რომელ გეოგრაფიულ არეალში დაურეგისტრირდება მოსახლეობას მიწა უფასოდ

0
39
რომელ გეოგრაფიულ არეალში დაურეგისტრირდება მოსახლეობას მიწა უფასოდ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტს იწყებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებში მოსახლეობას მიწა უფასოდ დაურეგისტრირდება. დაგეგმილია წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალზე კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ მფლობელობაში არსებული ნაკვეთების სრული რეგისტრაცია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესკოდში’’ პროექტის მენეჯერმა ელენე გრიგოლიამ ისაუბრა.

 

– რა არის სახელმწოფოს მთავარიო  მოტივაცია მაშინ, როდესაც ასეტი ტიპის პროექტს ახორციელებს?

– საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2016 წლის 1 აგვისტოდან მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ყოველგვარი ფინანსური, იურიდიული თუ ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიწის რეგისტრაციის პროცედურების განხორციელებას. რეფორმის ფარგლებში ბევრი ახალი მექანიზმი დაინერგა. ეს არის მედიაცია, დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტა. დღევანდელი მონაცემებით, უკვე 241 საქმე არის გადაწყვეტილი მედიატორის მეშვეობით და 170 000 რეგისტრირებული საკუთრების უფლება არის საჯარო რეესტრში. ეს არის 10 თვის განმავლობაში მიღებული შედეგი, რაც ცალსახად ასახავს რეფორმის დიდ წარმატებას.

– მეორე ეტაპი არის საპილოტო პროექტი, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ 12 საპილოტო არეალზე სისტემური რეგისტრაციის წესით განხორციელებას. ეს არის რეგისტრაციის ტიპი, როდესაც ინიციატორი არის თავად მოქალაქე და განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრს. საჯარო რეესტრი კი იწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას, იძიებს სხვადასხვა დოკუმენტაციებს სხვადასხვა უწყებებიდან. სისტემური წესით რეგისტრაციისას საჯარო რეესტრი თავად ახორციელებს ტექნიკურ საველე სამუშაოებს. სისტემურთან დაკავშირებით საჭიროა ჩამოვთვალოთ 12 არეალი. ეს არეალებია: კარალეთი, ჯიმითი, არბოშიკი, არხილოსკალო, სალხინო, მანგლისი, ზარიძეები, ვედითკალი, ლახამულა, საგურამო, მზისგული და შუახევი.

– რა დოკუმენტაციის წარმოდგენა არის საჭირო და სად უნდა მივიდნენ ეს ადამიანები?

– პროექტი არის 3 ფაზიანი და პროექტის პირველი ნაწილი იყო პროექტის პროცედურული განვითარება, როდესაც შეიქმნა მიწის სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, სადაც დეტალურად არის ახსნილი თუ როგორ უნდა განხორციელდეს სისტემური რეგისტრაცია. მეორე ეტაპი არის უშუალოდ პილოტ პროექტი და ამ ეტაპზე სისტემური წესით მოხდა შეგროვება ყველა უფლების დამდგენი დოკუმენტის. მოქალაქეს არ მოუწევს დამატებით დოკუმენტაციის წარმოდგენა. ტენდერის მეშვეობით შერჩეულია კომპანია, რომელიც მანგლისში ამ თვის ბოლოდან დაიწყებს საველე სამუშაოების განხორციელებას. კონტრაქტორი კომპანია უფლების დამდგენი დოკუმენტის ანალიზის საფუძველზე დააიდენტიფიცირებს მიწის ნაკვეთებს მესაკუთრეებთან მიმართებაში. მესაკუთრეებს კი მოუწევთ სწორად მიუთითონ მიწის საზღვრები და ასევე ხელი მოაწერონ განცხადებას, რითიც დადასტურდება მათი ნება რეგისტრაციასთან დაკავშირებით. თუ კი უფლების დამდგენი დოკუმენტი ინახება და სისტემური წესით მოძიებული გვაქვს, მაგრამ მესაკუთრე არ არის ადგილზე, ამ შემთხვევაში კეთდება ჩანაწერი საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირის შესახებ, რომელიც 3 წლის განმავლობაში არის ძალაში და მოქალაქეებს ამ ხნის განმავლობასი შეუძლიათ მოგვმართონ და დაირეგისტრირონ საკუთრების უფლება.

-პილოტური ფაზის ნაწილი არის ფართო მასშტაბიანი სოციალური მობილიზაციის კამპანია, რომელსაც GIZ აფინანსებს. ივლისის ბოლოს იგეგმება საპილოტო პროექტის ფორუმი, სადაც ჩართული იქნება როგორც კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც მუშაობენ მიწის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

 

ლევან ლაგვილავა