სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს

0
29
სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს

სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ბანკის ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წელს დაფიქსირებული აქციზური გადასახადების ზრდამ ალკოჰოლურ სასმელებზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ და გაცვლითი კურსის გაუფასურებამ სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე (კერძოდ, საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების მატებამ ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა განაპირობა. შესაბამისად, უკვე 2016 წელს, ამ ეფექტის ამოწურვის შემდგომ წლიური ინფლაცია შემცირდა.

2016 წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი სუსტი შიდა მოთხოვნა იყო, რაც დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგს წარმოადგენდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების გარეშე გამოითვლება, მეტწილად იმეორებდა მთლიანი ინფლაციის ტრაექტორიას, თუმცა მისი დონე მთლიან ინფლაციასთან შედარებით მაღალი იყო, რასაც სურსათის ფასების ზრდის დაბალი ტემპი და საწვავზე ფასების შემცირება განაპირობებდა. სამომხმარებლო კალათაში ყველაზე მნიშვნელოვანი „სურსათის და უალკოჰოლო სასმელების“ ჯგუფია, რომლის წონა 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 31 პროცენტს შეადგენდა. 2016 წლის დასაწყისიდან სურსათის ინფლაცია მცირდებოდა და წლის მეორე ნახევარში ნულოვან ნიშნულთან ახლოს იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო კალათის 1/3-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქციას წარმოადგენს. 2016 წლის განმავლობაში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლის დასაწყისთან შედარებით ძირითადად მყარდებოდა; შედეგად, იმპორტირებული საქონელი წლის განმავლობაში საშუალოდ იაფდებოდა. თუმცა, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი წვლილი საერთო ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც წინა
თვეში ეს მაჩვენებელი -0.7 პროცენტულ პუნქტს უტოლდებოდა. ამ ცვლილებაში საწვავზე ფასების მატების წვლილი ყველაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, 2016 წლის დეკემბერში ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურდა, რამაც ასევე გარკვეული გავლენა იქონია ინფლაციის მატებაზე. ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია წლის დასაწყისიდან დეკემბრამდე მცირდებოდა, რაც შეიძლება ზემოხსენებულ საბაზო ეფექტს და სუსტ შიდა მოთხოვნას დავუკავშიროთ.