„ფრესკო“ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისათვის 2000 ლარით დაჯარიმდა

0
68
„ფრესკო“ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალისათვის 2000 ლარით დაჯარიმდა

კომპანია „ფრესკო“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის წარმოებისათვის 2000 ლარით დააჯარიმა. 

კომპანიას გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არსებული ჩანაწერების განადგურება დაევალა.

“ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ნამდვილად ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს სავაჭრო ობიექტების ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. მაშინ, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ წერია: “ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში. შესაბამისად, კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და დაევალა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შეწყვეტა, ასევე მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება.“ -აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ოთარ ჩახუნაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შპს “ფრესკო შოპინგ ცენტრის” მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის ყოფილმა თანამშრომლებმა გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ განაცხადეს. ინსპექტორის აპარატს განცხადებით მიმართა პროფკავშირებმაც.