“კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი და ქართული მიწები უცხოელებზე აღარ გაიყიდება”

0
24

მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მიღებული იქნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობას და სამთავრობო გუნდს შორის გამართულ კონსულტაციებზე.

”მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაფიო და მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი და მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს და მათი გაერთიანებების საკუთრებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის მიწის არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ახალი ჩანაწერი გახდება იმის გარანტია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის რესურსი არ გასხვისდეს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე და დაცული იქნება ეროვნული სტრატეგიული მიზნები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკვე შემოტანილია კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე დაჩქარებული წესით მიწები  არ გასხვისდება. კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება პოპულისტური არ არის და რეალურ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება.