რუსთავი 2–ის, იმედის და მაესტროს ყურება ფასიანი ხდება

0
8
რუსთავი 2–ის, იმედის და მაესტროს ყურება ფასიანი ხდება

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 6 ტელეარხის რეტრანსლირების უფლება, შესაძლოა ერთ კომპანიას მიენიჭოს. Media Rights Georgia ახლადშექმნილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დარეგისტრირდა. MRG-მ უკვე მიმართა საკაბელო კომპანიებს წერილით, რომ 1 ივნისიდან ტელეარხების: იმედი, რუსთავი 2, მაესტრო, GDS, კომერდი არხი, მარაო, – რეტრანსლირების უფლება მათ შესაძლოა შეუჩერდეთ, თუ ნებართვის მისაღებად MRG-ს არ მიმართავენ.

MRG-სგან წერილი საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა საკაბელო ოპერატორმა მიიღო. საკაბელოთა ასოციაციამ კი განცხადებით საქართველოს ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართა. ასოციაციაში განმარტავენ, რომ 1 კომპანიის მიერ 6 არხის რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლება სააბონენტო გადასახადს გაზრდის, თავისუფალი კონკურენციის პირობებს კი შეზღუდავს. კომისიაში აცხადებენ, რომ ასოციაციის განცხადების შესწავლა უკვე დაიწყო.

კომპანია ,,სილქნეტი” პირველი იყო ვინც  მომხმარებელს  პაკეტის ღირებულების შესაძლო გაძვირებაზე გააფთხილა.

“გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. რუსთავი 2, მაესტრო და იმედი აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება”, – ატყობინებს კომპანია საკუთარ აბონენტებს.

სხვა კომპანიებს ამის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ინფორმაცია მათაც სულ მალე გაავრცელონ და უახლოეს პერიოდში იმედის, რუსთავი 2–ის, მაესტროს, GDS–ის, კომერდი არხისდა მარაოს ყურება ფასიანი გახდეს.