“აგროლეინს” ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე გააქვს

0
33
“აგროლეინს” ქართული ჟოლო და მოცვი ექსპორტზე გააქვს

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო “აგროლეინი” ყოველწლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს.

კომპანია ქართულ ჟოლოსა და ლურჯ მოცვს ყიდის როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე.

„აგროლეინს“ მოცვის ბაღი საკუთარ მიწაზე, 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. საწარმო 2016 წელს აშენდა და დღეს 30 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა ,ომპანია „აგროლეინი“ იმ წარმატებულ საწარმოთა სიაშია, რომლებმაც სახელმწიფოს ხელშეწყობით საერთაშორისო სტანდარტის საწარმოები შექმნეს.

“სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ და კომპანია „აგროლეინი“ ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები. ჩვენი სამინისტროს ხელშეწყობით, „აგროლეინის“ პროდუქცია დუბაიში აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017” იყო წარმოდგენილი. გამოფენა „Gulfood” საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილმა საწარმოებმა ქართული აგროსასურსათო პროდუქცია წელს პირველად წარადგინეს. ასეთი მასშტაბის გამოფენებში მონაწილეობა ქართულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ „აგროლეინის“ პროდუქციის ექსპორტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში წარმატებით ხორციელდება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.