ახალი წევრები ქართველ მილიონერთა კლუბში

0
24
ახალი წევრები ქართველ მილიონერთა კლუბში

დაპირებისამებრ, გთავაზობთ ქართველ მილიონერთა კლუბის ახალ ათეულს. ზოგი მათგანი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ზოგი ნაკლებად. რაც მთავარია, ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებას გავაცნოთ შეძლებული ადამიანები, დავეხმაროთ მათ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად, დარჩნენ საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად. დაძლიონ ის უფსკრული რაც ღარიბ ქვეყანაში წარმოიქმნება ხოლმე მილიონერებსა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ უმრავლესობას შორის.

ჩვენი ამოცანა, ისევ და ისევ ვიმეორებ, არის სიღარიბისა და სასოწარკვეთილების ფილოსოფია დავძლიოთ, სიმდიდრისა და კეთილდღეობის ფილოსოფიით. ამაში მდიდარ ადამიანებს თავიანთი წონადი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ზოგიერთი მათგანი ამას, ღიად თუ უჩინოდ, აკეთებს კიდეც. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ უფრო მეტი შეძლონ. ჩვენ არ გვყავს ბილ გეითსები და მარკ ცუკერბერგები, ბოლო 25 წელიწადში შეუძლებელი იყო ასეთი წარმატებული ადამიანების გამოჩენა, ახალი ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს ჯადოქრების. პოსტსაბჭოთა საქართველოში და რუსეთში, სადაც ქართველებმა ფული იშოვეს და გამდიდრდნენ, ბიზნესი კეთდებოდა ისე, როგორც კეთდებოდა. სამწუხაროდ, ხშირად, თუ კრიმინალური გზით არა, კანონის გვერდის ავლით. და დასავლეთმაც პოსტსაბჭოთა სივრცის მდიდრები მიიღო, ასე თუ ისე. ამიტომ, ქართულ საზოგადოებას მართებს არა მათი უარყოფა, მოკვეთა და დევნა, არამედ საზოგადოების სამსახურში ჩაყენება. მითუმეტეს, ისინი ამის წინააღმდეგნი არ არიან. შესაძლოა ჩვენში ცოტანი არიან აკაკი ხოშტარიას, დავით სარაჯიშვილის, ძმები ზუბალაშვილების ზნეობრივი სიმაღლიდან მოღვაწე ბიზნესმენები, მაგრამ არიან და ხელი უნდა შევუწყოთ მათი რაოდენობის ზრდას.

ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ პრინციპს, რომ ესა თუ ის პიროვნება მილიონერად არ გამოვაცხადოთ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის საფუძველზე.

ჩვენ დავეყრდნობით მათ მიერვე გასაჯაროებულ და დადასტურებულ მონაცემებს, უწინარეს ყოვლისა, ქონებრივ დეკლარაციებს, ,,ფორბსის”, რუსული ,,ფინანსი”-ს, ქართული კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებს. თუ ესა თუ ის პიროვნება არ დაეთანხმება ჩვენს ვერსიას, ვიღებთ ვალდებულებას, მომდევნო ნომერში უარვყოთ ინფორმაცია.

მილიონერებისთვის ძნელია თავიანთი რეალური სოციალური სტატუსის აღიარება. ჩვენი ინიციატივის გამო ზოგიერთები შეშფოთდნენ. ვფიქრობ, აქ შემაშფოთებელი არაფერია. თავისუფალ ქვეყანაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საწყის ეტაპზე, მდიდრებიც იქნებიან და ღარიბებიც. ამას უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ. მილიონერებიც საჯაროობის გონივრულ დონეს უნდა მიეჩვიონ. პოლიტიკური, ფინანსური და ბიზნეს-ელიტის შესახებ საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს – ვინ როგორ გამდიდრდა, ვის რა შესაძლებლობები აქვს და ზრუნავენ თუ არა ისინი საკუთარი ოჯახის წევრების გარდა, საზოგადოების კეთილდღეობაზე, ქვეყნის წინსვლაზე და განვითარებაზე.

მილიონერებისგან კი მხოლოდ ერთს ითხოვს საზოგადოება – არ გადამალონ თავიანთი ქონება და კაპიტალი ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, სადღაც ოფშორებში. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ყველას თავისი ქონება. ამავე დროს ყველა მათგანს უნდა ახსოვდეს, რომ მათგან საზოგადოება მხოლოდ ერთს ითხოვს – ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და ქველმოქმედებით მოიხადონ ვალი საზოგადოების წინაშე. ასე უფრო გაიოლდება ახალი საქართველოს აშენება.

გთავაზობთ ქართველ მილიონერთა კლუბის ახალი წევრების ვინაობას

ქართველ მილიონერთა კლუბის წევრები

გიორგი კაპანაძე
ბ&ფ-ს ანალიტიკური ჯგუფი