაც კონკურენტ ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში უწევს მუშაობა. ალბათ, გული სტკივა, როდესაც სამართლიანი კონკურენტული გარემო ზღუდავს ,,ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდის იარაღს, რაც, შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელების დამაბრკოლებელი ფაქტორია.

მერაბ მაისურაძე