“ოპტიმიზაციის შედეგად რეგიონული განვითარების სამინისტროდან 15-17 ადამიანი გათავისუფლდა”

0
33

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 15-17 ადამიანი გათავისუფლდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტმა ზურაბ ალავიძემ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაცია -ოპტიმიზაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ შემცირება არ გაგვიკეთებია, არამედ გავაკეთეთ რეორგანიზაცია. ამ რეორგანიზაციის შედეგად მოგვიწია ადამიანებთან დამშვიდობება. მათ 2-3 თვის ხელფასები გადავუხადეთ, ღირსეული სარგო მიიღეს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უმეტესობამ სამსახური სხვაგან იშოვა და გააგრძელა”, – განაცხდა ალავიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ხარჯების ოპტიმიზაციას, მინისტრის განცხადებით, ეს ძირითადად მოხდა საწვავის, ადმინისტრაციული ხარჯების მიმართულებით, მათ შორის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირების კუთხით, ვიდრე ხელფასების მიმართულებით.

„ხელფასების კუთხით ჩვენ ოპტიმიზაცია, ფაქტობრივად, არ გაგვიკეთებია”, – დასძინა ალავიძემ.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაახლოებით, 15-17 ადამიანის გათავისუფლება მოხდა.

,,მაგალითად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ გვჭირდებოდა 40 ადამიანი და გვჭირდებოდა უფრო მეტი ინჟინერი”, – განაცხადა ალავიძემ.

ალავიძის თქმით, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მენეჯერი როგორც იღებს თანამშრომელს, ასევე ემშვიდობება. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე იყო.