“ესტონურმა მოდელმა” ესტონეთში თუ წარმატებას მიაღწია, არ ნიშნავს რომ ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებლად წარმატებული იქნება”

0
18

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თხოვნით სახელმწიფო ხარჯების შესახებ სპეციალური კვლევა მოამზადა. როგორც მსოფლიო ბანკის აბგარიშშია ნათქვამი 2018-2019 წლებში შემოსავლების კლებაა მოსალოდნელი და საბიუჯეტო დეფიციტმა შესაძლოა 4%-ს გადააჭარბოს. ამის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი სოციალური ხარჯები და ეგრედწოდებული ესტონური მოდელი, ანუ მოგების გადასახადის ცვლილება სახელდება. რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებაა საჭირო ფისკალური რისკების გასანეიტრალებლად და რა შედეგი მისცა ეკონომიკას ესტონურმა მოდელმა. ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაცემა ‘’ბიზნესკოდში’’ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა რატი აბულაძემ ისაუბრა.

– როგორც ავღნიშნე, მსოფლიო ბანკის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ესტონური მოდელის დანერგვით გამოწვეული დანაკლისი ბიუჯეტში მეტწილად დაკომპენსირდებოდა სხვა გადასახადების ზრდით და ეს დაარტყამდა მოსახლეობის გაჭირვებულ კატეგორიას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეფორმა განხორციელდა მსხვილი ბიზნესისთვის?

– უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის კონსტრუქცია დადებითი იმპულსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ მას რომ გვერდითი ეფექტებიც ჰქონდა, ამის ანალიზი არ იყო რთული. მსოფლიო ბანკმა ეს ყველაფერი ხმამაღლა წარმოაჩინა, რომელზედაც რეაგირება იყო შესაბამისი. ერთის მხრივ ქმედითი ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს ქმედითი ღონისძიება როგორი ეფექტებით იქნებოდა წარმოდგენილი სწორედ, რომ ასახვა ჰპოვა სხვადასხვა სეგმენტებზე. ფასების ზრდა, რომ გამოიწვევს მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას, ეს ბუნებრივია. ეკონომიკური პოლიოტიკის მექანიზმი უნდა დაბალანსდეს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი არ გაიზარდოს.

– საინტერესოა არსებობს თუ არა რაიმე შედეგები და სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ვიტყვით, რომ მოგების გადასახადის რეფორმამ დადებითი ან უარყოფითი გავლენა იქონია ?

– პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მიზეზი კი არის კვლევების არ ქონაში. ჩვენთან არის ტენდენცია, ჯერ ახორციელებენ პროექტს და შემდეგ იწყებენ მის კვლევას, ანალიზს და შეფასებას. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეფასებებს, საწყის ეტაპზე განიხილებოდა 2 მილიარდის დატოვება ბიზნეს სექტორში, შემდეგ 2 მილიარდ ნახევრის. გარკვეულწილად მას, რომ ეფექტი ექნებოდა ეს ბუნებრივია, მაგრამ საქმე იმაშია თუ რა დოზით და რა დონით. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ანალიზი და კვლევა გვიჩვენებს, რომ ამხელა მასშტაბებს იქ ვერ აღწევს.

– მსოფლიო ბანკის ნაგარიშში აღნიშნულია , რომ როდესაც ეს მოდელი განხორციელდა ესტონეთში საგადასახადო განაკვეთი იყო გაცილებით უფრო მაღალი. ის დანაკლისი რაც გაჩნდებოდა ბიუჯეტში, დააფინანსებდა საგადასახადო სისტემა. ხომ არ იყო ეს მესიჯი მსოფლიო ბანკის მხრიდან , რომ დაკორექტირდეს გადასახადების ზრდის მიმართულებით და შესაძლებლობა უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას იმის რომ მას ჰქონდეს ბერკეტი გადასახადების ზრდის, რათა მოსახლეობას არ დააწვეს წნეხად აქციზის გადასახადის ზრდა?

– ის ფაქტი, რომ ესტონურმა მოდელმა წარმატებას ესტონეთში მიაღწია, არ ნიშნავს რომ ჩვენს ქვეყანაშიც აუცილებლად წარმატებული იქნებოდა. მომავალში ყველა სფეროში უნდა შეიქმნას ქართულ;ი მოდელი, რომელშიც გამოყენებული იქნება სხვა ქვეყნის წარმატების ინგრედიენტები. ჩვენ განვსხვავდებით სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობით, ფასეულობებით, ბიზნეს აქტივობებით.

– დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ასევე საბიუჯეტო დეფიციტზე. გვეუბნებიან, რომ 2020 წლამდე  დაგეგმილი სამთავრობო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად შესაძლოა, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 4%-მდე გაიზარდოს, მაგრამ სამთავრობო გეგმა გვეუბნება, რომ 3%-მდე არის ნავარაუდები საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. როგორ შეიძლება დაბალანსდეს და განეიტრალდეს ეს ფისკალური რისკები?

– დასაშვები ნორმა კარგია, რომ 3 %-ში იყოს და 2020-ში იყო პროგნოზი, რომ ეს ციფრი შემცირებულიყო. გასათვალისწინებელია მსოფლიო ბანკის ერთგვარი რეკომენდაცია, რომელიც იმეორებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, სადაც პირველ პლანზე აქვთ წამოწეული განათლება, ინფრასტრუქტურა და მთავარი მმართველობითი ეფექტიანობის ზრდა. თუ შევხედავთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვნახავთ, რომ განათლებას და მეცნიერებას გაცილებით მეტი ეკონომიკური ეფექტი აქვს და სახელმწიფოსთვის მეტი უპირატესობის მომტანია. რათქმაუნდა კარგია, რომ მსოფლიო ბანკის თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დაკვეთასთან ერთად, აკადემიურ გარემოსთან თანამშორმლობაც იყოს აქტუალური და პრიორიტეტული იმიტომ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას ეხება და ყველას აქვს სურვილი ამ ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.